გამარჯობა, ძმაო ერიკ!

გაზეთებში წავიკითხე, რომ ევროპის ჩემპიონატს არ ესწრები და ასე გითქვამს, დიდი რამეც არის ეგ თქვენი ევროპის ჩემპიონატი, ფეხბურთელები დაიღლებიან და მერე თავის ჩემპიონატებს და ევროთასებს ხეირიანად ვეღარ ითამაშებენო.

შევიტყვე, ასევე, რომ კუნძულზე წასულხარ დასასვენებლად და ერთ-ერთი გაზეთისთვის შენი სახელი და გვარი დაგიტოვებია – საფეხბურთო სტატიებს წააწერეთო.

თუმცა, რივიერაზე გაემგზავრე, თუ სადმე სხვაგან, ეგ აღარ ვიცი, ამიტომ ამ წერილს „ოლდ ტრეფორდის“ მისამართზე გწერ. სანამ ჩემპიონატი დამთავრდება, წერილი მაინც ვერ ჩამოაღწევს და მერე შენც ჩახვალ მანჩესტერში და იქ დაგხვდება.

ჰო, ახლა, რატომ გწერ წერილს. მინდა ერთი გვარიანად შევუკურთხო მწვრთნელებს და ამით შენი ჯიგარიც დავწო.

მაგრამ მანამდე ჩვენებურად უნდა მოგიკითხო: HOW ARE YOU IN YOUR FAMILY? ბავშვები როგორ არიან? რაც მთავარია, მინდა გთხოვო, რომ რომელიმე პაპარაცო არ გალახო. მახსოვს შარშან სულ წიხლები ურტყი ერთ აბეზარ ფოტორეპორტიორს.

ახლა კი საქმეს მივხედოთ.

ძმაო ერიკ,

თუ შაბათს ტელევიზორს უყურე, ნახავდი იმ გუნდს, შენ რომ ვერ მოხვდი და ეგებ გეცინებოდა კიდეც, ვითომ რა მოუგონია ემე ჟაკეს ისეთი, შიგ რომ კანტონა ვერ ჩაეტევაო. ნახავდი რომ არაფერი. მე თუ მკითხავ, კანტონა ისე არ წაიქცევა, კარამბეს, ტურამის და დეშამისდენი ერთმა არ გასწიოს.

მაგრამ ამაზე ნუ სწუხარ. ესპანელები, შენს თანამოძმეებს რომ ეთამაშებოდნენ, ასევე კამეჩთა გუნდად ქცეულან, რადგან კლემენტეს დე ლა პენია და რაული არ წაუყვანია, ჩემს დონეს ვერ გაქაჩავენო. თურმე ამავისკა ქაჩავს.

ეგეც არ იდარდო. მეორე თამაშია. ფოგთსს ბასლერი არ გამოჰყავს – ესეც სქემა-ტაქტიკათა მომიზეზებით. ვენეიბლზი პლატსა მალავს, ხოლო ამ ოხერმა ჰიდინკმა ედგარ დევიდსს ჩემოდნები ჩაალაგებინა, შენ რაები გილაპარაკნია გუშინო.

და არიგო? ბაჯოო, ბიჭო ერიკ, ბაჯო ბიჭებსა ბორკავს და ხელს მიშლისო, ვიალიზე მეტი თმა მე შემრჩა და როგორ ვათამაშოო. ეგეც რომ არ იყოს და მთლად დუბლები გამოჰავს, თუმცა დი ლივიო და ფუზერი, სიმართლე გითხრა, ჩემთვის ერთია.

ჰო, კიდევ, მე თუ მკითხავ, ბარმბის, ისევ ბერდსლი სჯობს და ინგლისის ნაკრებში ვინც „ტოტენჰემელი“ და „ნატოტენჰემარია“, სულ ტყუილადაა იქ, მაგრამ რას იზამ, ვენეიბლზი ხომ „ტოტენჰემის“ მწვრთნელი იყო და ეს ბიჭები აღზარდა.

ერთი ესეც მითხარი, რა მოუგიათ ან ჟაკეს ან კლემენტის როგორც მწვრთნელებს. შესარჩევი ტურნირი? ეგ ისეთი რამ არის ნორვეგიასაც რომ მოუგია.

და ახლა მე გეტყვი – ამათ ეშინიათ შენნაირი ხალხის. პრობლემებია ბევრი. ჯორკაეფისთანა ცუცურმა ბიჭი ურჩევნიათ, დინო ბაჯო ურჩევნიათ რობერტო ბაჯოს. ვითომ ლიდერი და ვითომ ვარსკვლავი ხალხი.

ფეხბურთს მეფური მიხრამოხრის ხალხი სჭირდება, რადგან სამოცი წლის მარადონა სჯობს 20 წლის ბიჭების არმიას, რომლებსაც თმა კი დაუყენებიათ, მაგრამ საფეხბურთო ჟინი არა აქვთ.

არა, როგორ არა აქვთ, მაგრამ ეს თმაშევერცხლილი ბატონები ართმევენ. აბა წელს რომ იეროს უყურებდი კლუბში და ახლა რომ უყურებ, ერთიდაიგივე კაცია?

ერთმა მითხრა, ევრო-96 მწვრთნელების შეჯიბრი გამოდისო, კლემენტეებს და ჟაკეებს გადაუწყვეტიათ, რომ ფეხბურთი თვითონ არიან, რადგან ეგენი ისეთები გახლავან, რომ სახელებისა, აკი გითხარი, ეშინიათ.

ფეხბურთი კი ფეხბურთელია. უბრალოდ, სტადიონზე გვარის გამოცხადებამაც კი ჟრუანტელი უნდა მოგგვაროს…

ეს განა მე მოვიგონე? ჩემი გულისთქმაც იყო, მაგრამ შაბათს ჩვენი უბნის დიდ-დიდ ქომაგებთან მოვხვდი და ერთადა ვბჭეთ.

ასე რომ, დიდად ნუ იდარდებ ერიკ, მზეს მიეფიცხე და ლიგებისთვის ემზადე. შენი ფეხბურთი არავის სჭირდება ახლა ლოკაობაა მოდაში.

მოკითხვით, გოგია.

P.S. ძირს მწვრთნელთა „პრაიზვოლი!“

18.06.1996

 

წილი
წინა სტატიაჩემპიონობა ხვალამდე გადაიდო
შემდეგი სტატიადაგეძებ და ვერ გპოულობ…
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.