საულ „კანელო” ალვარესმა 2018 წლის დასაწყისში ორი დოპინგ-ტესტი ჩააფლავა, რის გამოც მას ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. როგორც თავად 27 წლის მექსიკელი მოკრივე ამბობს, ყველაფერი ხორცის ბრალია. საულ „კანელო” ალვარესი საშუალო წონაში გამოდის.
„კანელო” 17 და 20 თებერვლის ტესტებზე ჩავარდა. მას ორგანიზმში კლენბუტეროლი აღმოუჩინეს. მკაცრ კომისიას თავიდან უნდოდა მოკრივე ერთი წლით დაესაჯა, მაგრამ მერე გაითვალისწინა, რომ ალვარესი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და სასჯელი ექვს თვემდე შეუმცირა. ამრიგად, 17 აგვისტოს „კანელო” თავისუფალია.
„მექსიკაში ხორცის ჭამის გამო უკვე ბევრ სპორტსმენს შეექმნა პრობლემა”, — თქვეს ალვარესის პრომოუტერებმა. კლენბუტეროლი ასთმის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, მაგრამ მას აგრეთვე კუნთის მასის ზრდა და ზედმეტი ქონის დაწვა შეუძლია. თურმე ნუ იტყვით და უნამუსო მექსიკელი ყასბები ამ პრეპარატს საქონლის საკვებში ურევენ, რათა შემდეგ ხორცმა საბაზრო სახე მიიღოს.
„კანელო” ალვარესს გასული წლის სექტემბერში გენადი გოლოვკინთან ჰქონდა საჩემპიონო ბრძოლა, რომელიც ფრედ დასრულდა. წესით რემატჩი უნდა შემდგარიყო, მაგრამ ხორცის ჭამამ თავისი ქნა.
ალვარესს პროფესიულ რინგზე 52 ბრძოლიდან 49 აქვს მოგებული და ორი ფრედ დამთავრებული. ერთადერთი მარცხი მან 2013 წელს თვით ფლოიდ მეივეზერისგან იწვნია.