„სანმა” ექსკლუზიურად დაადგინა, რომ რობერტ ლევანდოვსკი ფარულად შეხვდა თავის აგენტს, ცნობილ პინი ზაჰავის და მასთან „ბაიერნიდან” წასვლის ვარიანტებზე ილაპარაკა. 29 წლის პოლონელმა მიუნხენის გუნდს უკვე შეატყობინა, რომ მიდის, მისი შეძენის მსურველი კი ორია — „ჩელსი” და „რეალი”.

„ბაიერნს” ლევანდოვსკის გაშვება არ უნდა, მაგრამ სავარაუდოდ მოუწევს. წესით თავდამსხმელს ბავარიაში კიდევ სამი წელიწადი უნდა გაეტარებინა, მაგრამ „სანის” პაპარაცებმა გადაიღეს, როგორ შედიან ის და ზაჰავი მიუნხენის მოდურ რესტორან „იზაკაიას აზიურ სამზარეულოში”.

მიუნხენიდან წასვლის „ოპერაცია” ლევანდოვსკიმ ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო, როდესაც ათი წლის შეხმატკბილებულ მრჩეველს ჩეზარი კუხარსკის დაცილდა და ზაჰავისთან გადაბარგდა. 74 წლის ებრაელი აგენტი „ჩელსის” შეფებთან არის ახლოს. ამბობენ, რომ ნეიმარის „ბარსელონადან” „პარი სენ ჟერმენში” 200 მილიონ ევროდ გადასვლის უკანაც ზაჰავი იდგაო.

ლევანდოვსკიმ, რომელიც „ბაიერნამდე” „დორტმუნდში” თამაშობდა, სეზონი 29 გოლით დაასრულა და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

იმთავითვე ბევრს ლაპარაკობდნენ ლევანდოვსკის მიმართ „რეალის” ინტერესზე. მადრიდელებს თავდამსხმელი სჭირდებათ — ქარიმ ბენზემამ ვერ იყოჩაღა, ლა ლიგაში მხოლოდ ხუთი გოლი შეაგდო. თავიდან მადრიდელები „ტოტენჰემისგან” ჰარი კეინის ყიდვას ფიქრობდნენ, მაგრამ ახლა შეეგუენ იმ ფაქტს, რომ ლონდონელები თავიანთ ფორვარდს არ გაყიდიან და საჭირო კაცის სხვაგან მოძებნა მოუწევთ. ლევანდოვსკი კი შესაფერისი ფიგურა ჩანს.

ბენზემასი და „რეალის” არ იყოს, ამ სეზონში „ჩელსიში” ვერც ალვარო მორატამ გაამართლა ანუ ახალი თავდამსხმელი „ლურჯებსაც” ჭირდებათ. პინი ზაჰავი კი, როგორც გითხარით „ჩელსის” ოფისის კარს თავისუფლად აღებს.

და ამ ყველაფრის ფონზე ცოტა ყურს ჭრის „ბაიერნის” ერთ-ერთი დიდი შეფის კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაბეჯითებული ტონით ნათქვამი, რომ „ლევი” არსადაც არ წავა:

„დაე ნურავინ ინერვიულებს რობერტ ლევანდოვსკისა და „ბაიერნის” ურთიერთობაზე. ჩვენ ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ და კარგად ვიცით, ვინ გვყავს მისი სახით. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ხანგრძლივი კონტრაქტი გვაკავშირებს. თუ მას ათასში ერთხელ გოლი ვერ გააქვს, ეს პრობლემა არ არის”.