ესეც ცხრა – ტოჩინოშინის მორიგი მსხვერპლი დაეისიო შეიქნა და ქართველი კვლავაც დაუმარცხებელი ლიდერია.
თხუთმეტიოდე წლის წინ ვინ იცოდა საქართველოში, რა ხილია სუმო?
გაკვალა გზა კოკაიმ (ლევან ცაგურიამ), გაიყოლა კვალში ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი). ჰოდა, უკვე იმდენად ჩვენი გახდა სპორტის ეს სახეობა, თითოოროლა მოგებას აღარ ვკმარობთ.
30 წლის ლევან გორგაძეს კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ქართველმა გოლიათმა ოძეკის ტიტული უკვე დაიბევა – დარჩენილ ექვს შერკინებაში ერთი მოგებაც იკმარებს.
ახლა უკვე ტურნირის მოგებაზეა საფიქრალი. ტოჩინოშინმა აქამდე ყველა მეტოქე მოსრა და უკეთესის მოლოდინი არც სხვებს უნდა ჰქონდეთ.
საქართველოში სუმოს პოპულარობამ უკვე სხვა ეტაპზე გაგვიყვანა. ფუნქციონირებს ფედერაცია, რომელსაც სათავეში ლევან ცაგურია უდგას; ჩამოყალიბდა სუმოს მოყვარულთა კლუბი, სულ ახლახანს კი დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის მიზანიც სპორტის ამ სახეობის ბაზაზე ახალგაზრდული სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ჩამოყალიბებაა. კიდევ უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ აღნიშნული შპს-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი „სარბიელი“ გახლავთ.