საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგი და დადებითი ემოციები გვაჩუქა. ამის მიუხედავად, ძალაში დარჩა რამდენიმე კითხვა, რაზეც პასუხმაც ხარისხობრივად სხვა დონეზე უნდა აიყვანოს ჩვენი ფეხბურთი.
რამდენ ფეხბურთელს უხმო ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ჩემპიონატიდან?
ერთს!
ვაისი უკვე საკმაოდ კარგად იცნობს ჩვენს საფეხბურთო სამზარეულოს და ეს საქართველოს პირველობისთვის გამოტანილ განაჩენს ჰგავს. მეორე მხრივ, ვერც ჩვენი კლუბების ევროგამოსვლები გვაიმედებს.
მიზეზი? გამოსავალი? არადა, კალაძე-არველაძე-კობიაშვილისდროინდელ ნაკრებშიც კი ეროვნული ჩემპიონატიდან გამოძახებულთა წილი გაცილებით დიდი იყო. მაშინ, ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე საუბარიც არ იყო. დღევანდელი მრავალმილიონიანი დოტაციებიც მხოლოდ სიზმარი იყო. მე თუ მკითხავთ, სწორედ ამ პროგრამამ, უფრო სწორად კი, ამ თანხის არამიზნობრივად ხარჯვამ დათვური სამსახური გაგვიწია.
მესმის მთავარი პრინციპი: თუ კლუბის მეპატრონე მოიზიდავს ერთ ლარს, პროგრამის ფარგლებში დაემატება წინასწარ გარკვეული თანხა… შემიძლია სამ აბზაცში აღვწერო, როგორ გავასამმაგო ქაღალდზე კლუბში მოზიდული და შესაბამისად, ბიუჯეტიდან მისაღები თანხა. კლუბებისთვის პირდაპირ ფულის მიცემა (საბიუჯეტო, ანუ „არავისი“ ფულის) არასწორი გზაა და წურბელების მომრავლებას აძლევს ბიძგს. ხომ შეიძლება, ამ თანხით უშუალოდ კომუნალური და სატრანსპორტო პრიბლემები მოვუგვაროთ, ფეხბურთელების ჯანმრთელობა დავაზღვიოთ, ამუნიცია შევუძინოთ?
ფეხბურთი სანახაობაა, შოუა და ეგებ ამას მივხედოთ? სტადიონებზე განათება დროულად მოვაწესრიგოთ, თავად სტადიონები ოჯახური ვიზიტებისთვის მისაღებ სანახაობად ვაქციოთ. დამეთანხმებით, ხელოვნური განათების ფონზე ფეხბურთი სულ სხვა სანახაობაა და მოედანზე გასულებსაც ადრენალინის სხვა დოზით ავსებს. მანამ კი ასე მგონია, საბიუჯეტო („არავისი“) ფული პამპერსის ფუნქციას ასრულებს. ხომ გინახავთ ბავშვები, სკოლამდე რომ პამპერსით დაჰყავთ მშობლებს – მშობლებიც მშვიდად არიან და ბავშვიც თამამად იფსამს…
განსაკუთრებით მაშინ, თუ პამპერსების ფულს გულუხვი ბიძია იხდის.