რიო ფერდინანდი დარწმუნებულია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” შეუძლია მეტოქეები საჯარიმოს მოედანთან მიაჯაჭვოს, მაგრამ ჟოზე მოურინიუ ფეხბურთელებს უკან დგომას აიძულებს — ასეთია პორტუგალიელის ფილოსოფია.
პეპ გვარდიოლამ, რომლის „მანჩესტერ სიტიმ” თანაქალაქელები პრემიერლიგაში მთელი 19 ქულით ჩამოიტოვა, ამ სეზონში „კარაბაოს“ თასიც მოიგო — მოკლედ „იუნაიტედს”, რომელიც დღეს ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსის” ხვდება, ალალად აჯობა.
39 წლის ფერდინანდი აღიარებს, რომ წინა სეზონთან შედარებით მისმა ყოფილმა გუნდმა წინ წაიწია — რაც ცხრილში აისახა, „იუნაიტედი” მეორეზე გავიდა, — მაგრამ მისი აზრით მოურინიუ ვალდებულია გუნდი ისე გაწვრთნას, რომ თავდამსხმელებმა, რომლებშიც დიდძალი ფულია გადახდილი, შეტევაში გაცილებით მეტად გამოიჩინონ თავი.
ყოფილი ცენტრალური მცველი ამბობს: „ქაღალდზე დღევანდელი „იუნაიტედი” არავისზე ნაკლები არ არის. გვარებით რომ შეადარო მანჩესტერის ორი გუნდის თავდამსხმელებს შორის დიდი სხვაობას ვერ ნახავთ: ალექსის სანჩესი, მარკუს რეშფორდი, რომელუ ლუკაკუ, ჯესი ლინგარდი და ანტონი მარსიალი სანეს, რაჰიმ სტერლინგის, ჟესუსის და სერხიო აგუეროს წინააღმდეგ. გამოდის, რომ „სიტის” 19 ქულიანი უპირატესობა იმის ბრალი არ არის, რომ უფრო ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავს. ეს ამ მოთამაშეების უკან მდგომი მსოფლმხედველობის ბრალია. აქ გადამწყვეტია, რა წებოთი არიან ისინი შეერთებულები, ამაში კი „სიტი” „იუნაიტედს” ჯობია”.
ფერდინანდმა დაცვაზეც ილაპარაკა. მან თქვა: „შემდეგ სეზონში მოურინიუს 19 ქულის სამუშაო აქვს შესასრულებელი. ეს ძნელი იქნება. ვფიქრობ, ჟოზე თავის უკანახაზელთა ოთხეულშიც უკეთ უნდა გაერკვეს. მან აქამდე ვერ განსაზღვრა ცემტრალურ მცველთა ყველაზე მისაღები წყვილი ან შესაძლოა ვერაფრით მიაღწია მოედანზე იმას, რაც გონებაში აქვს და ამიტომ ატრიალებს და ატრიალებს ვარიანტებს. არადა მტკიცე დაცვის ცენტრი ჯილდოების მოსაგებად მნიშვნელოვანია”.