ფილიპე კოუტინიუ „ბარსელონაში” გადასვლიდან ექვს თვეში „ენფილდ როუდზე” დაბრუნდება. „ბლაუგრანას” ვარსკვლავი ბრაზილიის ნაკრების წევრია და ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთს გაემგზავრება.

ჩემპიონატამდე კი ბრაზილიელებს ამხანაგური შეხვედრები აქვთ დაგეგმილი. გადაწყდა, რომ მონდიალის პირველ თამაშამდე ორი კვირით ადრე „სელესაო” ხორვატებს შეხვდება. ეს მატჩი „ენფილდზე” გაიმართება, სარბიელზე სადაც კოუტინიუმ ხუთი დაუვიწყარი წელიწადი გაატარა — 2013-18 წლებში ის „ლივერპულში” თამაშობდა. ამრიგად, 3 ივნისს 25 წლის ბრაზილიელს მერსისაიდელ გულშემატკივართან გამოთხოვების შესაძლებლობა მიეცემა.

„სელესაო” 28 მაისიდან 8 ივნისამდე „ტოტენჰემის” საწვრთნელ ბაზაზე იცხოვრებს და ივარჯიშებს, შემდეგ კი ვენაში ავსტრიელებს ესპარინგება.

მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას ბრაზილია 17 ივნისს როსტოვში, შვეიცარიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მათ გარდა E ჯგუფში არიან სერბეთი და კოსტა რიკა.