ამ ცნობაში ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ის არის, რომ „მანჩესტერ სიტიში” მცველს, რომელსაც თავის პოზიციაზე მეოთხე კაცად მიიჩნევენ კვირაში 100 ათასი გირვანქა აქვს ხელფასი. საუბარია ჯონ სტოუნზზე, რომელსაც პეპ გვარდიოლა ამ ზაფხულზე გაყიდვას უპირებს. სტოუნზი 28 მაისს 24 წლის ხდება; „სიტიში” 2016 წლიდან თამაშობს.

მას მერე, რაც ზამთარში „ქალაქელებმა” ფრანგი ემერიკ ლაპორტი შეიძინეს, დაცვის ცენტრში თავი მოიყარეს ვინსენტ კომპანიმ, ნიკოლას ოტამენდიმ, ლაპორტმა და სტოუნზმა, რომლის შესახებაც კატალონიელმა მწვრთნელმა თქვა, თუ წავა მისი კარიერისთვისვე აჯობებსო.

ჯონ სტოუნზში მანჩესტერელებმა „ევერტონს” 47,5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს.

ცნობისთვის: გვარდიოლა ამ ზაფხულს კიდევ ერთი ცენტრალური მცველის შეძენას აპირებს, რადგან ვეტერანი კომპანის ჯანმრთელობის ნდობა არ შეიძლება. ბელგიელი ხშირად დაშავებულია.

არ არის გამორიცხული „სიტიმ” სტოუნზი „არსენალში” გაყიდოს, ოღონდ, საამისოდ ჯერ უნდა გაირკვეს ვინ იქნება „მეთოფეთა” ახალი მწვრთნელი. ფული ჯიბეს უმძიმებს „ლივერპულსაც”, რომელმაც ზამთარში ფილიპე კოუტინიუ მიჰყიდა „ბარსელონას” 145 მილიონ გირვანქად.