უცნაური რამ გაირკვა მაიკლ ქერიკის შესახებ — თურმე, ნაკრებთან ერთად ხანგრძლივად სადმე გამგზავრება არ შეეძლო. ქერიკი 36 წლის არის, 2006 წლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს, სადაც 315 შეხვედრა ჩაატარა. ნახევარმცველს ნაკრებში 34-ჯერ აქვს ნათამაშები და მეტსაც ითამაშებდა პირადად მისი თხოვნა რომ არა.
2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ერთი წუთითაც ვერ შეძლო მოედანზე შესვლა, შემდეგ კი ითხოვა ეროვნულ გუნდში საერთოდ აღარ გამოეძახათ.
„ნაკრებთან ერთად მოგზაურობა ძალიან მიჭირდა. ვყოფილვარ გუნდთან ერთად დიდხანს, როგორ არა, მაგრამ რამდენადაც „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად სეზონისწინა სამკვირიან შეკრებებზე პრობლემა არ მქონია, იმდენად მთრგუნავდა ნაკრებში ყოფნა.
2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში მივხვდი, რომ ამას მეტად ვეღარ გავუძლებდი. გონებით კარგად მესმოდა თუ რამხელა პრივილეგიაა დიდ შეჯიბრებებში ეროვნული გუნდის წევრობა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო.
სანაკრებო შეკრებებზე ყოველთვის… დიახ, დეპრესიის ზღვართან ვიყავი. და ამიტომაც შევუთვალე ფეხბურთის ასოციაციას: გთხოვთ, აღარ გამომიძახოთ”.
მაიკლ ქერიკმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში, მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა — 2006 წელს ეკვადორის წინააღმდეგ. ეროვნული გუნდის ფორმა მან ბოლოს 2015 წელს, ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო, მაგრამ ეს ხომ საზღვარგარეთული შეკრება არ იყო.