„ბაიერნმა” „აუგსბურგს” 4:1 მოუგო და ოცდამერვედ მოიგო ბუნდესლიგის სასალათე. ბავარიელებისთვის ეს ზედიზედ მეექვსე ჩემპიონობაა. მაგრამ, ის რაც უხარიათ მიუნხენში, დანარჩენ გერმანიაში მოსაწყენად მიაჩნიათ — სეზონის დასრულებამდე ხომ კიდევ კიდევ ხუთი ტურია, რომელსაც აზრი მხოლოდ ქვედა ადგილების გადანაწილებისთვის დარჩენია. მთავარი ინტრიგა კი აღარ არის. სწორედ ამიტომ დაიწყეს ლაპარაკი ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებაზე — მავანთ რეგულარული ეტაპის შემდეგ ფლეი-ოფის დამატება უნდათ.
ახალი პროექტის შესახებ „ზიუდდოიჩე ცაიტუნგის” კორესპონდენტი „ბაიერნის” პრეზიდენტ ული ჰიონესს ელაპარაკა.
„ფორმატი იმიტომ უნდა შევცვალოთ, რომ სხვა გუნდები ვერ გვიტოლდებიან, ფლეი-ოფის შემთხვევაში კი კვლავ შანსი მიეცემათ?, — კითხვას კითხვით უპასუხა ჰიონესმა, — ეს ხომ სრული უსამართლობა იქნება. განა „ბაიერნმა” ჩემპიონობა უკანონო გზებით მოიპოვა?
ჩვენ სეზონის დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე მოვიპოვეთ ტიტული, რითაც ძალიან გავიხარეთ, მაგრამ მახსოვს ფეხბურთელობის წლებში მქონია შემთხვევა, როდესაც ჩემპიონი ბოლო ტურის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე გავმხდარვარ. ესეც შესანიშნავი განცდა იყო. თუმცა, ახლა საკითხს პრაქტიკულად შევხედოთ: დღეს „ბაიერნი” გერმანიის თასის ნახევარფინალისტია და დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგაშიც ნახევარფინალში გავიდეს. როგორ წარმოგიდგენიათ, ბუნდესლიგის ფლეი-ოფებიც რომ დაგვემატოს, როდის და როგორ უნდა ვითამაშოთ? როგორ ფიქრობთ, ჯერ ბუნდესლიგის ფლეი-ოფის ერთი თამაში უნდა ჩავატაროთ, მერე, ვთქვათ, ჩემპიონთა იგი ფინალის სათამაშოდ გავიქცეთ და მერე საპასუხო შეხვედრაზე გამოვქანდეთ?
ჩემი რწმენით გამოსავალი ერთია — სხვა გუნდებმა უნდა იმუშაონ უკეთ. ის, რასაც „ბაიერნმა” მიაღწია დიდი შრომის შედეგია. ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენ არ გვყავს გამორჩეული შესაძლებლობების მქონე პატრონი, რომელიც ფულს გვაყრის. არც ესა თუ ის ამერიკელი მემკვიდრე გვეხმარება. ჩვენ 40 წელიწადია მიზანმიმართულად ვმუშაობთ და შედეგს ამით ვაღწევთ”.