პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ ჩატარებული ტრადიციული გამოკითხვის შედეგად გაირკვა პრემიერლიგის წლის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ყველაზე მეტი, ხუთი ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიდან” მოხვდა. ესენი არიან, მარჯვენა მცველი კაილ უოქერი, ცენტრალური მცველი ნიკოლას ოტამენდი, ნახევარმცველები, დავიდ სილვა და კევინ დე ბრუინი და თავდამსხმელი სერხიო, იგივე კუნ აგუერო.

საოცარია, რომ კოლეგებმა ანუ პრემიერლიგის ფეხბურთელებმა აგუერო პირველად დაასახელეს სიმბოლურ თერთმეტეულში, არადა არგენტინელი „ეტიჰედზე” 2011 წლიდან სტაბილურად კარგად თამაშობს. აგუერო ის თავდამსხმელია, რომელმაც 2012 წელს „ქუინზ პარკ რეინჯერსის” კარში ბოლოწამს გატანილი გოლით „სიტის” მრავალი წლის მონატრებული ჩემპიონობა მოუტანა. მიმდინარე სეზონში კი კუნმა უკვე 21 გოლი შეაგდო.

დღეს, შუადღისას აგუერომ „ტვიტერზე” დაწერა: „ბედნიერი და ამაყი ვარ, პრემიერლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში რომ მოვხვდი. მადლობა. ვულოცავ ჩემს თანაგუნდელებს”.

„სიტის” გარდა სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთ გუნდს, „ტოტენჰემ ჰოთსპურს” ჰყავს ერთზე მეტი წარმომადგენელი. „სფურზიდან” სამი რჩეულია: მცველი იან ვერტონგენი, ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი და თავდამსხმელი ჰარი კეინი.

„მანჩესტერ იუნაიტედიდან” რჩეულთა შორის ერთადერთი მოთამაშე მოხვდა: მეკარე დავიდ დე ხეა. „ჩელსიდან”, მარცხენა მცველი მარკოს ალონსო.

დე ხეა ექვს წელიწადში მეხუთედ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში. მან დაწერა, რომ შედეგით ამაყობს და უხარია, რომ ინდივიდუალურად შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.

რასაკვირველია, რჩეულთა თერთმეტეულში ღირსეული ადგილი დაიკავა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა გმირმა, „ლივერპულის” ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა. მას ჯერჯერობით 30 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება წლის საუკეთესო ფეხბურთელს, მის ვინაობას კვირას, 22 აპრილს, ლონდონში დანიშნულ საგანგებო ცერემონიალზე გავიგებთ.

წილი
წინა სტატიაბაიერნში ორიათასიანელები მოდიან
შემდეგი სტატიაროცა ჯიგარი ხარ!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...