სულ ერთმანეთზე მცოდნე ხალხი იძახდა, კონფერენციის ფინალში „გოლდენ სტეიტის“ და „ჰიუსტონის“ დაჯახება ამერიკული კალათბურთის ისტორიაში ყველაზე თვალსასეირო გამოდგებაო.
ობიექტურად, „გოლდენ სტეიტი“ უფრო ძლიერია სტივ კარით, კევინ დურანტით და საერთოდ – მკვლელი ხუთეულით, რომელსაც ხანდახან უნდა მისცე ამოსუნთქვის საშუალება.
მეორე მხარეს შეშლილი ჰარდენია, რომელიც 30 ქულას, ალბათ, გათოკილიც გადასცდება. ჰო, გვერდშიც ჯილა ბიჭები ჰყავს, მაგრამ მთავარი „რაკეტა“ ეგ არის.
პირველ შეხვედრაში „გოლდენ სტეიტმა“ მისსავე მოედანზე მასტერკლასი ჩაუტარა მეტოქეს და როგორც ჩანს, საკუთარ თავსვე ავნო. ზედმეტად თავდაჯერებულმა ჩემპიონებმა მეორე შეხვედრა ზედიზედ ხუთი დაკარგვით დაიწყეს, კერიმაც ვერ იყოჩაღა და მარტო დურანტი ჰიუსტონელებს ვერ ეყო.
სერიის ანგარიში 1:1-ია. მთავარი სანახაობა წინ არის და თუ გურმანი ხართ უნდა უყუროთ: რამდენადაც ცხადია, ორი დიდი გუნდი თვეების განმავლობაში სწორედ ერთმანეთთან საომრად ამზადებდა ტაქტიკას.