ალვარო მორატა, რომელიც გასულ ზაფხულს „ჩელსიმ” 65 მილიონ გირვანქად იყიდა, პაპარაცებმა „იუვენტუსის” სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან ერთად მილანში გამოიჭირეს. ესპანელი შარშან „რეალში” ცოტას მათამაშებენო და ლონდონში გაიქცა, მაგრამ პირველი პრემიერლიგური სეზონი ჩაუვარდა და ეტყობა ახლა სერია A-ში ეძებს შვებას.
ამბობენ, რომ მორატათი „მილანიც” არის დაინტერესებული, მაგრამ 25 წლის თავდამსხმელს „იუვეში” ორი წარმატებული სეზონი აქვს გატარებული და ამიტომ გულიც ალბათ უფრო ტურინისკენ მიუწევს.
მორატა და პარატიჩი მილანის სასტუმრო „ოტელ პალაცო პარიჯის” წინ მარტონი არ იყვნენ, ფეხბურთელის აგენტიც ახლდათ. „ჩელსი” ფორვარდს რასაკვირველია გაყიდის, რადგან ცალკე „ბაიერნისგან” რობერტ ლევანდოვსკის შეძენაზე ფიქრობს, ცალკე დორტმუნდელ კრისტიან პულიშიჩს უმიზნებს და ცალკე „მანჩესტერ უნაიტედისგან” ანტონი მარსიალი უნდა, მაგრამ ამისათვის საჭიროა იტალიელებს ადექვატური თანხა გამოართვას. მორატას მომავალი შეიძლება კიდევ იმაზე იყოს დამოკიდებული წავა თუ არა ლონდონიდან ანტონიო კონტე.
მწვრთნელის გარდა „ჩელსიდან” შეიძლება ედენ აზარი, ტიბო კურტუა და ვილიანიც წავიდნენ — პირველს „რეალი” ეპატიჟება, მეორეს „პარი სენ ჟერმენი”, ხოლო მესამეს „მანჩესტერ იუნაიტედი”.