ანდრეს ინიესტა ზაფხულში „ბარსელონადან” მიდის! ეს უკვე ნაღდია, დიდმა ვარსკვლავმა თავად დაადასტურა. შემდეგი ნაბიჯი მისი ჩინეთის სუპერლიგაში გადასვლა იქნება.

ესპანეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, 33 წლის მსოფლიოს ჩემპიონის გული ჩინელებმა, უპირველეს ყოვლისა, მის ვენახებში დაწურული 2 მილიონი ბოთლი ღვინის შესყიდვით მოინადირეს.

ინიესტამ განაცხადა: „ეს ჩემი ბოლო სეზონია „ბარსელონაში”. დიდხანს ვფიქრობდი სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ჩემთვის „ბარსა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია — მან მე ყველაფერი მომცა.

უმძიმესი დღე მიდგას, ვემშვიდობები კლუბს სადაც მთელი ცხოვრება გავატარე. პიროვნებად „ბარსაში” და „ლა მასიას” სკოლაში ჩამოვყალიბდი, რისთვისაც აქაურობის საოცრად მადლიერი ვარ. მადლობას ვუხდი ყველა კულეს („ბარსელონას” გულშემატკივარს), რომლებიც ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბების პროცესს აკვირდებოდნენ და ჭირსა თუ ლხინში მხარში მედგნენ”.

ანდრეს ინიესტამ „ბარსელონაში” 16 სეზონის განმავლობაში 669 თამაში ჩაატარა.

„თუ ჩემი კარიერიდან მაინცდამაინც ერთი გამორჩეული მომენტი უნდა გამოვყო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჯილდო მოვიგე და მრავალ წარმატებას მივაღწიე, ყველაზე წინ მაინც „ბარსაში” ჩატარებული პირველი თამაშს დავაყენებდი”.

კარიერის განმავლობაში ინიესტა რვაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. მან ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ანდრეს ინიესტამ 124 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ამით მისი სანაკრებო კარიერა არ დასრულებულა. ის მონაწილეობას მიიღებს ამ ზაფხულს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რუსეთში.

რაც შეეხება კარიერის გაგრძელებას. ინიესტამ თქვა: „პირობა მაქვს დადებული, რომ „ბარსელონას” წინააღმდეგ არასდროს ვითამაშებ და ამიტომ, ჩემი რომელიმე ევროპულ გუნდში გადასვლა იმთავითვე გამოირიცხა”.

იმავდროულად, ფეხბურთელმა არ დამალა, რომ ჩინელებთან ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ მოსაგვარებელი აქვს.

ინიესტას ყოფილი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა: „ანდრესზე ლაპარაკი დიდ დროს წაიღებს. ის „ბარსელონას” ბოლო 15 წლიანი ისტორიის გამორჩეული ნაწილია. მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მინდა მას დახმარებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.

საერთოდ, მწვრთნელი მოძღვრავს ფეხბურთელებს, მე კი პირიქით, თამაშის უკეთ გაგებაში ინიესტა დამეხმარა. ვუყურებდი როგორ მოქმედებდა მოედანზე და ვსწავლობდი”.