არასოდეს მიყვარდა ევროპის ლიგის გათამაშება. ასეთივე დამოკიდებულება მქონდა უეფას თასის მიმართაც. ახლა არ მკითხოთ, „დინამომ“ რომ მოიგო, ის თასების მფლობელთა თასიო?! თასების თასზე თასის მომგებები მაინც თამაშობდნენ და უეფას თასზე? წარმატებულები, მაგრები, მაგრამ არა პირველები…

როცა ეს სტრიქონები იწერება, პირველი ნახევარფინალები ევროპის ლიგაში ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მონაწილენი თავად აღიარებენ, რომ ამ ტურნირის მოგება პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ნიშნავს.

კრივის საჩემპიონო ბრძოლების წინ ხომ ტარდება „გამახურებელი“ ბრძოლები? ვარსკვლავის კონცერტზე ხომ გამოდიან წინასწარ უფრო დაბალი კალიბრისანი?

აქ რატომ არ ხდება ასე? არ სჯობდა, ჯერ ევროპის ლიგის მატჩები ყოფილიყო და მერე იშტაზე მოსულებს ლიგით გვესიამოვნა?

ალალად ვამბობ: „ლივერპული“-„რომას“ შემდეგ ამ წყვილებისგან (დიდი პატივისცემის მიუხედავად) ბევრს არაფერს ველი. ერთი, ეგ მინდა, მოხუცი არსენ ვენგერი მოგებული წავიდეს ფეხბურთიდან. უნიკალური ერთგულებით და სტაბილურობით, 22 წელი რომ შეინარჩუნა, მუსიე ვენგერმა ეს აშკარად დაიმსახურა.

ევროპის ლიგის წლევანდელი გათამაშება ჩემთვის ერთი კაცის თასია.
ბოდიში, დიეგო სიმეონე.

მაპატიე, „ატლეტიკო“.

პირობას გაძლევთ, მომავალი სეზონის ორივე დერბიში გიქომაგებთ.

წელს ბაბუა არსენის ფანი ვარ.

წილი
წინა სტატიალუის ენრიკეს რევოლუცია
შემდეგი სტატიამიდის!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".