ახლაღა გაირკვა: „ბარსელონას” ყოფილი ამომავალი ვარსკვლავი ბოიან კრკიჩი, რომელსაც სიყმაწვილეში ზოგი მომავალ მესისაც კი ეძახდა თურმე წლობით ავად ყოფილა: შფოთვის სინდრომი ეძალებოდა და რაღა თამაშზე იქნებოდა ასეთ დროს ლაპარაკი. 27 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ „გარდიანთან” ინტერვიუში სწორედ ამაზე ილაპარაკა და დაუნდობელი საფეხბურთო სამყაროც მკაცრად გააკრიტიკა.

„ადამიანის პრობლემებზე დაფიქრება არავის სურს. ფეხბურთს ადამიანი არ აინტერესებს”, — თქვა კრკიჩმა, რომელიც 2007-11 წლებში „კამპ ნოუზე” თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ ყოფილმა გერმანელმა ფეხბურთელმა პერ მერტესაკერმაც ჩამოხსნა ნიღაბი პროფესიონალი ფეხბურთელების უშეღავათო ცხოვრებას. თურმე მერტესაკერი მთელი კარიერის განმავლობაში, მატჩის დღეებში, გულისრევით და კუჭის აშლილობით იტანჯებოდა. როდესაც შეხვედრის დაწყებამდე წამები რჩებოდა, სპაზმი ეწყებოდა, გულისრევის ძლიერი შეგრძნება ეუფლებოდა.

ეს იყო 2010 წელს…

კრკიჩის მდგომარეობას კი უარესიც შეიძლება ვუწოდოთ. ის იგონებს: „2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე შიშის გამო არ ვიყავი, თუმცა გამოაცხადეს, რომ შვებულებაში გავედი. ნაკრებში პირველი თამაში საფრანგეთთან უნდა მეთამაშა, მაგრამ ვერ შევძელი, საჯაროდ კი ითქვა, რომ კუჭ-ნაწლავის ანთება შემეყარა. ფეხბურთის ფედერაციაში ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც მიძახებდნენ ნაკრებში. ვეუბნებოდი რომ არ შემეძლო, წამლებზე ვიყავი, აშლილობის ზღვართან ვიდექი, მეორე დღეს კი ვხედავდი სათაურებს: კრკიჩი გამოიძახეს, ხოლო მან უარი თქვა. ეს მთრგუნავდა. თითქოს არ ჯეროდათ, რომ მართლა ცუდად ვიყავი”.

ასეთი დაავადების მიუხედავად ბოიან კრკიჩმა „ბარსელონას” გარდა ითამაშა „მილანში”, „რომაში”, „აიაქსში”, „მაინცში”, „სტოკ სიტიში”, საიდანაც „ალავესშია” განათხოვრებული.