„თაიმზი” იტყობინება, რომ რომში, „რომასა” და „ლივერპულის” საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაზე დასასწრებად, ინგლისიდან 5 ათასი გულშემატკივარი მიემგზავრება, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის დედაქალაქის პოლიციას რთული დღეები ელის.

შეხვედრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი უნდა გამოავლინოს, შემდეგ ოთხშაბათს, 2 მაისს ჩატარდება. პირველი თამაში „ლივერპულმა” მოიგო 5:2.

რომის პოლიციამ ბევრი რამ უკვე დაგეგმა. კერძოდ, „სტადიო ოლიმპიკოს” ახლომახლო ალკოჰოლი არ გაიყიდება; სტადიონზე შემავალ გულშემატკივრებს რამდენჯერმე გაჩხრიკავენ; პერიმეტრზე განლაგდება დამატებითი ძალები; სტუმარ ქომაგებს დაურიგებენ იმ უბნებისა და ადგილების სიას, სადაც მათი გამოჩენა მიზანშეწონილი არ არის.

იტალიის დედაქალაქს ინგლისელ ფანებთან ხელჩართული ბრძოლის ისტორიული გამოცდილება აქვს. ძველ ლივერპულელებს ახსოვთ 1984 წელი, როდესაც მათმა გუნდმა ჩემპიონთა თასის (დღევანდელი ლიგა) ფინალში სწორედ „რომას” მოუგო პენალტების სერიით, რის გამოც თამაშის მერე მასპინძელმა ხულიგნებმა შეუტიეს. ჩხუბი იყო 2001 წელსაც.

რომში თავს დაესხნენ „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფანებსაც, რის გამოც უეფამ „რომა” შეიძლება დასაჯოს.

სამშაბათს, ლივერპულში, პირველი შეხვედრის წინ, ასევე რომაელებმა დაიწყეს ჩხუბი, რომლის შედეგადაც 53 წლის ინგლისელი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულია.