ანდრეს ინიესტა კენტი კურცხალით დაემშვიდობა „ბარსას“. იმ ერთმა ცრემლმა ბიჭობა და კაცობა, მოგება და წაგება, ტიტულები, იმედგაცრუებები და ის ლეგენდა ბიჭებიც დაიტია, მასთან ერთად ჯერ კიდევ სარეკლამო ბიზნესზე სულარმიყიდული „ბარსელონას“ მაისურით რომ გადიოდნენ მოედანზე.
ინიესტა ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებდა, ასეთი თავმდაბალი რომ არ ყოფილიყოო…
ასე გუნდური მოთამაშე რომ არ ყოფილიყოო… თანამედროვე ფეხბურთის უკანასკნელი ჯენტლმენი რომ არ ყოფილიყოო…
და ამ სიტყვებს დღეს მისი მისამართით ის ხალხი არ იშურებს, გუშინ და გუშინწინ ოქროს ბურთის არჩევნებისას არა თავმდაბალ ინტელიგენტს, არამედ თავხედ და ეგოისტ სარეკლამო სახეებს აძლევდა.
ბარსელონა ინიესტას შეელია.
არაფერია – ფერნანდო იეროსაც შელევიან…
რობერტო ბაჯოსაც…
არაფერი პიროვნული – ეს ხომ მხოლოდ ბიზნესია. სასტიკი ბიზნესი.
როცა ოჯახის წევრივით ახლობელი ძაღლი დაბერდება, პატრონებს სადმე ტყეში მიყავთ და იქ ტოვებენ, უღონოს და მთელი ენერგიის მათთვისვე გამცემს…
ინიესტას არ უთქვამს, ფეხბურთი მომბეზრდა, ან მუხლი აღარ მერჩისო. ერთადერთი პირობა დადო – „ბარსას“ წინააღმდეგ არ ვითამაშებო.
არ ვიცი. დღევანდელი ინიესტა სამ სხვა მოვარსკვლავო ელემენტს ერთად აღებულს მისცემს ფორას. ასეთ კაცებს უნდა უთხრა, როცა საჭიროდ ჩათვლი, მაშინ წადიო.
მე ასე ვეტყოდი, მაგრამ მე ხომ მხოლოდ მე ვარ – უბრალოდ მადლიერი ქომაგი, ვის საფეხბურთო გემოვნებასაც ევროფეხბურთის უგვირგვინო მეფე ანდრეს ინიესტა ოცი წელი აყალიბებდა.