დილით
ორიკვირისწინანდელ ამბავს ვუბრუნდებით, სადაც მძიმე წონის ჩემპიონ კორბეტსა და საშუალოწონოსან პრეტენდენტ ფიცსიმონსის დიადი შერკინების წინაპირობები იყო აღწერილი.
ამ ჯერზე, ორთაბრძოლის დღის, 1897 წლის 13 მარტის ამბავს მოგითხრობთ, ფიცსისა და კორბეტის დიდ შეყრას აღვწერთ.
ეს იყო ნევადაში, ქალაქ კარსონ სიტიში. ის დღე გამოვიდა უღრუბლო, მზიანი და საკმაოდ ცხელი.
გაზეთ “ნიუ იორკ უორლდში” ჭიდილის გაშუქება დაევალა განთქმულ მოკრივეს ჯონ სალივანს, რომელსაც, რა დასამალია და წერაში ნიუ იორკელი ჟურნალისტი ეხმარებოდა. თუმცა, სალივანმა მაინც მოახერხა და ეფექტური წინადადება წამოისროლა: “საუკუნის ბრძოლა საუკუნის მიწურულს უნდა გაიმართოს ამერიკის გულში”.
კარსონ სიტიში დილიდანვე ხმაური იყო. ორმა საგანგებო მატარებელმა მოსეირენი ჩამოიყვანა სან ფრანცისკოდან და რენოდან. კოვბოები და მეჯოგეები ცხენებით შემოჯირითდნენ ქალაქში, ინდიელთა ახლომახლო რეზერვაციები დაცარიელდა. მთებიდან მაღაროელი მუშები დაეშვნენ.
პრომოუტერი დენ სტიუარტი უკვე შიშობდა, ზღვა ხალხმა ქალაქის შუაგულში წამოჭიმული არენა არ მილეწ-მოლეწოს და ჩხუბი არ ჩამეშალოსო. გამოთვლილი ჰქონდა, რომ სანახაობის შემოსავალი მაყურებელთა მხრიდან 22 ათასი დოლარი უნდა ყოფილიყო. ამ თანხიდან 16,500 მოკრივეებს რჩებოდათ, მაგარმ ჯეიმს კორბეტსა და ბობ ფიცსიმონსს ერთმანეთშიც “გაემაზათ” ბრძოლა 2500 დოლარზე.
არენა დილის ათ საათზევე გაივსო, რადგან დიდ შერკინებას წესისამებრ “ანდერქარდი” – ნაკლებადცნობილ მოკრივეთა ჩხუბები უძღვოდა წინ. მცირე წონაში დალ ჰოკინსმა პირველსავე რაუნდში დაადო მარტინ ფლაჰერტის. შემდეგ ბილი სმიტი და ჯორჯ “იანგ კორბეტ” გრინი გამოვიდნენ. ეს გვარიანი ბრძოლა გამოვიდა და სმიტი სასტიკად გაილახა. მეთორმეტე რაუნდში მისი კუთხიდან პირსახოცი გადმოაგდეს და ხელმოტეხილი და ცხვირპირდასისხლიანებული მოკრივე ასეღა გაიყვანეს რინგიდან.
ამის შემდეგ არენაზე გვარიანი პაუზა ჩამოწვა. აბა ვინ განსაზღვრავდა, რომ პირველი შერკინება ორ წუთში მოთავდებოდა? მთავარი ბრძოლა ნაშუადღევისთვის იყო გამოცხადებული.
გამოსვლა
შუადღე იყო, როცა რინგზე ფიცსი გამოჩნდა. ჯერ 34 წლისაც არ იყო, მაგრამ უფრო ხნოვან კაცს ჰგავდა, ალბათ, შეთხელებული თმის გამო. ძველ ქაღალდებში დარჩენილი ფიცსის ფოტოები, ძველი მწერლები წერენ, რომ მას არაპროპორციული, ოდნავ სასაცილო სხეულიც კი ჰქონდა: ბეჭებგანიერი, დაკუნთული ტანი საოცრად წვრილ, თითქოს ძალაგამოცლილ ფეხებზე იდგა.
მჭედელს ჰგავდაო, მჭედელს ემგვანებოდა აბა რა, ის კუნთები სულ ბიჭობაში დაეყენებინა, როცა ახალ ზელანდიაში ცხოვრობდა და მჭედლის შეგირდადაც მუშაობდა. ერთხელ ჯეფერსმა თქვა, ფიცსი ოჩოფეხებზე შემდგარი ფოლადის მანქანააო.
წონით ფიცსი 167 გირვანქა იყო, მაგრამ როგორც ბროძლის შემდეგ დაწერა “ნიუ იორკ ჯორნალის” რეპორტიორმა და ფიცსის ბანაკის არაოფიციალურმა წევრმა ბობ დევისმა, შერკინებისთვის მზადების პროცესში ფიცსი კიდევ უფრო გახდა და იმ შუადღით 156 გირვანქას იწონიდა.
ცოტახნის შემდეგ რინგზე კორბეტიც ავიდა. ის ფიცზე მაღალიც იყო და მძიმეც (183 გირვანქა). არც იყო გასაკვირი, მძიმეწონოსანი გახლდათ. ხალხი ჟრიამულით შეეგება მძიმე წონის ჩემპიონს. ის სახალხო გმირად აღიქმებოდა და ლამაზი, ქოჩორგადავარცხნილი ჯეელი გახლდათ. 30 წლისა იყო და პუბლიკას კერპად ჰყავდა. მერე კორბეტი ბროდვეიზეც კი გამოჩნდა ერთ-ორ სპექტაკლში.
მეფსონეებიც კორბეტის მხარეს იდგნენ, 10-6-ზე გამოეყვანათ მის სასარგებლოდ.
კორბეტი რინგზე ავიდა და თავის კუთხეში გაჩერდა. ფიცსი კი მის ცხვირწინ გადი-გამოდიოდა მუშტებდაღერებული.
და რეფერი ვინ იყო?
უსახელგანთქმულესი ჯორჯ სილერი ქალაქ ჩიკაგოდან, რომლის შესახებაც ამბობდნენ, პოპულარობით მესამე კაცია ქვეყანაშიო.
და როცა სილერმა რინგის შუაგულში მოიხმო მოკრივენი, მათ ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვეს. სამაგიეროდ დათანხმდნენ საჩვენებელ მუშტების დაღერებაზე და ედისონის კინოაპარატის წინაც გაირინდნენ რეფერისთან ერთად. ისტორიამ შემოინახა ეს კადრი: შუაში სილერი დგას შავ ჟილეტსა და შავ კეპში. აქეთ კორბეტი უდგას მოკლე რუხ მოსაცმელში და იმგვარად მოკლე და შემოტმასნილ ტრუსებში, რომ ნახევარი გავა სახალხოდ უჩანს, იქეთ კი იაპონურ ხალათში გამოწყობილი ფიცსია, რომელსაც ხელები ამ ხალათის ჯიბეებში ჩაუწყვია.
ბარემ ჩაცმულობის ფერებზეც ითქვას: კორბეტის ვიწრო ტრუსები ხასხასა მწვანე და ექსტრავაგანტური იყო. ფიცს კი უფრო კონსერვატიულად ეცვა – მუქი ლურჯი ტრუსი. კორბეტს ქამარი არ ეკეთა, ფიცსის ქამარი ამერიკის დროშის იერით იყო გაწყობილი. ამას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, ინგლისში დაბადებული ფიცსი ახალ ზელანდიაში იზრდებოდა და ამერიკის მოქალაქეობა ახლაღა მიეღო.
შემდეგ ისინი კუთხეებისკენ წავიდნენ და ცოტა ხანში გონგსაც ჰკრეს, სილერმა ორივე შუაგულში მოიხმო და “ბოქს” დასძახა.
საქმე
კორბეტი ფეხისწვერებზე ცეკვით ათამაშდა: მარჯვენათი ნიკაპს იფარავდა, მარცხენას მოსაქნევად ამზადებდა. ფიცსი პირდაპირვე ეკვეთა და უნდოდა ტანში დაეცა მუშტები, მაგრამ კორბეტმა სხარტად მოკვთა მისი ჯები და სწრაფად დააყარა მარცხნიდან და მარჯვნიდან. იმის გათვალისწინებით, რომ სამი წელიწადი იყო არ ეჩხუბა, მშვენივრად ირჯებოდა და რაუნდიც მის სასარგებლოდ იყო.
კორბეტმა მეორე რაუნდიც მოიგო. რაუნდის ბოლოს კუთხეში მიიმწყვდია ფიცსი და ორი საშინელი ძალის ჰუკი ჰკრა მუცელში.
ფიცსმა მესამე და მეოთხე რაუნდებში სცადა ვითარების შეცვლა, მაგრამ ვერაფერს გახდა. კორბეტი საუცხოოდ იფარავდა სხეულს და კიდევ უფრო საუცხოოდ პასუხობდა. მეოთხე რაუნდის მიწურულს მან მძიმეწონოსნისთვის წარმოუდგენელი სისწრაფით მოარტყა მარჯვენა მუცელში ფიცს და ამას წყვილი ცაცია მიაყოლა ყბაში.

მოგვიანებით ფიცსი იტყვის: “მისი სისწრაფე ზღაპრულია. არ მეგონა, თუ ვინმე ამდენ მუშტს მომარტყამდა”.
მეხუთეში ისინი ძიძგილაობდნენ. ფიცსს შეეძლო ტანში დარტყმა, მაგრამ ოსტატობა კვლავ კორბეტისა გამოჩნდა. მისმა მარჯვენა-მარცხენამ ცხვირიდან სისხლი გაადინა პრეტენდენტს და იქავ ყბაში უმარჯვა. რაუნდის მიწურულს ფიცს ცხვირიდანაც და პირიდანაც სისხლი სდიოდა.
მეექვსე რაუნდში კორბეტმა მოწინააღმდეგის სისხლისდენა განაგრძო თავისი ჯებით. და აბარბაცებულ ფიცსს მარჯვენა აპერკორტი ამოსცხო. ფიცსმა თავში დარტყმა სცადა, მაგრამ მხოლოდ ჰაერს გაუქნია და საპასუხოდ მკვლელი მარჯვენა მიიღო ნიკაპში.
ფიცსი მოკვდა, უფრო სწორად, წაიქცა და აღარავის ეგონა, თუ წამოდგებოდა.
რეფერიმ თვლა დაიწყო. სისხლით მოთხვრილი ფიცსი კი რინგზე ბობღავდა.
საკვირველი იყო, მაგრამ მეცხრე შეძახილზე კორბეტი წამოიმართა და რის ვაინაჩრობით მიაღწია რაუნდის ბოლომდე.
შესვენებისას ფიცსის შანსები კიდევ უფრო დაეცა, ახლა მხოლოდ 10-4-ზე იდებოდა ნაძლევები.
ფიცსი გაჭირვებით სუნთქავდა. სამწვრთნელო შტაბი და მისი მეუღლე როუზი ყველანაირად ამხნევებდნენ და ჰოი საოცრებავ, ერთი წუთი საკმარისი შეიქმნა, რომ პრეტენდენტს სული მოეთქვა.
მეშვიდე რაუნდში ფიცსმა ჯიუტად განაგრძო ჭიდილი ბრძოლის ჩარხის უკუღმა დასატრიალებლად. ის მანქანასავით ამუშავდა და თავისი მოუღლელი მარჯვენით სულ უფრო და უფრო ზუსტად სცემდა თავ-პირსა და ტანზე ჩემპიონს. მეშვიდე რაუნდში დაწყებული საქმე მეცხრესა და მეათეში ფართოდ გაიხსნა და მეათე რაუნდის დასრულების გონგი რომ გაისმა, კორბეტი დაბნეული და შეშფოთებული ჩანდა.
საკვირველი არ იყო? ოთხი რაუნდის წინ კორბეტს ნოკაუტით უნდა მოეგო.
მეთეთრმეტეში კორბეტმა კვლავ გაადინა სისხლი ფიცს, მაგარმ ამან საუცხოოდ ამოარტყა მუცელში. მეთორმეტე, დარტყმების გაცვლის რაუნდი იყო.
მეცამეტეში კი ფიცსი შეუვალი შეიქნა. მან თოკებთან მიამწყვდია ჩემპიონი და ისეთი დასცხო, რომ კორბეტს ერთ-ერთი ოქროს კბილი გამოუფრინდა პირიდან და აღრიალებული არენის პირველ რიგებში ჩავარდა. ამის მიუხედავად, კორბეტმა ღირსეულად დაასრულა რაუნდი და გამართული ნაბიჯით წავიდა თავის კუთხისკენ.
მეთოთხმეტე რაუნდი რომ დაიწყო, ცხადი შეიქნა, რომ კორბეტს ფიცსის კბილების დათვლა გადაეწყვიტა და სწორედ კბილებში ურტყამდა. ფიცსმა ერთი გაიქნია ჰაერში და შემდეგი მისი დარტყმები ზუსტი იყო. კორბეტი დაცვას ცდილობდა.
შემდეგ კი იყო დარტყმა, რომლის ხმაც მთელმა სამყარომ გაიგო.
ის დარტყმა
კორბეტმა ჰუკის მოქნევა გადაწყვიტა. ფიცსმა თავისი მარჯვენა შეაგება ამ ჰუკს. ამ წამს ფიცსი იმგვარად იდგა, რომ თავისი მარჯვენა ფეხი მარცხენაზე წინ ჰქონდა. ჰუკი მოიშორა თუ არა, ფიცსმა ძალმოსილი ცაცია ამოჰკრა მუცელში კორბეტს და ნახევარი წამიც არ გასულა, რომ იგივე ცაცია ყბაში დაჰკრა კორბეტს.

თითქოს ქარისგან იცავს თავსო, კორბეტი მოიკუნტა, მუშტები სახეზე აიფარა და ნელა ჩაიკეცა. სუნთქვაშეკრული იყო, ცდილობდა ამოესუნთქა და წამომართულიყო. ერთი ხელით თოკებს ეჭიდებოდა რინგის კუთხეში, მეორეთი კი მუხლს ეყრდნობოდა.
სილერი ითვლიდა.
სიტყვა “რვაზე” კორბეტი თითქოს წამოიმართა, მაგრამ მალევე გაისმა მეგონგე უილიამ მალდუნის ხმა: “Ten and out”.
მეთოთხმეტე რაუნდის დაწყებიდან გასული იყო წუთი და 40 წამი.
მსოფლიოს მძიმე წონის ჩემპიონად კი ქცეულიყო საშუალოწონოსანი ბობ ფიცსიმონსი.
დიალოგი
როდესაც ფიცსის მწვრთნელმა მარტინ ჯულიანმა პირსახოცი აიქნია, გავიმარჯვეთო, კორბეტი უკვე ფეხზე იყო. ფიცსი თავის კუთხეში იდგა ხელებაღმართული, კორბეტისგან ზურგით. დამარცხებული ჩემპიონი მისკენ გაქანდა. კორბეტის მენეჯერი ბილ ბრედი და ერთ-ერთი მწვრთნელი ჩარლი ვაიტი თითქოს მიხვდნენ რა უნდა მომხდარიყო და რინგზე ამოხტნენ, მაგრამ გვიან იყო, კორბეტმა უკნიდან დასცხო ფიცს და დააგდო. ფიცსი, უფრო გაკვირვებული, ვიდრე ნატკენი სეკუნდანტებმა წამოაყენეს და სწორედ ამ დროს გაისმა გამომცხადებლის ხმა: “ფიცსიმონსმა გაიმარჯვა!”
მარცხით ტიტულის დაკარგვით გაშმაგებული კორბეტი კი ვერ წყნარდებოდა. ის ფიცსს მიეჭრა და შეუყვირა:
“ჩვენ კიდევ უნდა ვიჩხუბოთ. მე ბოლოს მოგიღებ!”
პასუხად ფიცსმა ხელი გაუწოდა და კორბეტმა, ყველას გასაოცრად, ჩამოართვა.
ალბათ რემატჩის იმედით.
“მე ვამთავრებ”, – მიუგო ფიცსმა, – “რინგი აღარ მაინტერესებს”.
“თუ რინგზე არ შემხვდები,” – უღრიალა კორბეტმა, – ქუჩაში გაგისწორდები!”
ფიცსის პასუხი შესაბამისი იყო: “არსად დამიდარაჯდე, თორემ მოგკლავ. ჩვენი წიგნი უკვე დაიხურა”.
ორიოდ წუთში კორბეტმა რეპორტიორებს უთხრა: “განა ეს ნოკაუტი იყო? ერთი მომიცაცუნა და შემთხვევით წავიქეცი”.
ფიცსმა ყური მოჰკრა ამ სიტყვებს და გასძახა: “ეს არ იყო მოცაცუნება, მე ამას ვამზადებდი. ამ დარტყმით წავაქციე ტომ შარკი სან ფრანცისკოში. ოღონდ, მაშინ ორპირი რეფერი გვსჯიდა…”
ასე ჩათავდა წმინდა პატრიკის დღე.
მათი გზა
მეორე დილით ამერიკულმა გაზეთებმა ახალი მსოფლიო ჩემპიონის დაბადება ამცნეს ქვეყანას. იმავ გაზეთებში დაიბეჭდა ბობ ფიცსიმონსის წერილიც, კრივს თავს ვანებებო. ეს უცნაური იყო, მსოფლიო ჩემპიონს თან მიჰქონდა თავისი ტიტული და მიდიოდა. მაშინ არ არსებობდა ტიტულის ჩამორთმევის მექანიზმი. ფიცსი კი ფეხი ფეხზე გადადებული ცხოვრობდა და გამოწვევას არად აგდებდა.
მხოლოდ კარსონული ბრძოლიდან ორი წლის თავზე დაჰყაბულდა ტიტულის დაცვას, მაგრამ კორბეტის გამოწვევა არ მიიღო და ჯეიმს ჯეფერსონთან ჩხუბს დათანხმდა. გახსოვთ ჯეფერსი? ორი წლის წინათ ის კორბეტის სპარინგ-პარტნიორად იყო სიერა ნევადას სავარჯიშო ბანაკში.
ისინი 1899 წლის ივნისში შეხვდნენ ერთმანეთს კონი აილენდზე და ჯეფერსმა მეთერთმეტე რაუნდში დასცა მობერებული ფიცსი. ფიცსმა მაინც არ მოისვენა და სამი წლის შემდეგ ისინი კვლავ შეიბნენ, ამჯერად, სან ფრანცისკოში და ჯეფერსმა კვლავ მოიგო. ამჯერად მერვე რაუნდში.
ფიცსის ომი მძიმე წონაში დამთავრდა. უფრო სწორად, ეს ომი მან კარსონ სიტიში დაასრულა. დანარჩენი მოგონილი იყო. ფიცსი მაინც აღარ მოეშვა რინგს და მსოფლიოში პირველი კაცი შეიქნა სამ წონაში რომ ეპყრა ჩემპიონობა. ჯორჯ გარდნერის ძლევით 40 წლის ბობ ფიცსიმონსმა ქვემძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონობაც მოიგო.
ცხონებული ფიცსი 1914 წლამდე იდგა რინგზე და კრივს 51 წლისა გამოეთხოვა.
ის 1917 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა ჩიკაგოში, ფილტვების ანთებით.
ფიცსისაგან განსხვავებით, ჯეიმს კორბეტი აღარასოდეს ყოფილა ჩემპიონი, 1903 წელს იმავე ჯეფერსთან წაიქცა და ხელთათმანებისთვის ლურსმანი მოძებნა.
1925 წელს ხალხს თავი შეახსენა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნით: “ბრბოს ღრიალი”, რვა წლის შემდეგ კი კიბოთი გარდაიცვალა ბეისაიდში, ნიუ იორკის შტატში.
ფიცსისა და კორბეტის შეყრა კი დარჩა. დარჩა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო პირველი ორთაბრძოლა ნევადის შტატში, არამედ, როგორც უდიდეს მოკრივეთა ჩრდილის საუკეთესო სურათი.
კარსონ სიტიში, სახანძრო სადგურის შენობაზე დაფაა მიკრული, ეს დაფა გვამცნობს, რომ ოდესღაც აქ იყო არენა, სადაც ერთმანეთს შეებნენ კორბეტი და ფიცსიმონსი.
ამ ადგილას რომ დადგები და შორეთს გახედავ, სიერა ნევადას მთებს დაინახავ. ასი წლის წინათ ეს მთები აღუბეჭდავს ედისონის კინოკამერას და არ იქნება არ გაგახსენდეს: ასი წლის წინათ ძველ ნევადაში, წმინდა პატრიკის დღეს, დაუვიწყარი ორთაბრძოლა გაიმართა.
16.05.1998