წუხელ, სეზონში პირველად, მიუნხენის “ბაიერნი” საკუთარ “ალიანც არენაზე” დამარცხდა. ეს არ იყო ერთი კონკრეტული გუნდის მარცხი მეორე კონკრეტულ გუნდთან. ეს ხომ ორი საფეხბურთო ფილოსოფიის დაპირისპირება იყო. არადა, მესამე არ არსებობს.

რაში მდგომარეობს “ბაიერნის” სიძლიერე? ტაქტიკურ განსწავლულობაში, მოედნის სივრცის იდეალურად ათვისებაში და მეტოქისთვის ბურთზე თავისუფალი კონტროლის შეზღუდვაში. ამ ფეხბურთს ფუნქციონალურად სულ სხვა შემსრულებლები სჭირდება, ორთაბრძოლებში უკან არდამხევნი, დაუღალავნი და სათამაშო მონახაზის უტყვად მორჩილნი. ამით და ასე იქცა “ბაიერნი” “სიკვდილის მანქანად”.

და მაშ, “რეალი”? ეს სულ სხვა ფილოსიფიაა. თამაშზე სრული კონტროლი არა მეტოქის თამაშის შეზღუდვის, არამედ ბურთის ფლობით გამოიხატება. შესაბამისად, “რეალის” ფეხბურთს სულ სხვა ტიპის შემსრულებლები სჭირდება – არა იმდენად ათლეტები, რამდენადაც ბურთის ფლობის ოსტატები და იმპროვიზატორები. შესაბამისია მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზიც და წინასამატჩო დავალებაც. თუმცა, რაღა ტაქტიკა, როცა სატრანსფერო პოლიტიკაც კი განსწავლული მწვრთნელის ხელში ამ სქემის შემადგენელი ნაწილია.

გუშინ “რეალმა” საკუთარი ფეხბურთი ითამაშა. მეტოქე კი ჯიქურ ეძალებოდა, მაგრამ ზიდანი იმ მომენტებს ელოდა, როცა მის ბიჭებს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თამაშის “გაკეთების” შანსი მიეცემოდათ. გააკეთეს კიდეც. თანაც ათმა, თორემ კრიშტიანუც რომ იშტაზე ყოფილიყო…

“ბაიერნმა” კი საკუთარ თავს უღალატა და გუშინ მეტოქის მისივე იარაღით – ინდივიდუალური ფეხბურთით ძლევა დააპირა. საამისოდ მხოლოდ ფრანკ რიბერის ბოლო ამოსუნთქვამდე ბრძოლა არ კმარა. სამი-ოთხი უნდა გყავდეს ასეთი. არადა, ჩინებული გუნდური მოთამაშის, მაგრამ ნაკლებად ინდივიდუალისტი მიულერის ფლანგიდან მადრიდელებს ბუზიც არ აფრენიათ.

ბოატენგი და რობენიც ნაკლებადაა შუაში. უბრალოდ, გუშინ მინხენელებმა საკუთარ “მხაზველობით გეომეტრიულ ფეხბურთს” უღალატეს და რაც “მაინცთან” და “შტუტგარტთან” საკმარისია, მადრიდის “რეალთან” არ იკმარა.

ორმატჩიანი დუელის ბედი ჯერ ისევ ჰაერში ჰკიდია. “ბაიერნს” აქვს შანსი, მაგრამ საამისოდ იუპ ჰაინკესმა ის ფეხბურთი უნდა ამჯობინოს, რომელიც მას და მის შეგირდებს ყველაზე უკეთ გამოსდით.

წილი
წინა სტატიარამოსი: ის რომ ანდრესინიო ყოფილიყო…
შემდეგი სტატიაჰიტლერის ინსტინქტით
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".