„რეალისა” და „იუვენტუსის” მეოთხედფინალური მატჩის ბოლო წამზე ტურინელთა კარში დანიშნული პენალტის გამო დავა-კამათი გრძელდება. ამ პენალტის წყალობით მადრიდელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათ „ბაიენთან” მოუწევთ დაპირისპირება. რამდენად სამართლიანად დანიშნა ინგლისელმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა ჯანლუიჯი ბუფონის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა? ეს კითხვა „იუვენტუსისა” და „მილანის” ყოფილ ფეხბურთელს, იტალიური ფეხბურთის ვეტერანსა და ვარსკვლავს, ჩემპიონთა ლიგის ორგზის მფლობელსა და მსოფლიოს ჩემპიონს ანდრეა პირლოსაც დაუსვეს.
„იყო თუ არა პენალტი? ალბათ, იყო, — უპასუხა პირლომ, რომელიც 21 მაისს გამოსათხოვარ მატჩს გამართავს, — მაგრამ, ბუფონისაც მესმის. მის ადგილზე მეც გავგიჟდებოდი. ვფიქრობ ჯიჯიმ გადააჭარბა, როდესაც მომხდარი მსოფლიო სპორტში ჰუმანიზმის წინააღმდეგ გალაშქრებად დახატა, მაგრამ მის მდგომარეობაშიც შევდივარ. ჩემპიონთა ლიგაში ეს მისი ბოლო თამაში იყო და გამარჯვება სწყუროდა. ერთი სიტყვით, იმ პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში მსაჯსაც შეუძლია ასეთი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავოს.
გავარდნა მძიმე იყო, იმედგაცრუება ჯერ კიდევ იგრძნობა, მაგრამ ორიოდ დღეში „იუვეს” სერია A-ზე და იტალიის თასზე მოუწევს ფიქრი. მე ფინალის ელჩად დამნიშნეს და „მილანსა” და „იუვენტუსს” შორის ჩემს ფავორიტს ვერ ავირჩევ”.
იტალიის თასის ფინალი რომის „სტადიო ოლიმპიკოზე” 9 მაისს გაიმართება. „იუვენტუსი” „მილანს” ხვდება.