ფრანკფურტის „ინტრახტის” სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი განრისხდა. 46 წლის ჩინოვნიკი მისი გუნდის მწვრთნელის, მისი თანატოლი ნიკო კოვაჩის „ბაიერნთან” გარიგებამ აღაშფოთა. მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კოვაჩმა და „ბაიერნმა” დადეს პირობა, რომლის თანახმადაც მომავალი სეზონიდან „რეკორდმაისტერს” ხორვატული წარმოშობის გერმანელი უხელმძღვანელებს. სხვა სიტყვებით, კოვაჩი „აინტრახტიდან” მიდის. ის ბავარიელებთან 2021 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს.

ნიკო კოვაჩი და ფრედი ბობიჩი

ბობიჩის აღშფოთება კერძოდ აი, რამ გამოიწვია: ის დანიაში იყო, სადაც „ბრონდბიუს” მეკარეს, 25 წლის ფრედერიკ რონოუს ფრანკფურტში გადასვლაზე მოელაპარაკა, შინ დაბრუნებულს კი შოკისმომგვრელი ამბავი დახვდა — ზურგსუკან მწვრთნელი გაპარვია.

ბობიჩი განსაკუთრებით „ბაიერნზე” გაბრაზდა: „სულ მცირე უნდა დაერეკათ მაინც. ესეც კი არ გააკეთეს. ასეთ საქციელს მე პატივს ვერ ვცემ. კოვაჩის გადაბირების მთელი პროცესი ძალიან ეჭვისამღძვრელი და არაპროფესიულია. მაგრამ რას იზამ, ისინი ხომ ბავარიელები არიან, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და რაც სურთ იმას აკეთებენ. არადა, არის ბევრი რაღაც, რაც მე და ბუნდესლიგის სხვა კოლეგებს არასდროს გვიკადრია”.

„ბილდი” ვარაუდობს, რომ ბობიჩი ალბათ მოვლენათა ნაადრევმა გასაჯაროებამ გააბრაზა.

ფრედი ბობიჩი მარიბორში დაბადებული მამით სლოვენი და დედით ხორვატი ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი და საფეხბურთო მოხელეა.