ჯერ ეს სეზონი არ დასრულებულა, წინ ამხელა მსოფლიოს ჩემპიონატია და კლუბები უკვე შემდეგი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს გეგმავენ. „მანჩესტერ იუნაიტედს”, მაგალითად, ივლისში, ამერიკაში, 13 დღეში 5 თამაში უწევს, მათ შორის „ლივერპულთან” და „რეალთან”.

ვაკო ყაზაიშვილის სან ხოსე მანჩესტერს 22 ივლისს შეხვდება

ამ შეხვედრების უმეტესი ნაწილი ჩემპიონთა საერთაშორისო თასის ეგიდით ჩატარდება — ამხანაგური მატჩების შემცვლელი საზაფხულო შეჯიბრებაა, რომელსაც მეტწილად აშშ და კანადა მასპინძლობს ხოლმე.

„სანი” წერს, რომ მანჩესტერელთა განრიგი ასეთია: 19 ივლისს, არიზონაში „ამერიკას” ხვდებიან; 22 ივლისს, სანტა კლარაში ვაკო ყაზაიშვილის გუნდთან, „სან ხოსე ერსქუეიქთან” უწევთ დაპირისპირება; 25-ში, პასადენაში „მილანი” ელით; 28-ში, მიჩიგანში „ლივერპული”; 1 აგვისტოს კი მაიამიში „რეალთან” გაარკვევენ ურთიერთობას.

მიჯრით ჩატარებული შეხვედრები ჟოზე მოურინიუს სამომავლო გუნდის ძლიერ და სუსტ მხარეებს დაანახებს, „იუნაიტედის” გულშემატკივრებს კი თავიანთი თავსატეხი აქვთ — ჩვენგან განსხვავებით ისინი თამაშების მათთვის კომფორტულ დროს ყურებას არიან დაჩვეულები და ოკეანის გაღმიდან რეპორტაჟების გამო ძილის ტეხა ეხამუშებათ. მაგალითად, „მილანთან” თამაში ინგლისის დროით ღამის 4 საათზე უწევს, „ლივერპულთან” — 10 საათზე ანუ როდესაც სამსახურებში ან სამსახურებისკენ გზაში იქნებიან, ხოლო „რეალთან” თამაშის ნახვა თუ მოუნდებათ, ღამის 1 საათზე უნდა ჩართონ ტელევიზორი.

საინტერესო თამაშები ელის „ლივერპულსაც”. 22 ივლისს იურგენ კლოპი თავის ყოფილ გუნდს, „დორტმუნდს” დაუპირისპირდება, ხოლო 25-ში „მანჩესტერ სიტის”.

ინგლისური გუნდებიდან „ტოტენჰემ ჰოთსპურს” „რომასთან”, ბარსელონასთან” და „მილანთან” ელის დაპირისპირება.

„სიტი” ვახსენეთ და პეპ გვარდიოლას ბიჭებს „ლივერპულის” გარდა საინტერესო შეხვედრა ელით  „ბაიერნთანაც”.

„არსენალი”, რომელიც დიდი შანსია უკვე არსენ ვენგერის გარეშე იყოს, „ატლეტიკოს”, „პარი სენ ჟერმენს” და „ჩელსის” შეხვდება.

„ჩელსი” „სევილიას” და მილანს”.