„ლივერპულისა” და „რომას” ჩემპიონთალიგური ნახევარფინალის წინ მეტოქეთა მწვრთნელებს რას აღარ ეკითხებიან. ინგლისური გუნდის გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი, მაგალითად, შეჭამეს, მანდედან სხვა გუნდში როდის უნდა გადახვიდეო და დაუზუსტეს კიდეც, სერია A-ში გადაბარგებაზე რა აზრისა ხარო.
„მეეჭვება იტალიურ კლუბში ჩემს მუშაობას აზრი ჰქონდეს, რადგან იტალიურად მხოლოდ რესტორანში სპაგეტის შეკვეთა შემიძლია, ეს კი გუნდის გაძღოლისთვის საკმარისი არ უნდა იყოს. არსად წასვლაზე არ ვფიქრობ. არადა, ბოლო დღეებში ხშირად აინტერესებთ, როდის ვაპირებ „ლივერპულიდან” წასვლას. „ლივერპულში” მუშაობის შეწყვეტაზე არც ვფიქრობ. მომავალში კი გამოჩნდება. თუმცა, ეს უახლოეს ოთხ წელიწადს არ ეხება”.
შემდეგ კლოპს „ლივერპულისა” და „სიტის” პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის წინ დატრიალებული ამბები გაახსენეს: როგორ დალეწეს მერსისაიდელმა ფანებმა მანჩესტერელთა ავტობუსი და სხვა ხულიგნობები. „წითლების” მწვრთნელმა უპასუხა:
„მინდა ჩვენს გულშემატკივარს მოვუწოდო, რომ სტადიონზე ძველებურად მხურვალედ და კიდევ უფრო მეტად დაგვიჭირონ მხარი, სტადიონს გარეთ კი მეტოქეს პატივი ვცეთ. „ლივერპული” ფანტასტიკური კლუბი და დიდი საფეხბურთო ოჯახია, რომელსაც მსოფლიოში საოცარი ატმოსფეროთი აქვს სახელი გავარდნილი. მაგრამ, გთხოვთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ მოედანზე ვართ მეტოქეები. და კიდევ, ყველამ კარგად იცის თუ რა მშვენიერი ქალაქია რომი”.