სერხიო რომეროს ცოლმა თქვა, რომ მის ქმარს, რომელზეც გუშინ გაცნობეთ რომ დაშავდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს, სინამდვილეში არც ისე ცუდად აქვს საქმე. ორიოდ კვირას თუ წაიმკურნალებს, პირველი თამაშისთვის მზად იქნებაო.
არადა, „მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარის მძიმე ტრავმის შესახებ თავად არგენტინის ნაკრების ოფიციალური ტვიტერი წერდა: მარჯვენა მუხლი დაიზიანა და მის რუსეთში გამგზავრებას აზრი არ აქვსო. ელიანა გუერსიოს კი დაუჩემებია სერხიო ისლანდიასთან თამაშს თავისუფლად შეძლებს, უბრალოდ, მტრები გვყავს და ჭორებს გვივრცელებენო.
არგენტინულ ტელეშოუ „ლოს ანხელეს დე ლა მანიანაში” გამოსვლისას გუერსიოს ქალმა თქვა: „სერხიოს მოტეხილი არაფერი აქვს. ექიმებმა უთხრეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგად იქნება. ტრავმას ორ, მაქსიმუმ სამ კვირაში მოიშუშებს, მაგრამ მის მონდომებას და დამოკიდებულებას რომ ვუყურებ, პირველი თამაშისთვისაც კი იქნება მზად. სამწუხაროდ, მისი ნაკრებიდან გაგდება ბევრ ადამიანს უნდა. ტყუილი თქვეს, ფეხი მოიტეხაო. ამ ყველაფრისგან ძალიან დავიღალე. ვერ გეტყვით ეს ხალხი, სულელია, ლაჩარია, ბოროტია თუ სწორი ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ კარგი მიზანი რომ არ ამოძრავებთ, ფაქტია”.
არგენტინის ნაკრებს 16 ივნისს ისლანდიასთან ელის პირველი შეხვედრა. თამაში მოსკოვში გაიმართება.