ლონდონის „არსენალმა“ მეთერთმეტედ მოიგო ინგლისის ჩემპიონობა და ახლოა იმასთან, რომ საქვეყნო დუბლიც გაახერხოს, რახან მომავალ შაბათს ასოციაციის თასის ფინალში თამაშიც უწევს.
უკანასკნელად დუბლი „არსენალმა“ ოცდაშვიდი წლის წინათ მოიგო, ჩემპიონობა კი შვიდი წლის წინათ. ამ შვიდ წელიწადში ინგლისს სულ სამი ჩემპიონი ჰყავდა: „ლიდსი“, „ბლექბერნი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელსაც წინ ფრანგი ერიკ კანტონა მიუძღვოდა.
სწორედ კანტონა იყო პირველი კონტინენტელი ფეხბურთელი, დისკვალიფიკაციის შემდგომ კუნძულურ თამაშში რომ მანამდე არნახულ წარმატებას მიაღწია და ორი კლუბის „ლიდსისა“ და „მანჩესტერის“ შემადგენლობაში ზედიზედ გახდა ინგლისის ჩემპიონი. აქვე გაირკვა, რომ პრემიერლიგა ნორვეგიელთა გარდა ფრანგთათვისაც მოუგონიათ. რატომაც არა? ფრანგები ყოველთვის შემტევ, ლაღ ფეხბურთს თამაშობდნენ.
მაგრამ კანტონა პირველი დიდი ფრანგი იყო. მას დავიდ ჟინოლა, სრულიად განსაკუთრებული ნიჭისა და გაქანების ვარსკვლავი მოჰყვა.
ხოლო როცა წლინახევრის წინათ ლონდონის „არსენალმა“ მენეჯერი ბრუს რიოქი მოხსნა და იაპონიაში დაიწყო ფრანგის ძებნა, ჰაიბერელ ფანებს ღიმილი შეახმათ სახეზე: „არსენ ვინა? მერე ჩვენგან რა უნდა?“
არსენ ვენგერი, „მონაკოს“ ოდინდელი მწვრთნელი, რატომღაც საპენსიო ჯეი ლიგაში გადაბარგებულიყო. ალბათ, ევროპული ყაყანი მობეზრებოდა და თავის საბანკო ანგარიშზე ერთი ნულის წამატებაც უნდოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად ფეხბურთის კაცი იყო და მიწვევა-გამოწვევაც მიიღო.
და რაღა იყო „არსენალი“ იმ სექტემბერს?
ეს იყო კლუბი, რომელსაც სევდის მარადიული კრიზისი შეჰყროდა.
ეს იყო კლუბი, რომელსაც უკვე ჰყავდა მსოფლიო ვარსკვლავი დენის ბიერხკამპი, პრემიერლიგის ისტორიული მეგოლე იან რაიტი, ნაკრების მეკარე სიმენი, ნაკრების კაპიტანი ადამსი, ნაკრების გარემარბი მერსონი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი პლატი და მხარბეჭიან შიდა მნიშვნელობის ვარსკვლავ-ვეტერანთა მთელი წყება ლი დიქსონის, რეი პარლოუსი და ნაიჯელ უინტერბერნის თამადობით.
ფეხბურთელთა ძალმოსილებით ეს გუნდი ყველას აჯობებდა, ფეხბურთელთა ფრთის გაშლით კი ბევრს ვერა.
არსენ ვენგერი ის კაცი იყო, ვის ხელშიც არაერთ ვარსკვლავს გაევლო მონეგასკურ კლუბში მუშაობისას. და პრინციპში, რაც ვენგერმა საუცხოოდ იცის ფეხბურთში, ეს მოთამაშის გამოფხიზლება, მისი ვარსკვლავურ გზაზე შეყენება და მასში საუკეთესოს გუნდური თამაშისთვის მისადაგება. მის ხელში გაბრწყინებულან თუნდაც გლენ ჰოდლი და ჯორჯ ვეა.
„ჰაიბერზე“ დამკვიდრებული ვენგერი ერთთავად ამტკიცებდა, ინგლისური ფეხბურთის ავანჩავანი ძალიან კარგად ვიცი და ჩემი გუნდი უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებსო. მისი ეს სიტყვები ძნელად თუ ცვლიდა საქმეს, რადგან „არსენალი“ თამაშობდა მძიმედ, მშრალად და იან რაიტის ეფექტურ გოლებს შეუძლებელი მარცხები ენაცვლებოდა ხოლმე.
ინგლისური ფეხბურთი ყოველთვის ჯიუტად ადგა თავის გზას. აგერ ას მეცხრე წელიწადი ილევა, რაც ამ ქვეყანაში რეგულარული ჩემპიონატი მიმდინარეობს და ამ საუკუნის განმავლობაში მოწინავე გუნდებს უკვე ჩამოუყალიბდათ იერ-სახე და სათამაშო პრინციპი. აი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბასბის დროიდან უკანმოუხედავ შეტევას, ე.წ. „სიამოვნების ფეხბურთს“ მისდევს… „ლივერპულს“ შენკლიმ და კეისლიმ დაუთქვეს აწყობილი გუნდური თამაშის პრინციპი, შუა მოედნის პყრობა და არაორდინალური თავდასხმა. „არსენალის“ ტრადიცია კი, ვგონებ ჩეპმენის დროიდან, რაღაც თვალშისაცემი პრაგმატიზმი იყო – უმტკიცესი დაცვა, დროის წელვის ხელოვნება და სწრაფი კონტრშეტევა, რომელიც ბასრი დარტყმებით ბოლოვდებოდა.
ასეთი იყო „არსენალი“ ყოველთვის და ყოველჟამს.
დისკვალიფიკაციის ხანის მეთოფეთა გუნდს სქოთი ჯორჯ გრემი ქმნიდა, 70-იანი წლების „არსენალის“ მცველი, თავისთავად საუცხოო მენეჯერი, რომელმაც არნახულ დონემდე გაზარდა მთქნარების შესაძლებლობა „ჰაიბერის“ ტრიბუნებზე და გუნდს მრავალი ტიტული მოუტანა: ორჯერ გახდა ჩემპიონი და საშინაო და ევროპული თასებიც დაალაგა მშობლიურ სტადიონზე.
რით იყო ცნობილი გრემის გუნდი?
მას „მოსაწყენ „არსენალს“ უწოდებდნენ. ის კი ტიტულებს იგებდა. იმ დროის „არსენალი“ განთქმული იყო იან რაიტის უნარით სეზონში 30-35 გოლი გაეტანა და დაცვის ხაზის არნახული სიმტკიცით (სიმენი – უინტერბერნი – ლინიგენი (კეუნი) – ადამსი – უინტერბერნი).
შემდეგ გრემი ფინანსურ სკანდალში გაეხვა, ბრუს რიოქს იმედი ჰქონდა, რომ მის ადგილას დიდხანს იქნებოდა, მაგრამ შარშანდელი პრემიერლიგის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე მოხსნეს და კლუბი უმენეჯეროდ შეაგებეს ჩემპიონატს.
არსენ ვენგერი სექტემბერში მოვიდა.
განა ჩვენ ბოლო ორი პრემიერლიგის მიმდინარეობას აღვწერთ? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, უნდა ვთქვათ, რომ ლონდონი თვალსა და ხელს შუა იქცა საფეხბურთო ბაბილონად და მისი გავლენა ინგლისურ ფეხბურთზე თანდათან გაიზრდება. დედაქალაქის კლუბებმა დიდი კოსმოპოლიტური ტრანსფერები იტვირთეს და თავიანთი შემადგენლობა უცხოელთა თამაშზე ააგეს. „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ვესტ ჰემი“ და რა თქმა უნდა, „არსენალი“ ამ მხრივაც გამოირჩეოდნენ. სადღეისოდ, ამ ოთხიდან სამს წყალგაღმელი მენეჯერი ჰყავს. და რა თქმა უნდა, ვენგერიც ამათ შორისაა.
ვენგერის გრძელ სიაში, ძირითადად ახალგაზრდა, მაგრამ დიდი პოტენციალის ფეხბურთელები მოხვდნენ: ფრანგები ვიეირა და ანელკა, ლიბერიელი ერე, პორტუგალიელი ბოა მორტე, ავსტრიელი მანინგერი და ა.შ. მაგრამ ეს უფრო ხვალინდელი შემადგენლობა იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფრანგს ლონდონი მოსწონს. იყო ვარსკვლავთა ან ცნობილთა რეესტრიც – მარკ ოვერმარსი, ფრანგი პეტი და სხვანი.
თავად ვენგერის სიტყვები თავის ახალგაზრდათა შესახებ ტრაბახად უფრო ჩანდა. რადგან ამ გაზაფხულამდე მეთოფეთა გუნდში სისხლში გამჯდარი რამდენიმე ადათი მოქმედებდა. ვთქვათ, ასეთი: გოლები იან რაიტს გააქვს, ხანდახან – ბერხკამპს. თუ თამაშობს ბერხკამპი, თამაშობს „არსენალიც“. ვენგერი კი იმეორებდა, გუნდში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები მყავს, ჰა, თუ ყმაწვილნი, ჰა, თუ ძველგაზრდანიო.
პრობლემები კი მრავლად იყო, მწვრთნელი ვერ ახერხებდა ჰარმონიის განფენას ძირითად შემადგენლობებში. ძველი ფეხბურთელები სტერეოტიპებით ირჯებოდნენ, ახლები დაბნეულნი ჩანდნენ. ესეც არ იყოს და, ტონი ადამსისა და ლი დიქსონისთვის სულაც არ იყო იოლი რაღაც ახლის უპირობოდ მიღება. სეზონის წინ ვენგერის მოთხოვნით გაიყიდა კლუბის ცოცხალი სიმბოლო პოლ მერსონი და ეს მაშინ, როცა გუნდის უმთავრეს პრობლემად მოძრაობა რჩებოდა. მარკ ოვერმარსი ძნელად შედიოდა თამაშში. მოძრაობის პრობლემა მხოლოდ რაიტსა და ბერხკამპს არ ჰქონდათ. პირველი საკლუბო რეკორდის დასამხობად იყო ანთებული, მეორეს კი ის ყინულის გული გალღობოდა და თავის საუკეთესო ინგლისური სეზონის ჩასატარებლად ემზადებოდა.
წლევანდელი პრემიერლიგის ინტრიგა ლონდონსა და მანჩესტერს შორის დასუნსულებდა. ის, როგორღაც, ორ ეტაპად გაიყო. შარშანდელ ჩემპიონსა და წლევანდელ გამარჯვებულს შორის ჭიდილი ამ პრემიერლიგის უმთავრესი ნიშანი იყო.
ჩემპიონატი რომ გახურდა, ორი რამ შეიქნა ცხადი: პირველი ის, რომ „მანჩესტერმა“„ტრადიცია“ დაარღვია და შემოდგომიდანვე შთამბეჭდავად თამაშობს ინგლისსა და ევროპაში, მეორე კი ის, რომ „არსენალის“ წარმატება ბერხკამპისა და რაიტის ბრწყინვალე ფორმაზე ჰკიდია.
„არსენალი“ ეფექტურად ირჯებოდა და საუცხოო გამარჯვებებს შოკისმომგვრელ მარცხს უნაცვლებდა. „ჰაიბერის“ პუბლიკა გაურკვევლობას მოეცვა. ევროპული არენის სამარცხვინოდ დატოვება, უდისციპლინო თამაში (ყვითელ-წითელ ბარათთა მთელი წყება), პრობლემები „ლესტერის“ დარ გუნდებთან და მაინც შთამბეჭდავი გამარჯვება „მანჩესტერ იუნაიტედზე“ ორი შარშანდელი მარცხის მოსაწმენდად. მაგრამ პრობლემები მაინც დიდი იყო, განსაკუთრებით გასახდელში, სადაც უცხოელები და ინგლისელები აშკარად სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, ან სულ არ ლაპარაკობდნენ.
ზამთრის პირას „მანჩესტერმა“ იმხელა მარაგი შეიქმნა, რომ ცხადი გახდა, ტახტიდან მისი ჩამოგდება მხოლოდ სასწაულს, ძალიან მკვეთრ რაღაცას შეუძლია.
„არსენალს“ კი თითქოს ყველა ჭრილობა გაეხსნა. აბა, ვის არ ახსოვს სულისმღაფავი მეთოფენი, რომელსაც „ბლექბერნმა“ „ჰაიბერიზევე“ გაუტენა თოფები მიწით, სამი გოლი გაუტანა, დაჩაგრა და გაამასხარა? „არსენალი“ მბობღავ, ილაჯგაწყვეტილ გუნდს ჰგავდა. ფანებმა ფეხბურთელებს აგინეს, იან რაიტმა ფანებს. მონასტერი არევის პირას იყო და სწორედ აქედან დაიწყო დრამა, რომელსაც „მეფეთა დამხობა“ უნდა ვუწოდოთ.
იანვრის თვე ის დროა პრემიერლიგაში, როცა ყოველი ძველი ტკივილი ახალი ძალით იჩენს ხოლმე თავს. თებერვალში კი ყოველი ჭრილობა იხსნება და ვაი იმას, ვინც ტკივილი დაძლია და დროზე ვერ უწამლა თავს. წელსაც ასე იყო: ჩემპიონთა ლიგისკენ მრბოლავი „ჩელსი“ გულიტის გადაყენებამ დაამუხრუჭა, „ბლექბერნი“, პროვინციული გუნდი-ვარსკვლავი, ფრონტის სიგანეს ვეღარ გასწვდა, „მანჩესტერში“ ტრავმებზე დაყრდნობილი გუნდური კრიზისი გაღვივდა. „არსენალს“ დევიდ სიმენი და იან რაიტი გამოაკლდნენ ტრავმების გამო, პატრიკ ვიეირას და ბერხკამპს კი მგონი მთელს კარიერაში არ მიუღიათ ამდენი დამსჯელი ბარათი. მერე ბერხკამპიც დაშავდა. თუმცა, ეს მერე იყო.
ძნელი სათქმელია, როდის დაიჭირა ვენგერმა მომენტი და როდის გახსნა გუნდი, მაგრამ ფაქტი ერთია, 28 იანვრიდან, ვიდრე 3 მაისამდე, „არსენალმა“ ორადორი გოლი გაუშვა და ყველა თამაში მოიგო. თვენახევარს იდგა სიმენის ადგილას მთლად ყმაწვილი ალექს მანინგერი და მშრალად შეინახა კარი. ადამს-უინტერბერნ-ბოულდის „ჯგუფმა“ დაივიწყა ის, რომ ჯამში ასზე მეტი წლისაა და კლდედ იქცა, რამაც მსუბუქად მოგვაგონა გრემის დროება. გუნდი ამოძრავდა, გაიშალა, რეი ჰარლოუმ მარცხენა ფრთა გადათხარა, მარკ ოვერსმარსმა მარჯვენა, ვიეირამ მთელი შუამოედნის პყრობა შესძლო. ანელკამ კი თამაშის ბედის გადაწყვეტის ხელოვნება შეითვისა. „არსენალი“ ამოძრავდა, დაიქოქა და მძლავრი და შთამბეჭდავი შეიქნა.
ვენგერს სწორედ ამ საქმის დასაწყისში დასცდა: „ჩვენ ჩემპიონები გავხდებით და თასსაც მოვიგებთ“. მან უკვე იცოდა, რომ აეწყო. ჯერჯერობით სხვამ არავინ. გოლები აღარ იყო რაიტისა და ბერხკამპის პრეროგატივა, გოლები გაჰქონდა ყველას. ყველა ხდებოდა გამარჯვების შემოქმედი. ერთი თამაში ერეს გოლმა მოიგო, ერთი ვიეირასამ, სამი ოვერმარსისამ, ერთიც პარლოუსამ და ა.შ.
საშემოდგომო მარაგით ზურგგამაგრებული „მანჩესტერი“ კი ყველაფერს თმობდა, ევროპასაც, სახლსაც, ცოტას აგებდა, მაგრამ ვეღარაფერს იგებდა და როგორც ყველაფრის დასასრული, ფერგიუსონის გუნდის გარდაუვალი განწირულობის წამი „ოლდ ტრეფორდზე“ დადგა. „არსენალმა“ აჯობა ტანჯულ „იუნაიტედს“ ერთი სპონტანური კომბინაციის შედეგად გატანილი ოვერმარსის გოლით, მაგრამ აჯობა ჯანით, გახსნილობით და მოძრაობით, კომბინაციათა ხლართვის უნარით.
„არსენალი“ საბოლოოდ გაიხსნა ამ თამაშით. ცხადი შეიქნა, რომ ის ჩემპიონი გახდებოდა.
არსენ ვენგერს კი ნაღდად ეკუთვნის ტაში, მას ფეხბურთის მაჯაზე უდევს ხელი და მაჯისცემაც კარგად ესმის. როცა მაჯისცემა გესმის, მაშინ დამაწყნარებელ წვეთებსაც იოლად იპოვნი. ძველი და ახალი „არსენალის“ გზაგასაყარზე ტიტული იდო. ეს უცნაურია, მაგრამ ამაზე უცნაური ის არის, რომ „არსენალი“ „ღალატობს“ „არსენალს“, თუმცა რა, საფეხბურთო ლონდონი ხომ საოცრად კოსმოპოლიტური ადგილია, წარსულის აჩრდილები კი მხოლოდ აჩრდილები ყოფილან და სხვა არაფერი. ალბათ, ტონი ადამსიც მალე იქცევა ინგლისური ფეხბურთის წარსულად, მის ადგილს კი გუნდში რომელიმე ლუიშ ბოა მორტე დაიჭერს.
და მეთოფენი ჩემპიონები არიან.
არსენ ვენგერს კი ბედმა გაუღიმა, რომ არც „ჩელსიში“ მოხვდა და არც „ტოტენჰემში“, არამედ ძველ დინჯ, სერიოზულ და გეგმაზომიერ „ჰაიბერიზე“, სადაც ხალხს ერთი ხელის დაკვრით არ იშორებენ.
07.05.1998