თბილისი, ბათუმი, ბიჭვინთა, თელავი, ბორჯომი, წყალტუბო – ეს არის გზა, რომლითაც გასულ საუკუნეში გლობუსზე ქალთა ჭადრაკის სიმძიმის ცენტრი მოძრაობდა. ერთერთი ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელიც საბჭოთა საქართველოს გაჰყვა ისტორიაში, ჩვენი ქალების 30 წლიანი საჭადრაკო ჰეგემონია იყო, რა დროსაც კიროვის პარკში მდგარი შენობა გახლდათ ქალთა ჭადრაკის ათვლის წერტილი.
სიუ ჟუნმა რომ 1991 წელს მაია ჩიბურდანიძეს მსოფლიო ჩემპიონობა წაჰგვარა, “ქართული ფენომენი” ქალთა ჭადრაკში “ჩინურმა შემოსევამ” ჩაანაცვლა (ასე უყვართ თქმა ჭადრაკის ექსპერტებს). პოლგარების გენიალური უნგრული ტრიოს უფროს წარმომდგენელ ჟუჟასთან წაგებას და ტიტულის დაბრუნებას თუ არ ჩავთვლით, სიუ ჟუნი 2001 წლამდე უცვლელად წინ უძღოდა ქალთა ჭადრაკს. შემდგომშიც, ფიდეს მიერ ნოკაუტ-სისტემის შემოღებისა და სხვა ქვეყნის ქალთა ეპიზოდური გაჩემპიონებების მიუხედავად (ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა, რუსი ალექსანდრა კოსტენიუკი, უკრაინელები ანა უშენინა და მარია მუზიჩუკი) “ჩინური შემოსევა” გრძელდება: ჟუ ჩენი, სიუ იუჰუა, ჰოუ იფანი ამ საუკუნეში უკვე ფლობდნენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს და ახლაც, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მთლად ჩინურია: ჩემპიონი თან ჟუნი პრეტენდენტ ჟუ ვენჟუნს ჩინეთშივე ერკინება.
მაგრამ პარადოქსი – პრეტენდენტის სატოტალიზატორე კოეფიციენტი 1,5-ია, ჩემპიონისა – 2,5 და ტოტალიზატორი კი, მოგეხსენებათ, არასოდეს ცდება: ხუთი ტურის შემდეგ ვენჟუნი ისე ღონივრად დაწინაურდა (3,5:1,5), თუ მხარზე ეშმაკი არ შეაჯდა, ტიტული სათავისოდ უნდა დაინარჩუნოს. პირველ პარტიაში თეთრები პრედენდენტს ერგო და პარტია 63-ე სვლაზე ყაიმით დაასრულა, შემდეგ კი აიწყვიტა და თანამემულეს შავი დღე აყარა. მეორე პარტიაში შავებით 55-ე სვლაზე იმარჯვა, ხოლო მესამეში თეთრებით 27-ზე. მეოთხე პარტია ჩემპიონმა 35-ე სვლაზე მოიგო და იმედი გაიჩინა, თუმც მეხუთეში ამდენივე სვლაში დამარცხდა და მატჩში ორქულიანი ჩამორჩენა აღდგა.
შანხაის რაუნდი მორჩა. დასკვნითი 5 პარტია ჩუნცინში გაიმართება.