წარსულში დიდმა გერმანელმა ვარსკვლავმა ლოთარ მათეუსმა „შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა გააკრიტიკა. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა რეკორდმაისტერს მისი გაყიდვაც კი ურჩია.

„ერთი ხანია მნიშვნელოვან შეხვედრებში ტიაგო საკვანძო როლს ვეღარ თამაშობს. მისი თამაში მაინც მომწონს, მაგრამ ესპანელი იმის აჩრდილია, რაც ადრე იყო. ბოლო კვირების განმავლობაში კი მან ძალიან გამიცრუა იმედი. არ ვიცი სად დაფრინავს ფიქრებით. ასეთი თამაშით ის „ბაიერნის” ფეხბურთელობის ღირსი არ არის. ამიტომ, თუ რომელიმე კლუბი მასში შესაფერის თანხას გადაიხდის, „ბაიერნი” გაყიდვაზე უნდა დაფიქრდეს “, — თქვა ფიფას ვერსიით 1991 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ალკანტარას პოზიციაზე ბავარიელებს ხამესის, მიულერის ან გორეცკას გამოყვანა შეეძლებათ.