არსენ ვენგერი საფეხბურთო სამყაროში ყოველთვის ცნობილი კაცი იყო, მაგრამ დღეს, როდესაც მან საჯაროდ გამოაცხადა, რომ 22 წლიანი ერთგულების შემდეგ „არსენალიდან” მიდის, მსოფლიო მას-მედიას ნამდვილი სიგიჟე მოეძალა — პუბლიკაციების აბსოლუტური უმრავლესობა 68 წლის ფრანგს ეძღვნება. რას აღარ წერენ, გარდა ერთისა — მის პირად ცხოვრებას არავინ ეხება.
ვენგერი მთელი ამ 22 წლის განმავლობაში რაღაც მანქანებით ახერებდა თავისი ოჯახური ამბების საზოგადოებისგან დამალვას. თან ინგლისში, სადაც პრესას ადამიანის პირადი ცხოვრებიდან ისეთი დეტალების ამოქექვა ეხერხება, რომ ხანდახან მკითხველს შეგრცხვება კიდეც. თუ, რასაკვირველია, სირცხვილის გრძნობა კიდევ არსებობს.
ვენგერის პირად ცხოვრებაზე კი აი, რა ცნობების მოძიებაა შესაძლებელი: მას ჰყავდა მეუღლე ანი ბროსტერჰაუსი — ყოფილი კალათბურთელი, საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი. მათი ურთიერთობა 1990-იანი წლების შუაში დაიწყო. არსენი და ანი ცხოვრობდნენ ლონდონში, ტოტრიჯში, ვილაში, სადაც 1997 წელს შეეძინათ ქალიშვილი ლეა.
არსენმა და ანიმ ქალიშვილის დაჟინებით 2010 წელს იქორწინეს, თუმცა 2015-ში დაშორდნენ ერთმანეთს. მიზეზი: ვენგერს მეუღლეზე ახალგაზრდა ქალი შეუყვარდა. ვინ არის ეს ქალი, ზემოხსენებული „მანქანების” წყალობით კვლავ იდუმალებითაა მოცული.
ანის ვენგერამდეც ჰყავდა ქმარი, ამერიკელი კალათბურთელი ჯორჯ ბროსტერჰაუსი, რომელმაც შემდეგ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. ასე რომ ანის ქალიშვილობის გვარი ინგლისური ბროსტერჰაუსი არ გახლავთ. ანი ბროსტერჰაუსს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს ორი შვილი.
რაც შეეხება ლეა ვენგერს. მან 2017 წელს დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი.