1999 წელი. თებერვალი. სპორტის სასახლე და მიხეილ მესხის ხსოვნის ტურნირი მინიფეხბურთში. ჟურნალისტები უფრო მეტი, ვიდრე მაყურებელი. ტაშიც და ფეხბურთიც ერთნაირი — აქა-იქ და კანტიკუნტი. ჟურნალისტებს შორის ჯერაც ახალგაზრდა, შავგვრემანი, უკვე სრული კაცი. მშვიდი, მაგრამ ფიქრიანი სახე. მშვიდადვე უცქერს დარბაზის ფეხბურთს და ამ დროს შეკითხვა: — ვოვა, თქვენ თუ თამაშობდით მინის? პასუხი: — კი, როგორ არა. ჩვენს დროსაც ჩატარდა თბილისში დიდი ტურნირი მინიში. ბაქო, ერევანი, ჩვენ, ქუთაისის „ტორპედო”, სხვებიც მონაწილეობდნენ. საუკეთესო ფეხბურთელი მომცეს მაშინ…
გესმის და გჯერა — მისცემდნენ. ერთი წუთიც არ გეპარება ეჭვი. „ვოვა” ხომ ვლადიმერ გუცაევია. ვლადიმერ გუცაევი — ნომერი ცხრა. ფეხბურთელი, ვინც სლავა მეტრეველი შეცვალა მინდორზე. სლავა მეტრეველისეული მაისური მოირგო, მაისური ნომერი ცხრა.
და ახლა, როცა ფეხბურთს ხარ დანატრებული კაცი — ნაღდ, ჯიგრიან ფეხბურთს — იხსენებ იმ დროს — წლებს, თვეებს, წუთებს, წამებს, როცა ვოვა „დინამოს” მარჯვენა ფლანგზე დაქროდა (აკი შეარქვეს კიდეც რაკეტა) და გენატრება, სინანული, ნოსტალგია გიპყრობს…
ეეე! კარგი დრო იყო. ფეხბურთიც კარგი, რა დროება, რა თამაშები, რა გუნდები მეტოქედ და „დინამოც” რა გუნდი.
კერპები? ეს ახლა აგროვებენ ქართველი ბიჭუნები „ფირმა ნაკლეიკებს” „ფირმა” ფეხბურთელების ფოტოებით, თორემ მაშინ კერპები აქ არა გვყავდნენ? რა ფოტო, რის უცხოეთი. წელიწადი, სეზონი, ოცამდე თამაში სულ კერპებს არ ვუცქერდით „დინამოზე”?!
ვოვაც ბევრის კერპი იყო — ლამაზი, ორიგინალური, სხვებზე რომანტიკული ჭანჭიკი იმ დიდ მანქანაზე, დიდი „დინამო” რომ ერქვა.
ფეხბურთი სანახაობა არ არიო… მაშ რა? ვითომ რათაო? მე თუ მკითხავთ, ფეხბურთი სწორედაც რომ სანახაობაა, მეტიც, ცირკზე დიდი სანახაობაა, ოღონდ ისეთი, ფასი უნდა ესმოდეს მაყურებელს — ყველა ვერ მიხვდება, ვერც გაიგებს ყველა. აი, კაი მთქმელს კაი გამგონე უნდაო, ხომ ვიცით ქართველებმა, ჰოდა, იმ დიდ „დინამოში” ყველაზე უფრო გუცაევი ქმნიდა სანახაობას, ზოგჯერ კი მართლა ცირკს აწყობდა.
მაშინ ასე არ იყო. მაშინ „დინამო” სხვა ხილი იყო, სხვა სიმაღლე, იქ ეგრე ადვილად ვერ მოხვდებოდა კაცი. თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის ბიჭი „დინამოში”? გინდა დუბლში გეთამაშა თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლისას — კაცი იყავი, ქუდი გეხურა, ბურთის გესმოდა, რა! გუცაევისთვისაც ნიჭი დაებერტყა გამრიგეს, თვრამეტზე ოდნავ მეტისას უკვე დებიუტი ჰქონდა დიდ „დინამოში” — მაგარი იყო და იმიტომ.
მერე კიდევ — სხვანაირი იყო-მეთქი. იმ ტოტალურობიაში, გაუვალი დაცვების დროებაში იდგა თავისთვის მარჯვენა ფრთაზე და უფრო მეტოქის კარისკენ იცქირებოდა, დაცვა არ იყო მისი საქმე. შეტევა, შეტევა, შეტევა… სულ იერიში, იერიში, იერიში… და კიდევ დოინჯი. ხშირად დოინჯი, მისეული, გამორჩეული დოინჯი. იტანდა „დინამო” ამ დოინჯს. არ იყო გუცაევი ის კაცი და ის ფეხბურთელი, ოთხმოცდაათი წუთი „ყველგან ყოფილიყო”. აქ ბურთი ჩაეჭრა, იქ ვარდნა გაეკეთებინა… თავისი საქმე და ადგილი ჰქონდა. ჰქონდა და იცოდა. კარგად იცოდა. აფეთქდებოდა და მტრისას… ორი-სამი ასეთი აფეთქება მთელ თამაშს ჰყოფნიდა და სტაბილური იყო ამავე დროს. სტაბილურად ფეთქდებოდა ხოლმე. სტაბილურად მთელი კარიერის მანძილზე.
მიიღებდა პასს და რაღაცნაირად დარდიმანდულად, არხეინად გაიგდებდა ბურთს. განა სირბილით, ნელა, შემპარავად, ნაბიჯ-ნაბიჯ ეპარებოდა და მეტოქე რომ აფუსფუსდებოდა, მერეღა აფეთქდებოდა ხოლმე. საოცარი მოწყვეტა იცოდა ადგილიდან. მყისიერი, ელვისებური. მოწყდებოდა და მიქროდა ოდნავ წინ წახრილი, მხრებში თავჩარგული. მეტოქე მცველსაც რა ძალა ჰქონდა, რა ჩარა იყო — უნდა წაექცია და აქედან ტრავმები, ტრავმები, ტრავმები. ბოლოს ისიც თქვეს — ამდენმა ტრავმამ დააშინა გუცაევიო.
ლამის პირით ხაზამდე ირბენდა, მერეღა აწვდიდა. აწვდიდა ყუმბარასავით, გასწვრივ, გამჭოლს. იქ კი იყო ხალხი — დასწრებაც იცოდნენ, დარტყმაც, გატანაც. აბა, ფეხბურთი ის იყო…
ცირკი ვახსენე. გუცაევის პენალტები რა ცირკი არ იყო? შეიჭრებოდა მეტოქის საჯარიმოში და იმგვარად დაეზღერთებოდა გაზონზე, მისი ცოდვით ცა მაღლა იწვოდა, დაბლა მიწა, ტრიბუნაზე კიდევ გულშემატკივარი. ძალიან ქვისგულა უნდა ყოფილიყო მსაჯი, ხელი საპენალტო ნიშნულისკენ არ გაეშვირა — არაერთი და ორი გვახსოვს ამგვარი, წაიქცეოდა გუცაევი და ურტყამდა პენალტებს „დინამო”. ყიფიანი —გუცაევი — შენგელია ხომ ზღაპარი იყო მთლად. ისეთს და იმგვარს მოიფიქრებდნენ, კაციშვილი ვერაფრით იგუმანებდა. დადგებოდა დათო. ჯარიმის დასარტყმელად ემზადებოდა. მერე ყიფიანისებურად ამოჰკრავდა, კედელს თავზე გადაატარებდა და იქ, საჯარიმოში გუცაევი უკვე ელოდა ბურთს.
ანდა გუცაევი — შენგელიას კუთხური?! აქაც ჭვინტი, ანაც ტერფის გარეთა ნაწილი ერეოდა საქმეში — რბილი, ტექნიკური ჩაწოდება, მცველთა ზურგიდან უეცრად წინ გამოვარდნილი შენგელია და საფირმო დარტყმა კეფით ანაც ფეხის ზურგით. ბურთი იმგვარად იჭრებოდა, მეკარეს აღების მისხალი შანსიც აღარ რჩებოდა.
ვლადიმერ გუცაევის მთელი კარიერა სტაბილურობის ერთგვარი ნიმუშია. საოცარია, რამდენი დრო მიჰქონდათ ტრავმა-აღდგენებს და მაინც გუცაევი თავისი თაობის უსტაბილურეს მოთამაშედ დარჩა. არ იყო ტურნირი, მატჩი, რომელსაც მნიშვნელობა ჰქონოდა და იქ გუცაევს თავი არ გამოეჩინა. გოლებიც სხვა ქართველ გარემარბებზე მეტი თუ არა, არც ნაკლები გაიტანა და რაც მთავარია, ქმნიდა გოლებს.
ძნელია გუცაევზე, მის თაობაზე ისაუბრო და 13 მაისი არ ახსენო. 13 მაისი მთელი თავისი სილამაზით, დიდებულებით, სიდიადით, ეპოქალურობით. იქ, „რაინშტადიონზე” ჰოპემ გაიტანა და გინებად შემართა ხელი. ეს ორმაგი დაცინვა იყო — ერთი ბედის (გოლი გავუშვით), მეორე თვითონ „კარლ ცაისის” მესამე ნომრისა (უხამსი ჟესტი გვიჩვენა).
მადლობა ღმერთს, ოთხიოდ წუთში ერთმა თბილისელმა მარჯვედ დაჰკრა და ჟესტიც საკადრისი „უძღვნა” მეტოქეს. ის მარჯვე კაცი ვლადიმერ გუცაევი იყო.
და თუ ვიტალი დარასელიას გოლს ხშირად ვიხსენებთ, გუცაევის გოლმა რა დააშავა ნეტავი?! ის დიდი გოლი იყო თავისი მნიშვნელობით, შესრულების დონით, სილამაზით, მაგრამ ესეც სახსენებელია, რამეთუ უერთმანეთოდ ხიბლი არა აქვთ ამ გოლებს.
1982 წელს ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე რომ წაეყვანათ გუცაევი (ყიფიანიც), ვინ იცის სადამდე მიაღწევდა სსრკ-ის ნაკრები. მას სწორედ გამომგონებლობა და ტემპერამენტი დააკლდა ბოლოს, პოლონეთის ნაკრებთან თამაშში — გამომგონებლობა და ტემპერამენტი, რომელიც საკმაოდ გააჩნდა გუცაევს.
სხვა სანაკრებო თამაშები კი ბდღვნად არ ღირს, გუცაევ-ფეხბურთელს მათში მონაწილეობით არც მომატებია რამე, არც დაკლებია. გუცაევი მხოლოდ საკლუბო ფეხბურთელად დარჩა, ოღონდ დიდ ფეხბურთელად.
დაბოლოს, სხვა გუცაევზეც ვთქვათ. ოცდაათს გადაცილებულ, დაბრძენებულ, ფეხბურთში ჭიპმოჭრილ ვლადიმერ გუცაევზე. იგი ხომ ერთ-ერთი ბოლო წავიდა დიდი ფეხბურთიდან თავისი თაობის წარმომადგენლებს შორის. ეს ის გუცაევი არ იყო, მაგრამ არც ეს „დინამო” იყო ის „დინამო”. ეს ის გუცაევი კი არ იყო, მაგრამ ბებერი ხარისა ჯერაც ხნავდნენ რქები, ვაგლახ, ერთმა (ორმა, სამმა) მერცხალმა ვერ მოიყვანა გაზაფხული…
მეხსიერებას ახალი ტანდემი — გუცაევი, გაზაევი — შემორჩა. ჰაი, ჰაი იბრძოდნენ ძველები, მაგრამ აღმასვლას კანონზომიერმა დაღმასვლამ მოსდია და მისი შეჩერება კაცის ძალას აღემატებოდა.
და წავიდა ვლადიმერ გუცაევი დიდი ფეხბურთიდან წყნარად, უხმაუროდ, ისევე, როგორც ბევრი მისი თაობიდან და დარჩა მოგონება, მონატრება, სინანული, ნოსტალგია დიდი ფეხბურთისა, სავსე ტრობუნისა…
მას შემდეგ, გუცაევის თაობის შემდეგ ხომ ერთი-ორჯერ თუ შეივსო ქვეყნის უმთავრესი სტადიონის ტრიბუნები. ნაღდი, ჯიგრიანი ფეხბურთიც ერთი-ორჯერ თუ ვიხილეთ.
…იჯდა სპორტის სასახლეში სრული, შავგვრემანი ჯერაც ახალგაზრდა კაცი და ფიქრიანად ადვენებდა თვალს მიხეილ-მესხის ხსოვნის ტურნირს მინი-ფეხბურთში. და შეკითხვა: ვოვა, თქვენ თუ თამაშობდით მინის? პასუხი: — კი, როგორ არა. საუკეთესო ფეხბურთელი მომცეს მაშინ….
და გჯერა რომ მისცემდნენ. მინიც იცოდა, დიდიც. საერთოდ, ფეხბურთი იცოდა.
11.02.1999