ის დრო, როცა თბილისის „დინამო“ და საერთოდ ფეხბურთი სახალხო სიყვარულად უნდა გადაქცეულიყო, საშინელი დრო იყო. ეს იყო ყველაზე ცუდი დრო საქართველოს ისტორიაში. ქვეყნის უფროსად იყო ლავრენტი პავლოვიჩ ბერია, ხოლო თბილისის „დინამო“ უწყებრივად მიეკუთვნებოდა ლავრენტის საყვარელ უწყებას, შინსახკომს, ანუ „დინამო“ ჩეკას გუნდი იყო.

სტადიონი რომ ააშენეს, შემთხვევითი არ იყო. სტადიონი იჭედებოდა. ფეხბურთი მთავარი თვალსასეირო რამ იყო. ბერიას სახელობის სტადიონი, ალბათ, ყველაზე დიდი ნაგებობა იყო თბილისში. ორი მხარე ორიარუსიანი იყო, ორიც – სამიანი.

იმ დროს ფეხბურთის ჯადოქრები თამაშობდნენ, რომლებიც ხალხის ნამდვილი კერპები შეიქნენ, თუმცა ხელფასს, როგორც მილიციელები, ისე იღებდნენ. შესაბამისად, მათ ზოგჯერ მილიციურ-შინსახკომური საქმეც დაევალებოდათ ხოლმე. ყველა ვარსკვლავი ანგარიშვალდებული იყო უფროსობასთან, ოღონდაც, კარგი კაცი ყოველთვის კარგ კაცად რჩებოდა, უვარგისი კი უვარგისად. სტადიონზე მისული მაყურებელი კი ამაზე არც ფიქრობდა, არც იცოდა რაიმე ამ ამბისა.

ჯალათები საქმიანობდნენ, თბილისი მაშინ შიშით შეპყრობილი ქალაქი იყო. ასე ჩანს დღევანდელი მზერით. ოღონდაც, ჭირმა შეჩვევა იცის და, ადამიანებს მაშინაც უხაროდათ ნაირგვარი ამბები. ალბათ ის, რაც მართლა სასიხარულო იყო. ქვეყანა შენდებოდა (აგერ, რამხელა სტადიონი წამოიჭიმა), მაგრამ გულში კარგი არაფერი ხდებოდა. იყო შიში და ფეხბურთი. ღამით შავი მანქანების ძრავების ხმა ისმოდა, სარდაფებში გამალებით მუშაობდნენ. დღისით კი შეგეძლო, გეფიქრა, რა საოცრად თამაშობენ პაიჭაძე და ჯეჯელავა.

მაშინ ფეხბურთელებს ზურგზე ნომრები არ ეწერათ, მათ პოზიციებით ცნობდნენ. მარჯვენა ინსაიდიო, ბეკიო, მარცხენა ჰავბეკიო… დუბლ-ვეს მორგებული პოზიციები იყო. კუთხურს კორნერი ერქვა, ღონიერ დარტყმას შუტი. თუმცა, თუ ვარსკვლავი იყო, ვარსკვლავად გაღიარებდნენ და ჩეკისტი უფროსობა მაინც ანგარიშს გაგიწევდა. ჩვენს მეკარეს, შურა დოროხოვს, ნამდვილ ვარსკვლავს, გულღია ბიჭს, გადახუხვა უყვარდა. მოუთმენდნენ იმიტომ, რომ მეორე ასეთს ვერ იპოვიდნენ, არადა, სპორტი სამოყვარულო იყო. მაგრამ იმ საშინელ სახელმწიფოს უკვე გადაეწყვიტა, რომ ფეხბურთი ძალიან სჭირდებოდა. ლავრენტი ბერია კი მიმხვდარიყო, რომ ფეხბურთი თავგამოჩენის ერთ-ერთი საშუალებაა. შურა დოროხოვი კი მოდასაც არღვევდა: შავით შემოსილ საბჭოთა მეკარეთაგან განსხვავებით მას მწვანე სვიტერი და თეთრი ტრუსები ეცვა ხოლმე.

იმ დროს, როცა „დინამო“ სახალხო სიყვარული ხდებოდა, თბილისში ერთადერთი სანაყინე იყო პლეხანოვის პროსპექტზე. ამ პროსპექტის ბოლოში კი, მუშტაიდის ბაღის კიდეზე, სტადიონი.

მგონი, სწორედ ეს სტადიონი იყო ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა იმ საზიზღარ დროში. საერთოდ, სტადიონი თავისუფლებას ნიშნავს. ასე იყო ძველ ელინთა დროში, ასე იყო ბიზანტიაში. ასე იყო ყველგან, სადაც სტადიონის არსი შეგნებული ჰქონდათ. იმ სტალინ-ბერიას დროზე თავს ვერავინ დადებს, მაგრამ მერედამერე ეს სტადიონი ყველაზე თავისუფალ ადგილად იქცა თბილისში. ასე განსაჯეთ, რომ დაანგრიეს და ახალი ააშენეს, უფრო დიდი, ვინაიდან თბილისის „დინამო“ და ფეხბურთი უკვე იმხელა მნიშვნელობის რამედ ქცეულიყო ამ პატარა კოლონიისთვის, რომ ყველას ესმოდა: კარგი ფეხბურთი, კარგი განწყობა, კმაყოფილება, სიმშვიდე.

ვინ იცის, ამას ეგებ ლავრენტი ბერიაც მიხვედრილი იყო, ძნელბედობის ჟამს დინამოელთა გასახდელში რომ ჩარბოდა და თამაშის წინ ან სულაც შესვენებაზე რომ მოითხოვდა უპირობო გამარჯვებას.

ის იყო აუტანელი დრო და სწორედ იმ დროს იბადებოდა ხალხის უდიდესი სიყვარული: თბილისის „დინამო“.

 

წილი
წინა სტატიადინამო იყო…
შემდეგი სტატიაადგილი სულისთვის
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.