ესპანეთის ნაკრებს ბევრი მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევს. არის თუ არა „ლა როხა” „რუსეთი 2018″-ის მომავალი გამარჯვებული ამას დრო გვაჩვენებს, ახლა კი ხულენ ლოპეტეგის მიერ შეკრებილი გუნდის თავისებურებებს და საინტერესო ფაქტებს გადავხედოთ.

 

ესპანეთის ნაკრებშს რუსეთში ეყოლება მხოლოდ ექვსი ფეხბურთელი, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ჩემპიონატში არ თამაშობენ. ესენი არაინ: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), პეპე რეინა (ნაპოლი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), ნაჩო მონრეალი (არსენალი), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი) და დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი).

„ლა როხას” სარუსეთო შემადგენლობის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია სერხიო რამოსი, რომელსაც ნაკრებში 151 თამაში აქვს ჩატარებული. გამოცდილების თვალსაზრისით მას დიდად არ ჩამოუვარდებიან ანდრეს ინიესტა (125), დავიდ სილვა (119), სერხიო ბუსკეტსი (100) და ჟერად პიკე (96). 

ყველაზე გამოუცდელები კი არიან ლუკას ვასკესი (5), როდრიგო მორენო (4), ალვარო ოდრიოსოლა (2) და კეპა არისაბალაგა, რომელსაც თავისი ქვეყნის მთავარ გუნდში ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ უთამაშია.

ლოპეტეგის 23 კაციანი სიიდან ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი დავიდ სილვას აქვს გატანილი — 35. ის ბავრად უსწრებს ანდრეს ინიესტას (14), სერხიო რამოსს (13) და ისკოს (10). 

რვა მოთამაშეს „ლა როხას” მაისურით ჯერ გოლი არ გაუტანია. ესენი არიან: სესარ ასპილიკუეტა, დანი კარვახალი, ნაჩო, ალვარო ოდრიოსოლა, კოკე, საულ ნიგუესი, ლუკას ვასკესი და მარკო ასენსიო.

ესპანეთის სახელით რუსეთს 12 კლუბის წარმომადგენელი გაემგზავრება: „რეალს” ნაკრებში 6 ფეხბურთელი ჰყავს, „ბარსელონას” — 4, მადრიდის „ატლეტიკოს” — 3. დანარჩენი 10 გუნდი გახლავთ: „მანჩესტერ იუნაიტედი”, „მანჩესტერ სიტი”, „ნაპოლი”, „ბილბაო”, „ჩელსი”, „არსენალი”, „რეალ სოსიედადი”, „ბაიერნი”, „სელტა” და ვალენსია”.

ქვეყნის ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „ლა როხაში” ყველაზე მეტი ფეხბურთელით დედაქალაქი, მადრიდია წარმოდგენილი: დავიდ დე ხეა, პეპე რეინა, დანი კარვახალი, ნაჩო და კოკე. ბარსელონელი სამია — ჯორდი ალბა, ჟერარდ პიკე და სერხიო ბუსკეტსი. სესარ ასპილიკუეტა და ნაჩო მონრეალი კი ნავარელები არიან. დანარჩენი ფეხბურთელები სათითაოდ წარმოადგენენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს.

ესპანეთის ნაკრების 23 კაციან სიაში სამი ფეხბურთელი უცხოეთიდან არის: ტიაგო ალკანტარა ეთნიკურად ბრაზილიელია, მაგრამ იტალიაში, კერძოდ ბრინდისის პროვინციაში, ბარისთან ახლოს არის დაბადებული. დიეგო კოშტა და როდრიგო მორენო კი ბრაზილიაში, ლაგარტოსა და რიო დე ჟანეიროში არიან დაბადებულები.

„ლა როხას” ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია 38 წლის პეპე რეინა, ყველაზე ახალგაზრდა კი 22 წლის მარკო ასენსიო.