„არსენალი” და „ჩელსი” ლუის ენრიკესთვის იბრძვიან. „მეთოფეებს” „ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერის შემცვლელად უნდათ, „ლურჯების” მილიარდერ მეპატრონეს, რომან აბრამოვიჩს კი ესპანელთან უკვე ჰქონდა წინასწარი მოლაპარაკებები. „ჩელსისაც” ხომ სჭირდება ანტონიო კონტეს შემცვლელი.

ენრიკე 47 წლისაა და სავარაუდოდ, „ემირეითზე” მისვლის დიდი შანსი აქვს. გუშინ, „არსენალის” ლეგენდამ პატრიკ ვიეირამ და „სელტიკის” თავკაცმა ბრენდენ როჯერსმა თქვეს, რომ გავრცელებული ხმების მიუხედავად ვენგერის მიერ გათავისუფლებული ადგილის დაკავებას არ აპირებენ.

ვიეირამ, რომელიც ამჟამად „ნიუ იორკ სიტის” წვრთნის, შემოთვალა: „არსენალში” ცხრა წელიწადი გავატარე. ეს კლუბი ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს, მის სათავეში ჩადგომისთვის საკმარისი არ არის. როდესაც გავიგე, რომ კანდიდატებს შორის დამასახელეს, გამიხარდა, ამან თავმოყვარეობა დამიკმაყოფილა, თუმცა ნიუ იორკში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და აქედან წასვლას არსად ვაპირებ.

ხოლო როჯერსმა, რომელმაც 2013-14 წლების სეზონში „ლივერპული” კინაღამ პრემიერლიგის ჩემპიონი გახადა (საბოლოო ცხრილში „მანჩესტერ სიტის” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა) განაცხადა: „არსენალი” ფანტასტიკური კლუბია. გავიგე, მისი მწვრთნელობის კანდიდატთა შორის მეც დავუსახელებივართ, მაგრამ ჩემს ვარიანტს ნუ განიხილავთ. მე მხოლოდ „სელტიკზე” ვფიქრობ და გლაზგოში თავს ბედნიერად ვგრძნობ. კონტრაქტით „სელტიკში” კიდევ სამი წლის გატარება მეკუთვნის და თუ ასე მოხდება ბედნიერი ვიქნები.

დავუბრუნდეთ ენრიკეს, რომელსაც, როგორც მოგახსენეთ „ჩელსისთან” ჰქონდა მოლაპარაკებები, რომლებიც მთლად ჩიხში არ შესულა, მაგრამ დაბრკოლდა. მიზეზი: ესპანელმა მწვრთნელმა ასისტენტ-დამხმარეთა მთელი ამალა მოითხოვა. „ბარსელონაში” მუშაობის წლებში მას ჰყავდა ხუთი თანაშემწე, ოთხი ფიზიოთერაპევტი და ფსიქოლოგი. ამ გუნდით ის ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.

და აი, ახლა უცბად „არსენალის” ვარიანტიც გამოჩნდა. აშკარაა, რომ „არსენალს” ენრიკეს ტიპის მწვრთნელი სჭირდება ანუ ის, ვინც მოედანზე მუშაობს და არა ის, ვინც კაბინეტში სწორად ადგენს შესაძენ მოთამაშეთა სიას და მერე წარმატებით ყიდულობს მათ.

საინტერესოა, რომ როგორც „არსენალი” ასევე „ჩელსი” „იუვენტუსის” ბოსის მასიმილიანო ალეგრისა და კარლო ანჩელოტის ვარიანტებსაც განიხილავენ.

„არსენალთან” დაკავშირებით ახსენებენ გერმანიის ნაკრების თავკაცის იოაჰიმ ლიოვის სახელსაც. კიდევ, ამბობენ, რომ თუ ლუის ენრიკეს ვარიანტი არ გამოვა, არ არის გამორიცხული „ემირეითზე” „ნიცას” 60 წლის თავკაცი ლუსიენ ფავრი გამოჩნდეს.

რაც შეეხებათ სამსახურებიდან წასულ ანტონიო კონტესა და არსენ ვენგერს, იმ შემთხვევაში თუ კონტე ერთი წლის განმავლობაში ახალ გუნდს ვერ იშოვნის, „ჩელსი” მას 9 მილიონ გირვანქას გადაუხდის, ხოლო ვენგერი „არსენალისგან” ყველა ვარიანტში 11 მილიონს მიიღებს.

 

 

 

 

წილი
წინა სტატიაპაპუ
შემდეგი სტატიავენგერის პირადი ცხოვრების შესახებ
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...