ისედაც მაკარონს ვგავარ და ლურჯი ბუტილკა შარვალი, ალბათ, საერთოდ ვერმიშელს მამსგავსებს. ეს სკოლის ფორმაა, ოღონდ საბჭოთა წესებს ბოლომდე არ ვეჩაგვრინები და ფორმას, შარვალსა და პიჯაკს კი არ ვყიდულობ, ატელიეში ვაკერინებ. მოკლედ, როცა „რკინის ღობის“ გადაღმა „შლაქსებია“ მოდაში, ჩემი სკოლის ფორმაც „შლაქსია“, ხოლო, როცა იქ შარვლები ბუტილკდება, აქ ჩემსასაც იგივე მოსდის. ჩემი საყვარელი ატელიე სანაპიროზეა, ქორწინების სახლთან, სტომატოლოგიური პოლიკლინიკის გვერდით. მე 16 წლის ვარ, დღეს 13 მაისის დილაა…
ოთარ გაბელია
გაბელიას იმედი მაქვს. მიყვარს მაყურებელზე გათვლილი მისი ლამაზი ნახტომები. ეს ქართული არტისტიზმია. რაღაცნაირი გრძელი ნახტომი აქვს, შორეულ ბურთსაც წვდება. მე თუ მკითხავთ, შორს უკეთ ხტება, ვიდრე მაღლა, მაგრამ ეგ არაფერი, კუთხურიდან ჩაწოდებულ მაღალ ბურთებს მცველები მიიღებენ. კი, გაბელიას იმედი ნამდვილად მაქვს…
კარი გამოვკეტე, კიბეებზე ჩავდივარ. ფოსტის ყუთში „კოსმოსის“ ღერები მაქვს დამალული. წინა დღით მე და ჩემმა ძმაკაცმა მთელი კოლოფი ვიყიდეთ და გავიყავით. შემდეგ, სადარბაზოდან გავდივარ, სახლს ვშორდები და ვუკიდებ. ასე მივდივარ, ერთ ხელში „კოსმოსით“, მეორეში კი, უფრო სწორად, იღლიაში ამოჩრილი ორად მოკეცილი თხელი ტყავის ჩანთით. მივდივარ და გული მწყდება, რომ ერთი სისულელე ჩავიდინეთ: დიუსელდორფში გაფრენის წინ „დინამო“, მგონი, „შახტარს“ მასპინძლობდა. მეგობარს ხატვა ეხერხებოდა და მამაჩემის ძველი ხალათის მოზრდილ ნაჭერს, ჩემთან სახლში, თასების თასი დაახატა. შემდეგ ეს ნახატი აქეთ-იქიდან ჯოხებზე წამოვაცვით და პლაკატი გამოგვივიდა. ძალიან ლამაზი იყო. იმ, ფინალისწინა თამაშზე, მალიმალ აღვმართავდით ხოლმე ჩვენს შედევრს. ყურადღებაც მივიპყარით, მატჩი რომ დამთავრდა, დაბლიდან ანუ სარბენი ბილიკებიდან ერთ-ერთმა ფოტოკორესპონდენტმა, გასწორდითო, გვანიშნა და გაშლილი პლაკატით გადაგვიღო. ახლა ისე ვიხსენებ, რომ ის ფოტორეპორტიორი ცნობილი ალექსანდრე კოტორაშვილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ… ჰოდა, ის-ის იყო, ფოტო გადაგვიღეს, რომ ვიღაც, ჩვენზე კარგად უფროსი ბიჭი მოვიდა და პლაკატი გვთხოვა. დიუსელდორფში მოვიგებთ თუ წავაგებთ, სულერთია, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის შემდეგ თამაშზე, აი, აქ მოვალ და კაცი არ ვიყო, თუ არ დაგიბრუნოთო. რატომღაც ვენდეთ. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს. დიუსელდორფში მოვიგეთ, იმ ადგილას კი, მგონი, ჩვენვე არ მივსულვართ, მაგრამ ეს ყველაფერი 13 მაისის დილას, ცხადია, არ ვიცი. უბრალოდ, ცალ ხელში „კოსმოსი“ მიჭირავს, მეორეში ორად მოკეცილი ტყავის თხელი ჩანთა, სკოლისკენ მივაბოტებ და საკუთარ თავზე ვბრაზდები, ეს რა სისულელე მოგვივიდა-მეთქი.
თამაზ კოსტავა
კოსტავას „პადკატი“ ძალიან მაგარია! მარჯვნიდან ხომ კაცი ვერ გაურბის და ბურთს რომ მიიღებს, ფეხზე მიწებებული მიაქვს მოედნის კიდის გასწვრივ მოწინააღმდეგის კარამდე. მერედა, იქ გამწვავებაც ეხერხება. კოსტავას იმედი ნაღდად მაქვს…
ალექსანდრე ჩივაძე
დაზღვევა გინდა, მეტოქის პასის ჩაჭრა, ბურთის წართმევა, მიღებულის შენარჩუნება, მწვავე შეტევის წამოწყება, კარში დარტყმა, ელეგანტურობა…
ნოდარ ხიზანიშვილი
შოთა ხინჩაგაშვილი ჩემი ჯილაა, მაგრამ დისკვალიფიცირებულია და ამიტომ დაცვის ცენტრში ხიზანიშვილი ითამაშებს. ხიზანა ფლანგზე უფრო მაგარია, მაგრამ ცენტრშიც შეუძლია მაგრად თამაში. ბევრჯერ გვინახავს უშეცდომოდ დამდგარი.
გია თავაძე
შედარებით ახალია და „ლივერპულებში“ და „ჰამბურგებში“ მაინცდამაინც არ გვინახავს, მაგრამ რაკიღა „დინამოშია“ და „დინამოც“ „დინამოა“, ესე იგი, იმედიც უნდა გვქონდეს. მოკლედ, იმედი გვაქვს…
…გაკვეთილებზე რა მოხდა, არ მახსოვს, ბოლოს და ბოლოს, ოცდახუთი წელიწადია გასული. სამაგიეროდ, ზუსტად მახსოვს, რომ გაკვეთილების შემდეგ ძმაკაცს, აი იმას, რომელმაც თასი დახატა, სახლში მივყვები. აქ სულ ათი-თხუთმეტი წუთი უნდა გავჩერდე, მეტი არა, თორემ სახლში მისვლას, ტანსაცმლის გამოცვლას და რეპეტიტორთან გაქცევას ვეღარ მოვასწრებ. ამ ზაფხულზე მისაღები გამოცდები მიწევს. ათ-თხუთმეტ წუთზე მეტი არც სჭირდება იმას, რისთვისაც ავდივარ: გიამ გიტარაზე უნდა დაუკრას, მე კი მოვუსმინო. ასე მოვიქეცით „ვესტ ჰემის“ დღეებში, ასე მოვიქეცით „ფეიენოორდის“ დღეებში და ასე უნდა მოვიქცეთ დღესაც.
ვიტალი დარასელია
ტაიფუნი, გრიგალი, სტიქიური მოვლენა ფეხებზე ბურთის წებოთი… აი, ბურთი ადამიანს რომ შეეხება, ხომ დახტის?! დარასელიას ფეხებთან ასე არაა – რბილდება და მორჩილი ხდება, მაგრადაც არტყამს. იმედი თუ მაქვს? ამას კითხვა არ უნდა.
თენგიზ სულაქველიძე
7იმედი მაქვს! მოედნის შუაში ვეებერთელა კლდე რომ დადო, ისეა. ლოდი კი არა, კლდე, განიერი და მაღალი, უშველებელი. შეასკდეს ვისაც უნდა.
ზაურ სვანაძე
თავაძისა არ იყოს, დიდი ხანი არ არის, რაც „დინამოშია“, მაგრამ ალალი და მუშა ჩანს. რახან „დინამოშია“, ესე იგი, მაგარი უნდა იყოს…
მე და ჩემი ბუტილკა ახლა სახლში უნდა დავბრუნდეთ. ცალ ხელში ისევ „კოსმოსი“, მეორე იღლიაში ორად მოკეცილი ტყავის ჩანთა. ჯიბიდან ასანთს ვიღებ. ბოლო ღერი ყოფილა. არ ვუკიდებ. ქუჩაში ჩემხელა ბიჭს ვაჩერებ. ასანთის ღერებს ვთხოვ. ბიჭი თავის კოლოფში ყოფს თითებს და რამდენიმე ღერს მაძლევს. თებერვლიდან მოყოლებული ჩათქმული მაქვს, თუ ამ კოლოფს არ გადავაგდებ, „დინამო“ თასს აიღებს.
დავით ყიფიანი
მას ჩემთვის რელიგიური მნიშვნელობა აქვს და კითხვას, იმედი მაქვს თუ არა, ვერ დავსვამ. ვიცი, ისეთ პასს გააკეთებს… ისეთ რამეს მოიფიქრებს…
რამაზ შენგელია
იმედი მაქვს კი არა, შენგელია ძალიან დიდი თავდამსხმელია. ნახევარი ბრუნით, სრული ბრუნით, თავით, გაჩერებულ ბურთზე, მოხტუნავე ბურთზე… ყიფიანი ბურთს მიიღებს და ეს სადღაც გარბის, სულ არ იყურება უკან. მერე წკაპ და ირკვევა, რომ ეს იქით გარბოდა, სადაც ყველაზე სწორი იყო, ის კი წკაპის წამს ელოდა და…
ვლადიმერ გუცაევი
ფოიერვერკი გინახავთ? თავიდან რომ არ ელი და პირველი ვარსკვლავი ამოვარდება თავისი „ბახით“ და „ბუხით“, მერე კი: ვარსკვლავი, ვარსკვლავი, ვარსკვლავი, ფანტაზია, ფანტაზია, გაბრწყინება, გაბრწყინება…ჰო, მაქვს იმედი, აბა, რა!
სათადარიგოები
ყველას ვენდობი, „დინამო“ დიდი გუნდია!
ნოდარ ახალკაცი
საქართველოში საუკეთესო ევროპელი მწვრთნელების ტოლი და სწორი კაცი გვყავს. ის ბიჭებს ისე დაარიგებს, რომ…
მაგრამ მაინც ვნერვიულობ. რომელი საათია?
რეპეტიტორმა მალე გამომიშვა, დღეს ფეხბურთიაო. შინისკენ მივდივარ, ბოლო „კოსმოსს“ ვუკიდებ. დღეს მეტს ვეღარ მოვწევ, რადგან უკვე სახლში ვიქნები. ორ საათში ფეხბურთი იწყება…
13.05. 2006