„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ბორნმუთს” 2:0 მოუგო, პოლ პოგბამ კარგად ითამაშა და ჟოზე მოურინიუმ ფრანგ ნახევარმცველზე სულ კარგი სიტყვები თქვა. და მაინც, ინგლისელ ჟურნალისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ „განსაკუთრებულის” ჟესტიკულაცია სულ სხვა რამეზე მეტყველებდა.

ფეხბურთელი, რომელშიც „იუნაიტედმა” თავის დროზე 105 მილიონი ევრო გადაიხადა, პორტუგალიელმა მე-80 წუთზე მაინც შეცვალა. არადა, პოგბამ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ცნობისთვის: მიმდინარე სეზონში მოუმ ექსცენტრული ფრანგი უკვე მეშვიდედ გაიყვანა მოედნიდან.

როდესაც შეცვლილი პოგბა „იუნაიტედის” სათადარიგოთა სკამს მიუახლოვდა, მოურინიუმ ჯერ მიუთითა, წადი უკან დაჯექიო და მხოლოდ მერე დაუკრა ტაში. ფრანგი ნაცვლად იმისა, რომ სკამზე დამჯდარიყო გასახდელისკენ გაეშურა. რასაკვირველია, მანამდე რამდენიმე თანაგუნდელს ხელი ჩამოართვა.

წინა, წაგებულ მატჩთან შედარებით „ბორნმუთთან” შეხვედრაში მოურინიუს შემადგენლობა შვიდი ფეხბურთელით ჰყავდა გადახალისებული. მოგეხსენებათ, წინა ტურში „იუნაიტედმა” შინ „ვესტ ბრომვიჩთან” 0:1 წააგო, შაბათს კი „ტოტენჰემთან” თასის ნახევარფინალი აქვს სათამაშო.

BT სპორტის კორესპონდენტს პორტუგალიელმა პოგბას შესახებ ასე უთხრა:

„დღეს ის ძალიან კარგი იყო, მანჩესტერულ დერბიში, „სიტის” წინააღმდეგ კი უბრალოდ ფენომენალური გახლდათ. ამჯერად, ჩემი ფეხბურთელებიდან ყველას ვინ ჯობდა, გადაჭრით ვერ გეტყვით, მაგრამ, ვიმეორებ, პოგბა ძალიან კარგი იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მისი დასახელება სამართლიანია”.

ტონი შეცვალა „იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა პოლ სქოულზმაც, რომელიც „ვესტ ბრომვიჩთან” შეხვედრის შემდეგ აღშფოთებული ამბობდა, რომ ფრანგმა გუნდის მიმართ უპატივცემულობა გამოამჟღავნა. ამჯერად მან ასე თქვა: „თუ ის ასე გააგრძელებს თამაშს, მაშინ მასზე უკეთესი ფეხბურთელი მსოფლიოში არ იქნება”.

თუმცა, მოურინიუმ, რომელიც ჯერ კიდევ გასული ტურის მარცხით იყო გაწბილებული განაცხადა: „სახეზე კვლავაც გასული კვირის გამომეტყველება მაქვს. დღევანდელი გამარჯვება არ მიხარია. „სიტის” კლასში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, ის საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ აშკარად შეგვეძლო ათი ქულით მეტი გვქონოდა”.