მიუხედავად იმისა, რომ არსენ ვენგერის „არსენალიდან” წასვლის ამბავი ბოლო პერიოდში აშკარად მზადდებოდა, ისიც ფაქტი იყო, რომ მისი ოფიციალური დადასტურება ევროპულ მას-მედიაში ხმაურს გამოიწვევდა. მაგრამ ასეთს? ყველგან მხოლოდ ვენგერზე ლაპარაკობენ. იბეჭდება ძველი ფეხბურთელების მოგონებები, კოლეგების შეფასებები, მიმომხილველების ანალიზი, „ემირეიტ სთედიუმისთვის” არსენ ვენგერის სახელის მინიჭებას ითხოვენ, სოციალური ქსელები მადლიერი არსენალელების ტექსტებითაა გადავსებული… და რასაკვირველია, მიმდინარეობს გამალებული მსჯელობა იმაზე თუ ვინ უნდა გახდეს „მეთოფეთა” ახალი თავკაცი.
„ვენგერის შემცვლელის ძიებაში „არსენალი” უნდა იყოს მიუკერძოებელი, გაბედული და პირდაპირი” — თქვა ლონდონური კლუბის აღმასრულებელმა შეფმა აივან გაზიდისმა. „მეთოფეებს” სეზონის ბოლომდე აქვთ დრო. ფრანგის 22 წლიანი ეპოქა ფაქტობრივად მხოლოდ სეზონის ბოლოს დასრულდება.
ცნობილია, რომ „არსენალის” გაწვრთნის სურვილი უკვე გამოთქვა „ჩელსის”, „იუვენტუსის”, „მილანის”, „რეალის”, „პარი სენ ჟერმენის” და „ბაიერნის” ყოფილმა მწვრთნელმა, ტიტულოვანთა შორის ტიტულოვანმა იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ. იმავდროულად, „სელტიკმა” გამოაცხადა, რომ ნებას დართავს თავის მწვრთნელ ბრენდენ როჯერსს მოლაპარაკებები წამოიწყოს ლონდონელებთან.
„თუ ისინი ჩემ მიმართ ინტერესს გამოაჟღავნებენ, ძალიან ნასიამოვნები დავრჩები, — ბრძანა 58 წლის ანჩელოტიმ, — მაგრამ, ჯერჯერობით სულ ეს არის. ჩემი მომავალი იმაზეა დამოკიდებული, ვინ რას შემომთავაზებს და არა იმაზე, ვის რას შევთავაზებ მე”.
BBC-მ შეიტყო, რომ თუკი ანჩელოტი „არსენალის” მწვრთნელი გახდება, ასისტენტად ახლო წარსულის ბრწყინვალე იტალიელ ფეხბურთელს, ანდრეა პირლოს წაიყვანს.
ახალი მწვრთნელის შერჩევასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ზემოხსენებულმა გაზიდისმა: „ვენგერის შემცვლელს ვერასდროს ვიპოვნით. ჩვენ შემდეგი მწვრთნელი უნდა მოვძებნოთ. პროცესს დაუყოვნებლივ ვიწყებთ. მთავარი სწრაფი კი არა, სწორი გადაწყვეტილების მიღებაა”.
გაზიდისმა აგრეთვე ილაპარაკა, რომ კლუბისთვის მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს ფასეულობები, რომლებიც ვენგერმა იქ 22 წლის განმავლობაში დანერგა. ხოლო ის გარემოება, რომ ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატია, „მეთოფეებს” შეახსენებს, რომ მაინც, რაც უფრო ჩქარა მიიღებენ გადაწყვეტილებას, მით უკეთესი იქნება.