რა მიკელ არტეტა, რის მიკელ არტეტა… უნაი ემერი! აი, ვინ გახდება „არსენალის” ახალი მწვრთნელი და ეს ამბავი დღეს-ხვალ ოფიციალურად გამოცხადდება.

არადა, „მეთოფეთა” შეფები გასულ კვირაში თავიანთი გუნდის ყოფილ კაპიტანს შეხვდნენ და ყველაფერზე გაურიგდნენ. ესპანელს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ საქმე მოგვარებული იყო, მაგრამ შაბათ-კვირას ხსენებული შეფები გაიტრუნენ, ორშაბათს კი პარიზი-ლონდონის თვითმფრინავს სხვა ესპანელი, უნაი ემერი ჩამოჰყვა და პირდაპირ „არსენალის” ოფისისკენ აიღო გეზი. ოფისში მას მოელაპარაკნენ და როგორც ირკვევა შეუთანხმდნენ. „როგორც ირკვევა” იმიტომ ჩავურთეთ, რომ ამ წამისთვის ზოგი დეტალი შესაძლოა მთლად ბოლომდე არ არის შეთანხმებული, მაგრამ „მირორი” წერს, მაქსიმუმ 48 საათში ახალი თავკაცის პრეზენტაცია შედგებაო.

„სანმა” კი როგორც სჩვევია, „არსენალის” კულისებში ვიღაც საქმეში ჩახედული გამოჩხრიკა და ინფორმაცია დასცინცლა. „ვიღაცამ”, რომელმაც ამ ინფორმაციის სანაცვლოდ სავარაუდოდ კარგი ფული აიღო თქვა: „ემერიმ „არსენალის” ფეხბურთელების, მათი ტრავმებისა და კარიერის შესახებ ისეთი რაღაცები იცოდა, რომ კლუბის ვეტერანმა თანამშრომლებმა გაოცებისგან პირი დააღეს. არავის ჰქონდა წარმოდგენა სად და როგორ დააგროვა ესპანელმა ეს ცნობები, მაგრამ ყველანი აშკარად დაჰიპნოზებულები ისხდნენ”.

ხოლო მიკელ არტეტასთვის, რომელიც „მანჩესტერ სიტიში” პეპ გვარდიოლას ასისტენტია, მოვლენების ასეთი შემობრუნება რასაკვირველია, დიდი დარტყმა იქნებოდა. თავად განსაჯეთ, მოლაპარაკებული იყო, რომ არტეტა ლონდონელებთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებდა და წელიწადში 4 მილიონ გირვანქას მიიღებდა.

„არსენალი” თავს იმით იმართლებს, რომ ადრევე ჰქონდა ნათქვამი, სანამ ყველა კანდიდატს არ გავესაუბრები, გადაწყვეტილებას არ მივიღებო. ლონდონელთა ბოსებმა ისიც თქვეს, ემერის პირველად ახლა კი არ დავკავშირებივართო, მაგრამ ინგლისური პრესა საპირისპიროს იხსენებს — სულ ახლახან, გასულ კვირაში, „პარი სენ ჟერმენიდან” რომ მიდიოდა, ემერი აცხადებდა, რომ „არსენალთან” კონტაქტი არასდროს ჰქონია.

ინგლისური პრესა იმასაც ამბობს, უნაი ემერიმ ინგლისური არ იცისო, მაგრამ „არსენალმა” რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათო.

ამის შემოწმებას კი წინ არაფერი უდგას. პირველივე პრეს-კონფერენციაზე გამოჩნდება.