ა, ძმაო, კაცი! “რომას” პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა მყავს მხედველობაში. ისე, მის ადგილას რომ ვყოფილიყავი და ჩემს გუნდს 1:4 მარცხის შემდეგ “ბარსელონა” 3:0 დაემცირებინა, თავადაც ვერ მოვთოკავდი ემოციას. შეგახსენებთ: ფეერიული გამარჯვების შემდეგ სინიორ პალოტა ფანებს შეუერთდა პიაცა-დელ-პოპოლოზე (სახალხო მოედანი) და შადრევნის აუზში გადაეშვა.
მეორე დღეს “რომას” პრეზიდენტი დედაქალაქის მერს – ვირჯინია რაჯის შეხვდა. ჯეიმსს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააჯარიმებენ.
ჯეიმს პალოტა: “მადლობა მერს დამსახურებული ჯარიმისთვის, მაგრამ 450 ევრო ძალიან მცირეა ჩემს აღტაცებასთან შედარებით”. ვირჯინია რაჯი: “ჩვენ ვისაუბრეთ და მან ბოდიში მოიხადა. კარგად ესმის, როგორი მაგალითი უნდა მისცეს სხვებს და ჯარიმასაც აუცილებლად გადაიხდის.”
სინიორ პალოტამ საჯაროდაც მოიხადა ბოდიში და რადგან 450-ევროიანი ჯარიმა ეცოტავა, 230 000 ევროც წაამატა – დიდი ხანია, რომის პანთეონის წინ არსებული შადრევანი რესტავრაციას საჭიროებს და ჩემზე იყოსო. რა გითხარით, მაგარი კაცია მეთქი?!