რას არ გაიგებს ბრიტანული პრესა: „იუვენტუსის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი გამალებით სწავლობს ინგლისურს. იტალიელმა მწვრთნელმა პრემიერლიგაში გადასვლის ინტერესი დაუფარავად ჯერ კიდევ მარტში გამოთქვა.

ამბობენ, რომ 50 წლის სპეციალისტის მთავარი ვარიანტი „არსენალში” გადასვლაა, მაგრამ „ჩელსიც” გვარიანად აქტიურობს. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ალეგრი ერთ ტაქტიკურ სქემას მიჯაჭვული კაცი არ არის და პრემიერლიგაში არც ოთხმცველიანი გუნდის გამოყვანა გაუჭირდება და არც ხუთმცველიანის. აქამდე ალეგრის იტალიის გარდა არსად უმუშავია.

მან კარიერა დაბალი დონის გუნდებში, „გროსეტოსა” და „სასუოლოში” დაიწყო, სერია A-ში კი პირველად „კალიარის” მწვრთნელის რანგში მოხვდა. 2010 წლიდან ალეგრი სამწელიწადნახევრის განმავლობაში „მილანს” ხელმძღვანელობდა. მისი წყალობით „როსონერიმ” 2011 წელს იტალიის ჩემპიონის ტიტული და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

2014 წელს, ბევრისთვის მოულოდნელად, ალეგრი, რომელსაც ბრიტანულ პრესაში მასიმილიანოდ კი არა, ინგლისურ ყაიდაზე მაქსად მოიხსენიებენ „იუვენტუსში” გადავიდა, სადაც ანტონიო კონტე შეცვალა. „ბებერმა ქალბატონმა” მისი ხელმძღვანელობით სამჯერ მოიგო სერია A-ს ჩემპიონის ტიტული, სამჯერ იტალიის თასი და ერთხელ სუპერთასი.

თუ ამ ზაფხულს ალეგრი „ჩელსიში” გადავა, ის ბედის ირონიით კიდევ ერთხელ შეცვლის ანტონიო კონტეს.