ჟოზე მოურინიუმ აღიარა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „არსენალს” იღბლის წყალობით მოუგო. „ოლდ ტრეფორდზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ლონდონელებს გამარჯვების გოლი მსაჯის წამატებულ წუთებში გაუტანეს — 2:1. იყო დრო, როდესაც „იუნაიტედის” ასეთ მოგებას „ფეგრი თაიმში” გამარჯვებას ეძახდნენ, რადგან „იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში „წითელ ეშმაკებს” უკანასკნელ წამებზე ბევრი შეხვედრა მოუგიათ. „ფერგი თაიმში” გატანილმა გოლმა ამჯერად სიმბოლური მნიშვნელობა მიიღო, რადგან ეს გახლდათ ფერგიუსონის ძველი მოქიშპის არსენ ვენგრის ბოლო მატჩი „ოლდ ტრეფორდზე”… ყოველ შემთხვევაში, „არსენალის” მწვრთნელის რანგში მაინც.
მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიუმ თქვა: „ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა. „არსენალი” მეტწილად კარგად თამაშობდა, თავს ყოჩაღად იცავდა, თუმცა ჩვენ მაინც უფრო ვცდილობდით მოგებას და რამდენიმე საგოლე მომენტით მეტი შევქმენით. ამაში გასაგვირი არაფერია.
გამარჯვების გოლი იღბლის წყალობით გავიტანეთ, მაგრამ ბოლო 20 წუთის განმავლობაში უპირატესობა ჩვენი იყო. ვგონებ, 70 წუთისთვის 1:1 სამართლიანი ანგარიში იყო”.
შემდეგ პორტუგალიელს იღბლიანი გოლის ავტორის, ბელგიელი მორუან ფელაინის მომავალზე ჰკითხეს. ბოლო ხანს დაირხა ჭორი, რომ ის სხვადასხვა კლუბს უკავშირდება, რათა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წავიდეს. მოურინიუმ უპასუხა:
„ვფიქრობ, ფელაინი რჩება. ჩვენ გუნდის უკეთ მოწყობაზე ვფიქრობთ და გაძლიერებას ვაპირებთ. აქამდე ერთი წამიც არ დამიკარგავს იმაზე ფიქრში, მიდის ფელაინი თუ რჩება. ასე ვიცოდი, რომ ის რჩებოდა”.