ფილიპე კოუტინიუ მოლაპარაკე კაცი არ არის. ის თავშეკავებულია, ცოტა მორცხვი და გატკეპნილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, თავისი სათქმელის მოედანზე თქმა ურჩევნია, თუმცა კარს მომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბრაზილიურ ESPN-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ამინარიდებიც კატალონიურმა „სპორტმა” შემოგვთავაზა.
კატალონიური გამოცემა „ბარსელონას” ფეხბურთელის ინტერვიუდან ბრაზილიის ნაკრებთან დაკავშირებულ ფრაგმენტებს რომ არ ამოკრეფდა, ცხადია. „სპორტისთვის” საინტერესო საუბრის ნაწილი თავიდან ანდრეს ინიესტას გაცილებას შეეხო.
„ყველამ კარგად იცის, თუ რამხელა ძალაა ინიესტა მოედანზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მოედანს მიღმა ის დიდებული პიროვნებაა. როდესაც „ბარსელონასთან” კონტრაქტი გავაფორმე ანდრესი პირველი იყო კეთილგანწყობის მესიჯი რომ გამომიგზავნა. ეს მესიჯი იმ მომენტში ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. მან წარმოუდგენელი თვითრწმენა შემძინა.
ბუნებით ის კაცი გახლავართ, ვარჯიშებზე ყველაფერს რომ აკვირდება და სწავლას ცდილობს. „ლივერპულში” სტივენ ჯერარდს არ ვაცილებდი თვალს, ხოლო „ბარსელონაში” ინიესტას შევცქეროდი, რადგან ის უდიდესი გამოცდილების ფეხბურთელია, რომელსაც თამაშის სრულიად უნიკალური სტილი აქვს. „ბარსას” თამაშის რიტმს სწორედ ინიესტა განსაზღვრავდა. ვცდილობდი მისგან რაც შეიძლება მეტი მესწავლა. ისევე როგორც ლეო მესისგან”.
მესიზე საუბრისას კოუტინიუმ გაიხსენა როგორ შეხვდა მას პირველად ლუის სუარესის მოწყობილ სადილზე: „ლუისი და ლეო ძალიან ახლო მეგობრები არიან, მე და ლუისი კი „ლივერპულიდან” ვიცნობთ ერთმანეთს. ჰოდა, ჩვენი შეხვედრა ლუისმა მოაწყო.
ლეოს გვერდით ყოფნა ცოტა მანერვიულებდა. ეს იგივეა, რაც „ლივერპულში” ჯერარდის გვერდით ჯდომა. ვუყურებდი მესის და ვფიქრობდი: შენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, მაგრამ აგრეთვე კარგი ადამიანიც ჩანხარ და აი, აქ სრულიად მოსვენებული ზიხარ.
შინ რომ დავბრუნდი ცოლს ვუთხარი: „კარამბა! მე დღეს მესისთან ერთად ვისადილე. და ჩვენ ორივემ გავიცინეთ”.
შემდეგ, კოუტინიუმ თქვა, რომ „ბარსაში” მისვლით ძალიან კმაყოფილია.
„იმედი მაქვს, რომ აქ ბევრ წელიწადს დავრჩები და რაც შეიძლება მეტ ტიტულს მოვიგებ. როდესაც პირველად გავიგე, რომ ჩემი შეძენით „ბარსელონა” იყო დაინტერესებული გავიფიქრე, რომ ეს სწორედ ის გახლდათ რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ნამდვილად ასე იყო, ამას ვერ უარვყოფ. ჩემი უდიდესი კერპი რონალდინიო გახლდათ და აი, შანსი მეძლეოდა იმ გუნდში მეთამაშა, სადაც ის თამაშობდა”.
შემდეგ კოუტინიუს „ბარსაში” ჩატარებულ პირველ ვარჯიშზე ჰკითხეს. მან უპასუხა: „ძალიან გამაოცა ვარჯიშის ხარისხმა. მივხვდი, რომ აქ თუ ჩავიკარგებოდი, მერე თავის გამოჩენა გაჭირდებოდა.
თამაშით კი „ბარსა” სხვანაირად თამაშობს. ხანდახან ვერც კი ვხვდები რა უნდა გავაკეთო, ტემპი ავწიო თუ პირიქით, დავაგდო. ამას დრო, ვარჯიში და გამოცდილება მოიტანს”.