მოკრივის ნაამბობი
იყო ასეთი დრო, არცთუ დიდი ხნის წინათ. სლაი, ამერიკის თეთრ ლეგენდას ქმნიდა. ის ქმნიდა ისტორიას თეთრკანიანი მოკრივის, როკი ბალბოას შესახებ. სლაი, იგივე სილვესტერ სტალონე, თითქოს სარინგო ვაჟკაცობის უკანასკნელ დიდ მითს თხზავდა მსოფლიოსთვის.
ამბავი ფილადელფიის, მარადიული სიყვარულის ქალაქის ჭუჭყიან ქუჩებში იწყებოდა. მერე კი როკი ბალბოას ამერიკის დროშის ფერებით გაწყობილი ტრუსები ეცვა. მერე როკი ბალბოას ძეგლს ქალაქის შუაგულში დგამდნენ. ეს იყო საოცრად მეტყველი, საუცხოოდ გათამაშებული საკრივო ისტორია. ამბობდნენ, რომ როკი ბალბოას შორეული პროტოტიპი როკი მარჩიანოა, მის მოწინაღამდეგესა და მეგობარს აპოლო კრიკს კი მუჰამედ ალის თვისებები შეუძენია. აქ არის ფილადელფიის საკრივო სარდაფები, აქ არის სათნო მეუღლე და მხიარული შვილი. ბრძენი მოხუცი მწვრთნელი (რომელიც ასევე დიდ საკრივო მოძღვართა სახელებს გაგვახსენებს) და აქ არის ნაძველბიჭარი მასაჟისტი. ეს ძველი, თბილი და ამაღელვებელი ისტორიაა.
„როკის“ პირველ სამ ფილმს, მეოთხე, ანტისაბჭოურიც მოჰყვა და თითქოს ისტორიაც დასრულდა, გამარჯვებულმა ბალბომ რინგი მიატოვა და მშობლიურ ქალაქში დაიდო ბინა ოჯახთან ერთად. მაგრამ განა მოკრივეს შეუძლია ადამიანურად იცხოვროს? განა შეუძლია თავის მილიონებს გაუფრთხილდეს? კვლავ ფილადელფიის ჭუჭყიან გარეუბანს ვხედავთ, ტყავის ქურთუკსა და შავ შლაპაში გამოწყობილი როკი ღარიბ მოქალაქედ ქცეულა. ვერავინ გაიგებს, როკი კაცსა და როკი ქანდაკებას. გადამდგარი ჩემპიონი კი თავისავით თეთრ ბიჭს იპოვნის და ჩემპიონად აქცევს. მაგრამ ჰეი, განა კრივს მხოლოდ ოსტატობა ჰყოფნის? მოწაფე, რომელსაც ტომი განი ჰქვია, მოძღვარს შრომას არ უფასებს და როკიც ქუჩაში არკვევს ურთიერთობას სულმდაბალ შეგირდთან. როკი ბალბოა, დიდი თეთრი მითი, ღარიბი, მაგრამ გამარჯვებული რჩება.
ასეთია მეხუთე „როკის“ შინაარსი. ჩვენთვის კი ის უნდა იყოს საინტერესო, რომ როკის შეგირდს ნაღდი და პოპულარული მოკრივე ტომი მორისონი ასახიერებს. ტომი მორისონი ტომი განის როლში.
ეს მოგონებაც ტომიმ დაწერა.
ალბათ, საინტერესოა, როგორ თამაშობენ მოკრივენი მოკრივეებს.
მე, როკის წინააღმდეგ
“ჯეკსანვილში უნდა მეჩხუბა დეივ ჯეკოუს წინააღმდეგ, ეს იყო 1989 წლის სექტემბერში, ფლორიდის საუცხოო ამინდების ჟამს. ჩემმა ერთ-ერთმა მენეჯერმა ბილ კეიტონმა სასტუმროში დამირეკა და მითხრა, რომ სერიოზული საქმე აქვს. დაბლა, ბარში ჩავედი და ბალმა ის წერილი ააფრიალა, „ემჯიემ“-ის სტუდიიდან რომ მიეღო. მე არც ვიცოდი და ჰოლივუდის ხალხთან დაახლოებულ ბილს ჯერ კიდევ ზაფხულში შეეტყო, რომ სილვესტერ სტალონე „როკის“ მეხუთე ფილმს იღებს და მოკრივეს ეძებს ერთ-ერთი მთავარი როლისთვის. ბილს ჩემი ბრძოლები და ინტერვიები ერთ კასეტაზე გადაეწერა და „ემჯიემში“ გაეგზავნა, ახლა კი პასუხი მოსულიყო – ეგ ბიჭი ჩვენსას ჩამოვიდეს გასინჯვაზეო.
არც კი ვიცოდი რა მეფიქრა, ძალიან ამაღელვა ამ ამბავმა. ეგეც არ იყოს და, არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ გამაჩნდა. რად მინდოდა იმ ჰოლივუდელ ხალხთან შერცხვენა და უაზრო ბლუკუნი?
ბილმა ისიც მითხრა, რომ როლზე 850 კაცი გასინჯესო და ყველა დაიწუნეს. ამის შემდეგღა გადაწყვიტეს, რომ ნამდვილი მოკრივე ეპოვნათ. კულტურისტები, ბერძნულ ღმერთებს დამგვანებული ხალხი, ნამდვილი მსახიობები დაიწუნეს და ბურდღუნა ტომი მოეწონებოდათ?
ჯეკოუსთან ბრძოლის შემდეგ შინ, კანზას-სიტიში დაბრუნება მქონდა განზრახული, მაგრამ დილითვე დამირეკეს ჯექსონვილში და გამომიცხადეს ლოს ანჯელესში უნდა ჩამოფრინდე სალაპარაკოდო. ამან მთლად ამათრთოლა, მაგრამ ტლინკების ყრას ხომ არ დავიწყებდი?
იქ რომ ჩავფრინდი, „ბევერლი ჰილს ჰოტელში“ მომცეს ბინა და „როკის“ რეჟისორი ჯონ ევილდსენი მეწვია. სტალონე „ტანგო და კეშის“ გადაღებებს ასრულებდა და არ ეცალა. ევალდსენმა არც აცია, არც აცხელა, დიდი რვეული მომაჩეჩა და მიბრძანა, ხმამაღლა წაიკითხეო.
მერჩივნა მოვმკვდარიყავი.
კითხვა დავიწყე და მერე რეჟისორმა მითხრა, აბა ახლა გამოთქმით წაიკითხეო.
„კარგი, კარგი“, წავიბურტყუნე მე და რაღაც სულელური ინტონაციით დავიწყე კითხვა. ბევრი სიტყვის მნიშვნელობა არც კი მესმოდა.
მეგონა, რომ რაღაც გამომივიდა. მაგრამ კანზას-სიტიში რომ მოვფრინავდი, მტკიცედ მჯეროდა, რომ არ ამიყვანდნენ. თუმცა, ჰოი საკვირველებავ და ორ კვირაში სამსახიობო ოსტატობის მასწავლებელი არ გამომიგზავნეს? კიდევ ორ კვირა ოფლი ვღვარეთ, მეც და იმანაც, თუმცა, ეს კაცი კმაყოფილი დარჩა.
ოქტომბრის თვეში ფინიქსში ვიბრძოლე ჰარი ტერელის წინააღმდეგ, ოფლი არც შემშრობოდა, რომ უკვე თვითმფრინავში ვიჯექი და ლოს ანჯელესისკენ მივფრინავდი – იქ სასინჯი გადაღებები მელოდა.
იქ პირველად შევხვდი სილვესტერს, პირველად ვითამაშე მასთან ერთად და პირველად ვიდექი კამერების და ილუმინატორების წინ. ერთი სცენა გავითამაშეთ და ვიფიქრე რომ ურიგოდ არ გამომივიდა. ორ კვირაში დამირეკეს, მილოცვით დაიწყეს და მითხრეს: „თქვენ სამუშაო მიიღეთ“.
მსახიობობა კრივს ჰგავს, რაც უფრო მეტს თამაშობ, მით უფრო მოგდის მუღამი.
პირველი სცენა, რომელიც გადავიღეთ დიდი საჩემპიონო ჩხუბისა იყო, დარბაზში 15 ათასი კაცი შეეყარათ და ისინიც ბღაოდნენ, წიოდნენ და კიოდნენ. მე უპირატესობას ვგრძნობდი სხვებთან შედარებით, რადგან ეს დადგმული გარემო ჩემთვის ჩვეული იყო. ხალხთან გაჩვევამ ხელ-ფეხი გამიხსნა და კარგადაც გავისარჯე.
სტალონე ნაღდი ჯენტლმენი გამოდგა. „ტანგო და კეშის“ სტუდიის დასათვალიერებლად წამიყვანა და თან ჩემმს ორთაბრძოლებზე მიამბობდა. ძალიან გამიკვირდა – თურმე რამდენიმე მათგანი ნანახი ჰქონდა.
მე ვუთხარი, რომ ბიჭობაში მისი ფან კლუბის წევრი გახლდით და „როკი“-ს ცნობილი, შვიდდოლარიანი პლაკატი საწოლთან მქონდა გაკრული. მან არ დაიჯერა, არადა, მართლა უცნაური იყო, ცხოვრებაში ხომ ბევრი საინტერესო რამ ხდება?
როკი სახალხო ჩემპიონი იყო. ის უსწავლელი ფილადელფიელი ბიჭი გახლდათ, ერთი – მილიონიდან ისეთი, უბანში რომ ჰყვებიან, თავისით გაიტანა თავიო. როცა ის იგებდა, მეგონა, რომ მეც ვიმარჯვებდი. სასაცილოა, მაგრამ კრივში ვარჯიში რომ დავიწყე ათი წლისა ვიყავი. ერთ თვეში კი „როკის“ პირველი ფილმი გამოვიდა. ამ ფილმის ნახვის შემდეგ მოსვენება დავკარგე, „როკი IV“ რომ ვნახე კინოთეატრში, გულს ველური განცდები შემომეჯარა, მომინდა, მეც ასევე მევაჟკაცა ვიღაცის წინააღმდეგ, გამიმართლა.
მე ტომი განის როლს ვთამაშობდი. ეს არ იყო საძნელო საქმე თავიდანვე მითხრეს, შენი თავი ითამაშე, თუმცა იმაზე ძნელი არაფერიაო. არადა, მე პირიქით მომეჩვენა. ჩემი გმირი ოკლაჰომელი იყო, ჩემსავით ტომი ერქვა. ღარიბ უბანში იყო გაზრდილი და მთელი თავისი დანაზოგით ფილადელფიაში მიმქროლავი თვითმფრინავის ბილეთი ეყიდა, რათა იქ თავის კერპს, როკი ბალბოას შეხვედროდა. მე შევედრებოდი მას. კოლეჯის გუნდში ფეხბურთს ვთამაშობდი, როცა ჩემმა მენეჯერმა ჯონ ბრაუნმა ძალით წამიყვანა კანზას-სიტის „ოქროს თათმანის“ ტურნირზე.
მაგრამ ფილმის ბოლოს ტომი განი თავხედი ხდებოდა. ყოვლისშემძლე პრომოუტერის ფულმა ცხვირი ააწევინა და ლიმუზინებისა და მეძავების სამყაროში გადაისროლა. ამ შემთხვევაში მე მას არ ვგავდი.
ფილმის შინაარსით მძიმე წონის ჩემპიონი ვხვდებოდი და ეშმაკმა წამიღოს, ეს ძალიან მსიამოვნებდა. მაგრამ საკუთარ თავს იმასაც ვეუბნებოდი, რომ ამას ვერასოდეს მოვახერხებდი. განა სურვილი არ მქონდა? მაგრამ გარშემო ძალიან ბევრი მაგალითია, ცუდ ხასიათზე რომ დაგაყენებს. ტაისონი – განა მის შესახებ არ იყო ჩვენი ფილმი? განა მე ტაისონს არ ვასახიერებდი? არ უნდა გაექცე იმ ხალხს, ვინც ოლიმპზე აგიყვანა.
მე თუ მკითხავთ, ტაისონმა სახეში შეაფურთხა იმ ხალხს, ვინც ის კაცად აქცია. 13 წლისა იყო, როცა გზაზე დააყენეს და ჩემპიონობისაკენ გაუძღვენ. მან კი ყველას მოშორება გადაწყვიტა. „როკი V“ ნამდვილ ცხოვრებაზე გვიამბობდა.
მე და სტალონეს არ გვიჩხუბია ამ ფილმში. მას არ უნდოდა თავისი მონაწილეობით სარინგო სცენის გადაღება. ოთხი „როკის“ შემდეგ, ოფლიან კაცებთან ჭიდაობა აღარ შემიძლიაო, ხუმრობდა.
საკრივო სცენები ძნელი არ იყო. დარტყმით მხოლოდ ჰაერს ვურტყამდი. ჩემი მეწყვილე ძველი მოკრივე მაიკ უილიამსი იყო. მაიკს ბასტერ დუგლასთანაც კი ჰქონდა გადახდილი ომი და რა პრობლემა უნდა გვქონოდა. მის გმირს იუნიონ კეინი ერქვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს სწორედ მას ვართმევდი. საკრივო სცენებს ჰოლივუდელი ბიძები დგამდნენ. მათ ერთხელაც არ ეკრივათ ცხოვრებაში, მაგრამ თავიანთი საქმე კარგად იცოდნენ. ჩვენ შეხმატკბილებით ვმუშაობდით. მათი მთავარი ამოცანა ის იყო, რომ ჩვენთის ტყუილი დარტყმების ნაღდ დარტყმებად მოჩვენების საიდუმლო ესწავლებინათ. ფილმი გაიხსენეთ, მგონი, კარგი მოსწავლეები ვიყავით.
სწრაფი დარტყმების სცენებს რომ ვიღებდით, რვა-ათი სპარინგი გვყავდა. ამ ბიჭებს დაჯავშნულ სხეულში ვცემდით მუშტებს, ოღონდ მესამედი ძალით ვიქნევდით. როგორც კი ამ ბიჭებს მოვცხებდით, იმწამსვე იატაკზე გაიშხლართებოდნენ, აქაოდა, ძალიან გვეტკინაო, მხოლოდ ორი მათგანი იყო ისეთი, თავიც რომ არ გაუნძრევიათ დარტყმის შემდეგ, ვფიქრობ, მათ უფრო სტკიოდათ, სხვები კი ამბობდნენ, ყბები დაგვემტვრაო. გადაღებები რომ დასრულდა, ტრაბახსაც კი მოჰყვნენ, მორისონი და უილიამსი გავლახეთო. ღმერთმა გაუმარჯოთ! მე ვცდილობდი არაფერი სტკენოდათ და თურმე პირიქით უნდა მოვქცეულიყავი.
მე ვფიქრობ, რომ სილვესტერმა საუცხოო სიუჟეტი მოიფიქრა, ის ძალიან ცხოვრებისეული იყო და მაიკ ტაისონის ამბავზე გახლდათ დაფუძნებული. აქ გულღია, ალალი კაცის ამბავია მოთხრობილი. იმას, ვინც საკრივო სამზარეულოს იცნობს, ეს ფილმი ბევრ რამეს მიახვედრებს. დონ კინგი და ტაისონი მშვენივრად მიხვდებიან ქვეტექსტს. ფილმი გვიჩვენებს, რას უშვრება ჯიბესქელი კაცი სუსტი ხასიათის კაცს, კრივის ხალხს სახელები არ სჭირდება. კრივის ხალხი ისედაც ხვდება ამას.
სტალონე მახვილგონიერი კაცია, ის მხოლოდ მსახიობად იყო ფილმში, და იმდენი რამ მოიფიქრა, რომ ვფიქრობდი რეჟისორი რაღა საჭიროა-მეთქი. ის და ჯონ ევილდსენი საოცრად უგებდნენ ერთმანეთს. ეს მათი ერთობლივი საქმე იყო. სტალონემ თამამ კაცად მაქცია გადასაღებ მოედანზე, თუკი რაიმე გამიჭირდებოდა, ის გვერდით იყო.
მოუღლელად მუშაობდა და არც მიკვირს მისი სიმდიდრისა.
გადაღებები რომ დასრულდა, რინგს დავუბრუნდი. ატლანტიკ სიტიში უნდა მეკრივა ჯონ მორტონის წინააღმდეგ.
რინგზე გასულმა აღმოვაჩინე, რომ ხალხს დავავიწყდი. უფრო სწორად, მათ ეგონათ, რომ რინგს არასოდეს დავუბრუნდებოდი და ვიტყოდი: „შემეშვით ამ თქვენი მუშტებით, ჰოლივუდში მივდივარ“. სიმართლე ითქვას და ეს ბევრი მძიმეწონოსნის ოცნებაა. მაგრამ როცა კრივის სიყვარული სისხლში გაქვს, ეს საქმე არ გამოვა. მე მიყვარს ბრძოლა, მე თავს კარგად ვგრძნობ რინგზე.
ფილმი კი ძალიან დამეხმარა. რინგზე რაღაც შინაგანი ძალა შემმატა. თანაც, მავანნი გააბრაზა, უეჭველად უნდა ვცემოთ ეს მსახიობიო. ჩემი ყოველი ჩხუბი საჩემპიონოს ემსგავსება.
თუკი ოდესმე მომიწევს საჩემპიონო ბრძოლა, დარწმუნებული ვარ, „როკი“ გამახსენდება. ყოველთვის, როცა მუშტს შევკრავ ხოლმე, ვფიქრობ, „არ წაიქცე ტომი“ და დამიჯერეთ, მხოლოდ ჩხუბს არ ვგულისხმობ“…
***
ეს მოგონება ტომი მორისონმა 1991 წელს დაწერა. მისი საკრივო წინსვლა არ იყო ეფექტური და არც ტიტულისთვის უბრძოლია. მაგრამ ერთხანს საუკეთესო მძიმეწონოსანთა ათეულში ირიცხებოდა და ორიოდე ყოფილ, თუ მომავალ ჩემპიონსაც კი შეხვდა.
სადღეისოდ კი ტომი მორისონს რინგზე გასვლა აკრძალული აქვს, რადგან მას შიდსის ვირუსი აღმოაჩნდა სისხლში და ეს მოგონებაც უფრო ამიტომ იძენს გამორჩეულ ელფერს.
30.05.1998