სლოვაკურ ვისოკე-ტატრეში დასრულებულ ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ თავისი მორიგი წარმატება, კერძოდ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენებურმა 11 პარტიაში 8 ქულა დააგროვა და ჩემპიონ რუსს ვალენტინა გუნინას ქულით ჩამორჩა.

კონტინენტის შარშანდელი გამარჯვებული, ნანა რეიტინგით შეჯიბრზე მესამე ნომრად იყო განთესილი და მეოთხე ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობდა ცხრილს, თუმც მეხუთეში დამარცხდა და პირველობა გუნინას დაუთმო. ისინი მე-8 ტურში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ ძაგნიძემ, სამწუხაროდ, უშუალო კონკურენტთან წააგო და ვალენტინამ ლიდერობა განიმტკიცა. ბოლო ტურის წინ რუსი ქულით უსწრებდა უახლოეს მდევრებს და ჩემპიონობისთვის ყაიმიც ჰყოფნიდა, რაც არ გასჭირვებია, მეტოქეს მალე დაუზავდა და ევროპის ჩემპიონი მესამედ შეიქნა. სწრაფი ყაიმებით დაასრულეს პარტიები სხვა მდევრებმაც, მათ შორის ძაგნიძემაც, რომელიც შავებით ბოლომდე ებრძოლა მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას, 57-ე სვლაზე დაუზავდა და ვერცხლი დაისაკუთრა. ძაგნიძის მსგავსად 8 ქულა კიდევ 6-მა მოჭადრაკემ დააგროვა, თუმცა ქართველ მოჭადრაკეს დამატებითი მაჩვენებლები ყველაზე უკეთესი აღმოაჩნდა.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 70 ათასი ევრო იყო, საიდანაც გამარჯვებულმა 11 ათასი მიიღო, 14-მა საუკეთესომ კი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მათ შორის მოხვდა ლელა ჯავახიშვილიც, რომელმაც 7,5 ქულით მე-12 ადგილი დაიკავა. ჩემპიონატის ქართველ მონაწილეთა შედეგები 144 მოჭადრაკისგან შემდგარ ცხრილში ასე გამოიყურება:

2. ნანა ძაგნიძე – 8 ქულა
12. ლელა ჯავახიშვილი – 7,5
22. მერი არაბიძე – 7
29. ბელა ხოტენაშვილი – 6,5
36. ნინო ბაციაშვილი – 6,5
64. მირანდა მიქაძე – 6
103. სალომე მელია – 4,5

წილი
წინა სტატიასაქართველომ ჰონკონგს წუთები დაუთვალა
შემდეგი სტატიასისხლისდენა თურქეთის ნახევარფინალში
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.