ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი

წელს, 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო, კერძოდ ბათუმი, საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. გრანდიოზული ტურნირი, რომელშიც 180-ზე მეტი ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას, ახალ, მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეში გაიმართება.

ბუნებრივია, ამგვარი ღონისძიებები ქვეყნის ცნობადობასთან ერთად ტურისტული პოტეციალის რეკლამასაც წაადგება. მაგრამ…

ეს „მაგრამ“ მაშინვე გაჩნდა, როგორც კი ოლიმპიადის ორგანიზების პირველი დეტალები გასაჯაროვდა. შეკითხვები, საკმაოდ კატეგორიული ტონით, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დასვა. ზედმეტი პრელუდიით თავი რომ არ შეგაწყინოთ, აღნიშნული კომიტეტის 2015 წლის 27 აპრილის ვრცელი განცხადებიდან რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ:

ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფისთან ერთად…

წლის დასაწყისში ცხარე კამათი გამოიწვია სამინისტროს ხელმძღვანელობის ლობირებით და მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჭადრაკის ფედერაციისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2015-2018 წლებში 38 570 149 ლარის გამოყოფის შესახებ. მედიაში გაჩაღებულ დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ არამარტო სპორტული უწყებების, არამედ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. ხალხი დღემდე კითხულობს, რატომ გამოეყო სპორტის ერთ არაოლიმპიურ სახეობას უფრო მეტი ფინანსები, ვიდრე ერთად აღებულ 20-მდე ოლიმპიურ სახეობას (მათ რიცხვში იგულისხმება ძიუდო, თავისუფალი და ბერძნულრომაული ჭიდაობა)…“

“…ეს არის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეცდომაში შეყვანის გზით ადამიანთა მცირე ჯგუფის პირადი ინტერესების სასარგებლოდ არამიზნობრივად და დაუსაბუთებლად დიდი ოდენობის სახელმწიფო სახსრების ხარჯვის დაკანონება...

კირსან ილუმჟინოვი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთან ერთად

“…ჭადრაკის ფედერაციას და აწ უკვე გადამდგარ სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, თავადაც მოჭადრაკეს (რომელმაც „მარჯვედ“ გამოიყენა თავისი თანამდებობა, მინისტრის ლოიალობა და ზემოხსენებული სამთავრობო დადგენილების შემდეგ მალევე დატოვა პოსტი), დღეს ხელთა აქვს მთავრობის მიერ დამტკიცებული ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 4 წელიწადში 40 მილიონამდე ლარის დახარჯვას ითვალისწინებს. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 30 მილიონი ლარი ერთი შეჯიბრებისსაჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობას და მის თანმხლებ გაურკვეველ ხარჯებს უნდა მოხმარდეს და არა ქვეყანაში ჭადრაკის განვითარების კონკრეტულ მიმართულებებს...“

განცხადება საკმაოდ ვრცელია და კონკრეტულ ციფრებსაც მოიცავს:

– 1 150 000 ევრო ფიდეს, საიდანაც ნახევარი მილიონი უნდა მოხმარდეს სხვადასხვა კონტინენტზე (!!!) ჭადრაკის განვითარებას.

– 250 000 ევრო დამატებითი ხარჯებია.

– 50 000 ევრო ფიდეს ოფიციალური პირების სტიპენდიებია.

– ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს ყველა დელეგაციის (180-ზე მეტი) თვითმფრინავით მგზავრობისა და ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში ცხოვრების ხარჯებს.

კირსან ილუმჟინოვი და ვლადიმერ პუტინი

სტატიაზე მუშაობის პროცესში მოვიძიეთ ფიდე-სა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის გაფორმებული დოკუმენტის ტექსტი. საკმაოდ ვრცელ შეთანხმებაში კიდევ უფრო დეტალურად არის გაწერილი ქართული მხარის, როგორც „შემსრულებლის“ ვალდებულებები. გამოდის, რომ ფიდე-ს ვუხდით ფულს, რომ მერე ამავე ფულით დაგვიკვეთოს გარკვეული ვალდებულებების შესრულება.

ასევე საოცარია, რატომ ვიხდით 180 დელეგაციის წევრის მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს. 2014 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაში ჩვენი ნაკრების მონაწილეობა საქართველოს ბიუჯეტმა 120 000 ლარით დააფინანსა.

სულ მთლად გაუგებარია, რა კავშირი აქვს ქართული ჭადრაკის განვითარების პროგრამას აფრიკაში ან სამხრეთ ამერიკაში ჭადრაკის განვითარებასთან.

ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ შარშანდელი მსოფლიო თასისთვის ამავე პროგრამით 1 530 000 ევრო იყო გამოყოფილი – ტურნირის საპრიზო ფონდი.

ჭადრაკი ფინანსურად მომგებიანი სპორტი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ბოლო წლებში დიდი ქვეყნებიც კი თავს არიდებენ ასეთი მასშტაბის შეჯიბრების მასპინძლობას – მეტისმეტად ძვირი ფუფუნებაა. ნუთუ ჩვენ ასე ძალიან გვილხინს?

ფიდესა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის კონტრაქტის გაფორმების შემდეგ

მაშ რატომღა გავხდით იძულებულნი, წელს ძიუდოისტებისა და მოჭიდავეების დაფინანსება დაახლოებით თითო მილიონით შეგვემცირებინა? მაშ რატომ გვექცა თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაცია ოთხჭიდისად ცხენების არყოლის გამო? კითხვა ძალიან ბევრია…

საპარლამენტო კომიტეტის განცხადებაში სპორტის ექსმინისტრის (ლევან ყიფიანი), ასევე ექსპირველი მოადგილის – ზურაბ აზმაიფარაშვილისკენაა აქცენტები გადატანილი. მოგეხსენებათ, აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტია და დიდი ალბათობით, ჩვენი ბიუჯეტის 40-მილიონიანი ამოცანის (თუ გამოცანის) ამოხსნაც სადღაც საერთაშორისო კავშირებში უნდა იმალებოდეს.

ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად ფიდე-ს კონგრესი გაიმართება. დღის წესრიგში ახალი პრეზიდენტის არჩევნებია. რუს-ყალმუხ პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვს გამარჯვების კარგი შანსი აქვს, თუმც სავარაუდოდ, კანდიდატთა შორის ზურაბ აზმაიფარაშვილიც იქნება. ამის შესახებ მან ჯერ კიდევ შარშან განაცხადა – რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების გამო, ილუმჟინოვს ფუნქციების სრულფასოვნად შესრულება უჭირს, რაც საჭადრაკო წრეებში უკმაყოფილებას იწვევსო.

ნამდვილად სასიხარულოა ჩვენი თანამემამულის ნებისმიერი წარმატება და მით უმეტეს, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევა, მაგრამ არ გვინდა ვიფიქროთ, რომ საბიუჭეტო სახსრებით მსოფლიო საჭადრაკო სამყაროს მომადლიერება საარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია.

ტურნირის მოახლოებასთან ერთად, აღნიშნული თემა კიდევ არაერთხელ წამოიწევს წინა პლანზე, თუმცა პროცესი დაწყებულია და დამაჯერებელი განმარტებების მიღების გარდა შეცვლითაც ვეღარაფერი შეიცვლება.

წილი
წინა სტატიაკლოპმა ნუ მოიმუნობო!
შემდეგი სტატიარამოსი: კლასიკოსის ბოლო კლასიკო
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".