წინა უქმეებზე ბებერი კონტინენტის დიდ საფეხბურთო ქვეყნებში ჩემპიონები გამოვლინდნენ და ეს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველგან დასრულებამდე რამდენიმე ტურია დარჩენილი… მართალია იტალიასა და ესპანეთში ჩემპიონის ვინაობა ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ არც ის დღეა შორს, როცა ლიდერები მორიგ ტიტულს ამ ქვეყნებშიც იზეიმებენ. მაშ ასე:

გერმანია – ბაიერნი

მიუნხენის „ბაიერნის“ ბუნდესლიგაში პირველობა რამდენიმე ტურით ადრე კი არა, ზოგადად, ჩემპიონატის დაწყებამდეა გარკვეული, ხოლმე – ასე ხდება ბოლო რამდენიმე წელიწადია.გერმანული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის ზეობაშიც სპეციალისტებს ეჭვი არ ეპარებათ. მიზეზი მარტივია – „ბაიერნი“ მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა დგას და საოცარ ფეხბურთს თამაშობს.
„ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი ახლა კი არა, ორი კვირის წინ, 28-ე ტურში გახდა, როცა მარადიული მეტოქე „დორტმუნდი“ შინ 6:0 გაანადგურა. ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი…

ინგლისი – სიტი

როგორც იქნა, პეპ გვარდიოლას ხელში „სიტიმ“ სანუკვარი ინგლისის პრემიერლიგა მოიგო, საამისოდ კი სიტის მოძულე მანჩესტერი დაეხმარა. ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა „ოლდ ტრაფორდზე“ 0:1 წააგეს გადარჩენისთვის მებრძოლ „ვესტ ბრომვიჩთან“. „სიტი“ სეუ ჟოზეს დაუხმარებლადაც გახდებოდა ჩემპიონი, მაგრამ ფაქტია, რომ არა „მანჩესტერის“ მარცხი გასულ უქმეებზე, პრემიერლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ვერ მოხდებოდა ეს ამბავი.
მოკლედ, პეპი ინგლისშიც გაჩემპიონდა, „სიტი“ ისტორიაში მესამედ გახდა ინგლისის ჩემპიონი, აი, საოცნებო ჩემპიონთა ლიგის მოგება კი ჯერჯერობით, კვლავაც ოცნებად რჩება…

საფრანგეთი – პსჟ

„პარი სენ ჟერმენის“ შემთხვევაშიც ფაქტობრივად, იგივე უნდა გავიმეოროთ, რაც ზემოთ ვთქვით, „ბაიერნთან“ დაკავშირებით – ბოლო რამდენიმე წელიწადია საფრანგეთში პარიზული კლუბი დომინირებს. აქაც, ლიგა 1-ის დაწყებამდე მიიჩნევენ სპეციალისტები პსჟ-ს ჩემპიონად და, რომ არა ჩემპიონატის ჩატარების აუცილებლობა და რეგლამენტი, ვინძლო, ოქროს მედლებიც აგვისტოშივე გადასცენ პარიზელებს.
პსჟ მართლაც უძლიერესია საფრანგეთში – უნაი ემერის ბიჭებმა წლეულს უკვე მოიგეს ქვეყნის ლიგის თასი და მაისში სავარაუდოდ, ქვეყნის მთავარ თასსაც მოიგებენ, მანამდე კი ბოლო ექვს წლიწადში მეხუთედ მოიგეს ჩემპიონობა და გუშინ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმ „მონაკოს“ გაუსწორდნენ 7:1, ვინაც შარშან სენსაციურად წაართვა ჩემპიონობა.
ერთი სიტყვით, პარიზში და საფრანგეთში პსჟ გოლაობს…

ესპანეთი – ბარსელონა?

რა თქმა უნდა, სრულიად ესპანეთში კი არა, მთელს მსოფლიოში არავის ეპარება ეჭვი, რომ ჩემპიონი „ბარსელონა“ გახდება. ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს ფაქტი, ვინმეს, ესპანეთში, ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 11-ქულიანი ჩამორჩენა გაებათილებინოს და ერნესტო ვალვერდეს შეგირდებსაც სწორედ ასეთი მარაგი აქვთ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ – მესის და კომპანიას ერთადერთი კლასიკო, მთავარი შეხვედრა აქვთ დარჩენილი მადრიდის „რეალთან“ და თუნდაც დამარცხდეს, „სელტასთან“, „დეპორტივოსთან“, „ვილიარეალთან“, „ლევანტესთან“ და „სოსიედადთანაც“ წააგებენ?!

იტალია – იუვენტუსი?

ოფიციალურად ჯერ არა, მაგრამ ინტრიგა თითქმის კი მოკვდა იტალიაში და აპენინებზე ხუმრობენ კიდეც, „იუვენტუსი“ წელსაც თუ გახდა ჩემპიონი, სჯობს ხელები ჯანლუიჯი დონარუმას დაუკოცნოსო.
და, რა შუაშია „მილანის“ მეკარე? შუაში კი არა, თავშია – რომ არა 19 წლის დონარუმას მართლაც სასწაულებრივი სეივი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე, პოლონელი არკადიუშ მილიკი გოლს გაიტანდა, „ნაპოლი“ „მილანს“ „სან სიროზე“ 1:0 დაამარცხებდა და მაურიციო სარის გუნდიც საჩემპიონო რბოლას იმედიანად გააგრძელებდა.
მართალია, ჩემპიონობისთვის ბრძოლა არც თეორიულად და არც პრაქტიკულად „ნაპოლისთვის“ არ დასრულებულა და დამდეგ უქმეებზე სწორედ „იუვე“-„ნაპოლი“ გველის და ძლიერ საეჭვოა, მასიმილიანო ალეგრის ყოჩაღმა გუნდმა 6-ქულიანი ჰანდიკაპი სერია A-ს დასრულებამდე 6 ტურით ადრე გაფლანგოს…

წილი
წინა სტატიაკვირა ბრწყინვალე, ტური – უარესი
შემდეგი სტატიასატრანსფერო ამბები
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.