იყო დრო, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ სიტის” ხმაურიან მეზობლებს ეძახდა — სულ ეს იყო. დღეს კი „სიტი” თითქმის ინგლისის ჩემპიონია და არა მარტო. დღეს „სიტი” ის კლუბია, რომელმაც „იუნაიტედი” შეიძლება გარკვეული ხნით შეიკედლოს კიდც.
საქმე ის არის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „ოლდ ტრეფორდის” რკონსტრუქციას აპირებს და სანამ „ოცნებათა თეატრში” ფეხბურთელების ნაცვლად მშენებლები იტრიალებენ, გუნდს სხვაგან მოუწევს თამაში.
როგორც „სანმა” შეიტყო, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი „იუნაიტედის” „ეტიჰედზე” გადასვლაა, თუმცა „სიტის” მეპატრონეები გულუბრყვილო ხალხი არ არის და მათი სარბიელის ქირაობას ტიტულოვან მეზობელს გვარიან თანხას დაუსვამენ. სხვათა შორის, „იუნაიტედისთვის” „სიტისთან” შეკედლება უცხო არ გახლავთ. 1941 წელს, გერმანელებმა „სტრეტფორდი” დაბომბეს და მანჩესტერული გუნდები რვა წლის განმავლობაში „სიტის” ძველ სტადიონზე, „მეინ როუდზე” თამაშობდნენ ერთად.
„იუნაიტედის” დირექტორმა რიჩარდ არნოლდმა გეგმებზე ცოტა უფრო დეტალურად ილაპარაკა:
„ჩვენ სერ ბობი ჩარლტონის სახელობის ტრიბუნის გადიდებას ვაპირებთ, რაც ინჟინრულად რთული ოპერაციაა. რეკონსტრუქიას რამდენიმე სეზონი დასჭირდება და ამ ხნის განმავლობაში გუნდის სხვაგან გადასვლა იქნება საჭირო. „მანჩესტერ იუნაიტედს” ინგლისში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ ლონდონელები არ ვართ. ლონდონელები რომ ვიყოთ, „უემბლის” ვიქირავებდით”.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გეგმაა, რეალური კი ის არის, რომ მომავალი სეზონიდან „ოლდ ტრეფორდის” ტევადობა 74 994-დან 73 300-მდე შემცირდება, რადგან მცირე რეკონსტრუქციის შედეგად სტადიონს შშმ პირთა ადგილები დაემატება. არადა, „მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარს სურს ქვეყანაში ყველაზე დიდი სტადიონი ჰქონდეს.