„ლივერპულის” ფანები უკმაყოფილონი არიან — ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ საზეიმო აღლუმის გეგმები ისე ვერ ეწყობა როგორც მათ უნდათ. რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ „რეალს” დაამარცხებენ და თასს მოიგებენ.
გეგმა კი ასეთია: „ლივერპულმა” 26 მაისს კიევში უნდა გაიმარჯვოს, ხოლო მეორე დღეს, 27-ში, კვირას, ქალაქში, გულშემატკივართა გასახარად თასი ჩამოატაროს. მათდა სამწუხაროდ, ამ აღლუმს ვერ უსწრებენ გუნდის ყველაზე თავგადაკლული ქომაგები, რომლებიც „წითლებთან” ერთად უკრაინის დედაქალაქში იქნებიან. აღმოჩნდა, რომ კიევიდან ლივერპულში პირდაპირი რეისები არ დაფრინავს. თუ ვინმეს შინ დროულად დაბრუნება უნდა, ინგლისისკენ ისეთ დროს უნდა აიღოს გეზი, თამაში ჯერ დამთავრებული რომ არ იქნება. გამოდის, რომ ის ფანები, რომლებიც ფინალს სტადიონზე დაესწრებიან, ლივერპულში კვირას საღამომდე ვერ მოხვდებიან, ამ დროს კი აღლუმი ჩავლილი იქნება — ფეხბურთელები ხომ თასს შინ კერძო რეისით ჩაიტანენ.
აღლუმის მარშრუტი წესით ასეთი უნდა იყოს: გუნდმა თასი ღია ავტობუსით მდინარე მერსის გასწვრივ უნდა ჩამოატაროს და ბოლოს საკონცერტო დარბაზ „ოლიმპიასთან” მივიდეს. მაგრამ, აქაც პრობლემაა. შემდგომ უქმეებზე ქალაქში ორი სხვა ღონისძიებაა დაგეგმილი — დიდი რეგატა და ბორდოს ღვინის ფესტივალი, რაც იმას ნიშნავს, რომ თასის სვლა-გეზში ვერ შევა ტრადიციული ადგილები: „ქუინზ დრაივი”; ისტორიული ნაგებობა წმინდა გიორგის დარბაზი, რომელიც ცენტრში მდებარეობს და რომელშიც კონცერტები იმართება ხოლმე და „ენფილდი”.
მერმა ჯო ანდერსონმა, რომელიც „ევერტონის” გულშემატკივარია, თქვა, რომ „ლივერპულის” გამარჯვება ყველა ქალაქელისთვის, მიუხედავად იმისა „ლურჯია” თუ „წითელი”, დიდი მოვლენა იქნება და მართალია, 27 მაისი სხვა ღონისძიებებით არის დატვირთული, ლივერპული მას მაინც ღირსეულად აღნიშნავს.