რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ინგლისელებს უფრო ნაკლები გულშემატკივარი ეყოლებათ, ვიდრე პერუს და ჩინეთს… მოიგონე ამის მერე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაში.
ის, რომ ყველაზე მეტი ბილეთი მასპინძელ ქვეყანაში გაიყიდა, სრულიად ლოგიკურია. რუსებმა 796 875 ბილეთი შეიძინეს. მეორე ადგილზეა აშშ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერც გავიდა და სადაც ფეხბურთზე დიდად არც გიჟდებიან. ამერიკელებმა 80 161 ბილეთი შეიძინეს. შემდეგ მოდიან კოლუმბია (60 199), გერმანია (55 136), მექსიკა (51 736) და არგენტინა (44 882).
ინგლისზე მეტი ბილეთი შეიძინა პერუმ (38 544), ჩინეთმა (36 841) და ავსტრალიამ (34 628). ინგლისელების ხელში კი 30 711 ბილეთია.
ბრიტანეთსა და რუსეთს შორის გამძაფრებული პოლიტიკური ურთიერთობა რომ არა, ცხადია მსოფლიოს ჩემპიონატზე მეტი ინგლისელი გაემგზავრებოდა. შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა თავიდან შუა ლონდონში ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო დაიძაბა, ხოლო ამას ბრიტანელების, ამერიკელებისა და ფრანგების მიერ სირიის ქიმიური იარაღის ბაზებისა და საწყობების ერთობლივი დაბომბვა დაემატა.
მარტში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გამოაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს და თამაშებზე დასასწრებად რუსეთში არ ჩავა. ბუნებრივია, რომ ფეხბურთის რუს ფანებს შორის გავრცელებულმა ხულიგნობამ (ლაპარაკია ჯგუფურ ჩხუბში პროფესიულად გაწვრთნილ „შპანაზე”) ინგლისის ბევრ მოქალაქეს აფიქრებინა, რომ აუტკივარი თავის ატკიება არ ღირს. ინტერნეტში, ფორუმებზე რუსი ხულიგნები ინგლისურენოვან(!) მუქარის ტექსტებს დებენ. „სანს” რამდენიმე მაგალითი მოჰყავს:
„ომი გინდოდათ? მიიღებთ! ჩვენ ბრძოლა სისხლში გვაქვს. ივნისში მხოლოდ სიმღერებით არ შემოვიფარგლებით”.
„მოემზადეთ სიკვდილისთვის!”
„გიჯობთ, დარბაზში შეხვიდეთ და ივარჯიშოთ!”
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელთა ცოლები შიშობენ, რომ რუსეთში მათ დაცვის გარეშე დატოვებენ.
აღსანიშნავია, რომ ევროლიგის მეოთხედფინალში, ცსკა-სა და „არსენალის” შეხვედრის დროს ლონდონელი ფანები რუს ხულიგანთა აგრესიას გადარჩნენ, მაგრამ „მეთოფეთა” შავკანიანი ფეხბურთელები მოურიდებელი რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ.
ახლა, რაც შეეხება ბილეთის ფასს. როგორც ამბობენ, დარჩენილი ბილეთების გვარიანი ნაწილი გადამყიდველების ხელშია და მათი ფასი ორმოცჯერაც(!) კი არის გაზრდილი. ასე მაგალითად, 18 ივნისს, ინგლისისა და ტუნისის ნაკრებების თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 490-დან 11 237 ათასი გირვანქის ფარგლებში მერყეობს. არადა, ფიფას ვებგვერდზე „თავისი ფასი” 296 გირვანქაა. ინგლისელი პასუხისმგებელი პირები თავიანთ ფანებს აფრთხილებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყიდონ ბილეთი გადამყიდველისგან, რადგან დიდი შანსია თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ — ოთუსბირიც გადაიხადონ და სტადიონზე საერთოდ ვერც შევიდნენ.