„ბარსელონამ” „კამპ ნოუს” რეკონსტრუქციის შთამბეჭდავი გეგმა გამოამზეურა. კატალონიური გიგანტი თავისი ისედაც კოლოსალური, 90 ათასიანი სტადიონის ტევადობის 105 ათასამდე გაზრდასა და მის გარშემო ტერიტორიის განვითარებას აპირებს.
კლუბი სარბიელის განვითარებაში 600 მილიონი ევროს ჩადებას გეგმავს. მას მერე, რაც გეგმა ქალაქის საბჭოს გააცნო და შეუთანხმა, მან მომავალი „კამპ ნოუს” გამოსახულებები საჯაროდაც გამოფინა. ახლა ერთადერთი ფორმალობაღა დარჩა მოსაგვარებელი: გეგმა მუნიციპალური საბჭოს პლენარულმა სხდომამ უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ სამუშაოები დაიწყება და სავარაუდოდ 2021 წლისთვის დასრულდება.
ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც „ბარსელონა” რეკონსტრუქციით მიაღწევს ის იქნება, რომ სტადიონი ორგანულად შეერწმება ქალაქს. ის ლა მატერნიტატისა და სანტ რამონის რაიონების ნაწილი გახდება.
კლუბის წევრებისა და იმ საზოგადოებისთვის, რომელიც აქამდე „კამპ ნოუზე” მისასვლელად კერძო სივრცეებით სარგებლობდა, არაფერი შეიცვლება. სარბიელამდე მიღწევა კიდევ უფრო გაუადვილდება იმ გულშემატკივარსაც, ვინც დიაგონალიდან (ქალაქის უგრძესი კოლორიტული ქუჩაა) და სხვა უბნებიდან საქალაქო ტრანსპორტით მივა მატჩების სანახავად.
ბარსელონელთა პროექტის საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა „დეილი მეილის” სპეციალურმა კორესპონდენტმა პიტ ჯენსონმა, რომლის ტექსტის შემოკლებულ ვარიანტს ქვემოთ გთავაზობთ:
„ჩემპიონთა ლიგიდან დრამატული გამოვარდნის შემდეგ „კამპ ნოუს” განახლების პროექტის გაცნობა ბარსელონელთათვის გადართვისა და ამოსუნთქვის კარგი საშუალება გამოდგა. საკუთრივ, რეკონსტრუქციისთვისაც ზედგამოჭრილი დრო იქნა შერჩეული. ადრე თუ გვიან ხომ დადგება ის შავი დღე, როდესაც ლიონელ მესი ფეხბურთს აღარ ითამაშებს და „ბარსელონას” მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი აღარ ეყოლება, თუმცა, სანაცვლოდ მას ექნება მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი. გეგმის თანახმად რეკონსტრუქციას ოთხი წელიწადი დადასჭირდება და კლუბის ისტორიაში ერთი თავის დასასრული მეორეს დასაწყისს დაემთხვევა.
პროექტის თანხა სოლიდურია, რაც კლუბს აშკარად დააწვება მხრებზე და მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონა” ფეხბურთელების ყიდვის საქმეში ბევრ კლუბს მაინც ჩამოიტოვებს, სავარაუდოდ სატრანსფერო ბაზარზე აისახება. თუმცა, ახალი „კამპ ნოუს” პროექტი ამად ნამდვილად ღირს.
„ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ ყოველთვის ჩიოდა, რომ მათი სტრუქტურა, — როდესაც კლუბის მეპატრონეები მისი მრავალრიცხოვანი წევრები არიან, — პრემიერლიგისა თუ სხვა ლიგების კლუბებისგან განსხვავებით უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ, სტადიონზე თუ მის გარეთ კომერციული საქმიანობის გაფართოება თანხების მოზიდვის ერთერთი საშუალებაა.
ახლა დღის წესრიგში სპონსორის მოძიებაცაა, მაგრამ იმავე ესპანეთში „რეალმა”, ინგლისში კი „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” და „ვესტ ჰემმა” უკვე იწვნიეს, რომ ეს ისეთივე ძნელი საქმეა, როგორც წმინდა გრაალის მოპოვება.
„ბარსელონა” პარტნიორების დასახელებას წლეულსვე აპირებდა, მაგრამ სავარაუდოდ ამ საქმის საგაისოდ გადადება მოუწევს”.