არის მატჩები, რომელთა კომენტირება მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგაა უპრიანი. ტურინის „ალიანც სტედიუმზე“ გუშინ ერთი ასეთ მატჩთაგანი შედგა. „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებას შესაფერისი პრელუდიაც ჰქონდა.
სტადიონისკენ მიმავალ „ნაპოლის“ ავტობუსს „იუვეს“ ფანები შემოეხვნენ და მიალანძღეს, პასუხად კი სტუმართა დამრიგებლის, მაურიციო სარის ზეაღმართული შუათითი მიიღეს.
„ჩვენს ავტობუსს აფურთხებდნენ იმის გამო რომ ნეაპოლელები ვართ. ჩემი პასუხი მოხულიგნო ჯგუფს ეკუთვნოდა და არავითარ შემთხვევაში მეტოქის ქომაგებს“, – ბრძანა ნამატჩევს მაურიციო სარიმ.
თავად შეხვედრა, ფაქტობრივად ერთი – 90-ე წუთისგან შედგებოდა. ვიდრე ნეაპოლელი ხოსე კოლეხონი კუთხურიდა მოსაწოდლებად ბურთს ისწორებდა, „იუვე“ ოთხი ქულით ლიდერობდა ჩემპიონატს. კიდევ წამებიც და სენეგალელი კულიბალი ჯერჯერობით კარიერაში უმთავრესი თავურის შესასრულებლად აფრინდა…
მანამ ყველაზე უბედური ადამიანი მაურიციო სარი სიხარულით ადგილს ვერ პოულობდა…
ჯიჯი ბუფონს უღონოდ დაეხარა თვალები… იტალიურ სერია A-ს კი – ევროპული ტოპლიგებიდან ერთადერთს დაბრუნებოდა თითქმის გამქრალი საჩემპიონო ინტრიგა.
ახლა „იუვენტუსის“ ჰანდიკაპი ერთადერთი ქულაღაა. იმის გათვალისწინებით, რომ დარჩენილ ოთხ ტურში ტურინელებს მილანში „ინტერთან“ და რომში „რომასთან“ გასვლები უწევს, ერთი ქულა დიდი ვერაფერი საგზალია.
ისე, არც ნეაპოლელებს მართებთ დიდი ზეიმის გამართვა. ბოლოსწინა ტურში „სამპდორიასთან“ სტუმრობაც არაა საჩუქარი. თუ გნებავთ, კლაუდიო რანიერის ჰკითხეთ – 2010 წელს მისმა „რომამ“ სწორედ გენუაში მარცხით დაკარგა სკუდეტო.
მოკლედ: ინტრიგა ცოცხალია. იმედია, ბოლომდე. მანამ კი იტალიელ ექსპერტებს საკბილო მიეცათ – ასეთი მტკივნეული მარცხი „იუვენტუსს“ 50 წელია, არ უგემიაო.
„რეალთან“ 3:1-ს მერე გაღმერთებულ მასიმილიანო ალეგრის კი სამსახურის შენარჩუნების გარანტიას მხოლოდ სკუდეტო თუ მისცემს.